

მოწოდებული ინფორმაცია
2023 წლის 25 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი შემოაქვთ და ეს რკინიგზით ხდება“.
„მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ 2023 წლის თებერვლიდან დაწყებული, საქართველოში ყოველდღიურად ათეულობით ტონა რუსული სანქცირებული ნავთობი შემოდის. საბუთებით დგინდება, რომ ნავთობის შემოტანას ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი განაგებს… ერთ-ერთი შემსყიდველი კომპანია ზდ ოილია, რომელსაც ოლიგარქის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი კურირებს. სქემის მიხედვით, სანქცირებული „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ ნავთობი მოაქვთ „ზდ ოილი“ს საცავში“, – ნათქვამია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელეკომპანია ,,ფორმულას“ მიერ 25 მარტს გავრცელებულ ზემოთ მოყავანილ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მტკიცება, თითქოს, „წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურდებს, რომ საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი რკინიგზით შემოაქვთ“, – არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია.
უწყების განმარტებით, „საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ზემოაღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი ან მტკიცებულება“.
„საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შექმნილია შესაბამისი უფლებამოსილების სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე, ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების მკაცრ კონტროლს და პრევენციულ საქმიანობას. აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა ახალი ერთიანი რისკის პროფილები, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები.
2022 წლის ივნისში, ევროკავშირის საბჭომ (Council of the European Union) მიიღო სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც, სხვა შეზღუდვებთან ერთად, კრძალავს საზღვაო გზით გადაზიდული ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების შესყიდვას, იმპორტს ან გადატანას რუსეთიდან ევროკავშირში. 2022 წლის 5 დეკემბრიდან შეზღუდვები ვრცელდება ნედლ ნავთობზე, ხოლო 2023 წლის 5 თებერვლიდან – სხვა რაფინირებული ნავთობპროდუქტებზეც. აღნიშნული აკრძალვის ამოქმედებასთან ერთად, სანქციების მეცხრე პაკეტით ევროკავშირმა – დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, დაამტკიცა ზღვრული ფასები ზღვით გადაზიდულ რუსულ ნედლ ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, აკრძალვა ეხება რუსული ნავთობროდუქტების საზღვაო გზით ტრანსპორტირებას მესამე ქვეყნებში, თუ აღნიშნული შეძენილია ნავთობის ფასის ზღვარზე ან ზემოთ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აკრძალვა არ ვრცელდება, თუ რუსული ნედლი ნავთობი ან ნავთობპროდუქტები გადაადგილდება არასაზღვაო გზით (სარკინიგზო გზით) ან შეძენილია ნავთობპროდუქტებზე დაწესებული ზღვრული ფასის ქვემოთ“, – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება ასევე განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები „ფორმულას“ მიერ მითითებულ კომპანიაზე („ზედე ოილი“), ასევე მის ტვირთსა და მფლობელებზე არ ვრცელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში.
„სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ შესაბამის უწყებასთან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რაც ზემოაღნიშნული მედია საშუალების მხრიდან, სამწუხაროდ, არ მომხდარა“, – აცხადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „საქართველოში რკინიგზით რუსული სანქცირებული საწვავი შემოდის“, არის სიყალბე.