„საქართველო თავისი ფულით ამერიკელებისგან ყიდულობს იარაღს და მას ავღანეთის ომში იყენებს“

მოწოდებული ინფორმაცია

ინტერნეტგამოცემა geworld.ge-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ გენერალ-ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილთან, რომელიც ასევე გავრცელდა სხვა საინფორმაციო საშუალებების (osinform.org, eadaily.com) მიერ.

გურან ნიკოლაიშვილი, სამხედრო სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობაზე საუბრისას, აცხადებს: „საქართველოს ხელისუფლება ამაყობდა და ამაყობს „ჯაველინებით“, რომლის შესყიდვა, თუ არ მეშლება, 2018 წლიდან დაიწყო. მათი გარკვეული რაოდენობა უკვე გამოიყენებოდა ავღანეთში. უფრო ზუსტად, მათი შესყიდვა მოხდა ავღანეთში გამოსაყენებლად. ანუ, ჩვენ საკუთარი ფულით ამერიკელებისგან ვყიდულობთ იარაღს და მას ვიყენებთ ომში, რომელთანაც არაფერი გვაკავშირებს“.

გადამოწმებული: 1tv.ge

ინტერნეტგამოცემა geworld.ge-ისა და სხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული გენერალ-მაიორ გურამ ნიკოლაიშვილის განცხადებები „ანტიფეიკმა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში  გადაამოწმა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მტკიცება, თითქოს, საქართველოს მიერ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის შეძენილი ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღი „ჯაველინი“ ავღანეთის მისიაში გამოიყენება, „ცალკეული პირების მიერ დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებას წარმოადგენს“.

„მსგავსი „ფეიკნიუსის“ გავრცელების მიზანია, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ პარტნიორების (მათ შორის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების) მხარდაჭერა ემსახურება არა საქართველოს გაძლიერებას, არამედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და რესურსების სხვა მიზნებისთვის გამოყენებას. დეზინფორმაციის გამავრცელებლებისთვის კარგად ცნობილია, რომ საქართველოს მიერ შეძენილი თანამედროვე თავდაცვითი შესაძლებლობები მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს თავდაცვის ამოცანების შესრულებასა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ეს პროცესი, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და ხელს შეუწყობს ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას“, – განუცხადეს „ანტიფეიკს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტში.

ამდენად, რიგი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული გენერალ-მაიორ გურან ნიკოლაიშვილის განცხადება („საქართველო თავისი ფულით ამერიკელებისგან ყიდულობს იარაღს და მას ავღანეთის ომში იყენებს“), არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით