„შეერთებულმა შტატებმა რამზან კადიროვი სანქცირებულ პირთა სიიდან ამოიღო“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსულ მედიასივრცეში (ტელეგრამ-არხები, საინფორმაციო სააგენტოები და ა.შ) გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირთა სიიდან ამოიღეს.

რუსული მედიასაშუალებების მტკიცებით,  აღნიშნული ინფორმაცია 14 ნოემბერს აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გადამოწმებული: 1tv.ge

14 ნოემბერს, აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა შეტყობინება რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სიაში ცვლილებების შეტანის შესახებ. დოკუმენტში, კერძოდ, ნათქვამია, რომ OFAC-მა დააწესა სანქციები „ტრანსნაციონალური ტექნოლოგიების შესყიდვების ქსელის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“, ასევე „ფინანსური შუამავლების, თანაშემწეების და კრემლის იმ ორ მთავარ ელიტას მიკუთვნებული პირების მიმართ, ვისი ქონებაც დასავლეთთან არის დაკავშირებული“.

ასეთ პირებად დასახელებულნი არიან: საინვესტიციო კომპანიის Bonum Capital-ის მფლობელი მურად ალიევი, ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან, აგრეთვე რამზან კადიროვთან დაკავშირებული ბინესმენის, სულეიმან ქერიმოვის ნათესავები, შვეიცარიელი ბიზნესმენი ალექსანდრე შტუდჰალტერი და სხვები.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სანქციების სიაში განხორციელდა ცვლილებები რამზან კადიროვთან მიმართებაში. კერძოდ, კადიროვის სახელის („KADYROW, Ramzan Achmatowisch“) ტრანსლიტერაცია შეიცვალა „KADYROV, Ramzan Akhmadovitch“-ით.

სწორედ ამ ცვლილებებზე „დაყრდნობით“ გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია სანქცირებულ პირთა სიიდან რამზან კადიროვის ამოღების შესახებ.

იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ნამდვილად არ არის ამოღებული აშშ-ს მიერ სანქცირებული პირების სიიდან, Sanctions List Search-ის საძიებო ინსტრუმენტის გამოყენებით შეიძლება. ეს არის OFAC-ის მონაცემთა ბაზა ყველა იმ სუბიექტის შესახებ, რომლებიც აშშ-ის სანქციებს ექვემდებარებიან. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ეს მონაცემთა ბაზა „ხშირად ახლდება და ყოველთვის შეიცავს OFAC-ის სანქციების ბოლო ვერსიას“. ანუ, თუ აშშ-მა რამზან კადიროვი სანქცირებულთა სიიდან ამოიღო, მის შესახებ ინფორმაცია სანქციების სიის საძიებო ბაზაში არ გამოჩნდება.

ამ მონაცემთა ბაზაში კადიროვის სახელის ლათინურად(“KADYROV”) შეყვანის შემთხვევაში კი ჩეჩნეთის ხელმძღვანელის პროფილის პოვნა საკმაოდ მარტივია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსულ მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „შეერთებულმა შტატებმა რამზან კადიროვი სანქცირებულ პირთა სიიდან ამოიღო“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით