რუსული მითები ნატო-ს შესახებ

მოწოდებული ინფორმაცია

აღმოსავლეთის მიმართულებით ნატო-ს გაფართოების პროცესი რუსეთის ფედერაციის მხრიდან მძაფრ წინააღმდეგობას აწყდება. მრავალი წელია, ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, ეს პროცესი რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა.  უკანასკნელ წლებში, რუსეთის ქმედებების შედეგად, ალიანსსა და კრემლს შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ნატო, როგორც მტრის ხატი, კრემლისთვის კვლავ აქტუალურია.

„ანტიფეიკი“ დაინტერესდა, თუ რა „არგუმენტები“ გააჩნია რუსეთის ფედერაციას ნატო-ს წინააღმდეგ.

გადამოწმებული: 1tv.ge

რუსეთის მიერ ნატო-ს წინააღმდეგ გავრცელებული მითების შესახებ განმარტება ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერზეა მოცემული:

მითი 1. ბალტიისპირეთის რეგიონში ნატო-ს ძალების ყოფნა სახიფათოა – რეალობა კი ის არის, რომ ნატო-ს ძალების ბალტიისპირეთის რეგიონში ყოფნა უსაფრთხოების შეცვლილმა გარემომ განაპირობა და ის თავდაცვით ხასიათს ატარებს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული მოქმედებების გამო, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მოითხოვეს ნატო-ს ძალების წარმომადგენლობის გაზრდა და 2016 წელს ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში 4 მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი განლაგდა. 2017 წლისთვის ამ ჯგუფებს უკვე სრული ოპერატიული მზადყოფნა გააჩნდათ. ნატო-ს ძალების რეგიონში ყოფნა მიმღები ქვეყნების თხოვნით არის განპირობებული და მოსახლეობისთვის საკუთარი ქვეყნის დაცვასთან ასოცირდება. უფრო მეტიც, სრული გამჭვირვალობისთვის, მიმღებმა ქვეყნებმა – ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ 2017-2018 წლებში რუსეთის ინსპექტორების ჯგუფსაც უმასპინძლეს. ინსპექტორებმა სამხედრო ობიექტები მოინახულეს, მათ შორის ის ობიექტებიც, რომელსაც  მრავალეროვნული საბრძოლი ჯგუფებიც გამოიყენებენ. 

მითი 2. ნატო-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება – ნატო-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა უკიდურესად თავდაცვითი ხასიათისაა და არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, აშშ-სა და მიმღებ ქვეყნებს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულების თანახმად, ამ ობიექტების თავდაცვის გარდა, სხვა მიზნებით გამოყენება დაუშვებელია.  სისტემის მთავარი ამოცანა ალიანსის არაწევრი ქვეყნების მხრიდან ბალისტიკური  სარაკეტო თავდასხმის მოგერიებაა, ხოლო ნატო, თავის მხრივ,  არაერთხელ ეცადა რუსეთთან ამ სფეროში თანამშრომლობას.

მითი 3. ნატო ცდილობდა რუსეთის იზოლირებასა და მარგინალიზაციას – რეალობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ორ ათეულ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ნატო ცდილობდა რუსეთთან თანამშრომლობას. ეს პროცესი ჯერ კიდევ 1990 წელს დაიწყო, როდესაც ლონდონში უმაღლესი დონის შეხვედრაზე , ნატო-მ რუსეთს, კონფრონტაციის ნაცვლად, ურთიერთობების დარეგულირებისკენ მოუწოდა. მომდევნო წლებში, დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეიქმნა პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ და ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო, რომელიც ევროპის ყველა სახელმწიფოსთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც, ღია იყო. 1997 წელს ნატო-სა და რუსეთს შორის ხელი მოიწერა ფუძემდებლურ აქტს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, რომლის საფუძველზეც შეიქმნა რუსეთი-ნატო-ს  მუდმივმოქმედი საბჭო (2002 წლიდან: რუსეთი-ნატო-ს საბჭო). მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის უკრაინაში აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, 2014 წლის მარტიდან ნატო-მ მოსკოვთან პრაქტიკული თანამშრომლობა შეწყვიტა, თანამშრომლობის არხები კვლავ ღია რჩება. ნატო-ს არ სურს კონფრონტაცია, თუმცა, მისთვის მიუღებელია რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები, რაც საფრთხეს უქმნის ალიანსის  სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. 

მითი 4. ნატო დაპირდა რუსეთს, რომ „ცივი ომის“ შემდგომ არ გაფართოვდებოდა – ნატო-ს წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებენ და წერილობითი ფორმით ადასტურებენ. არანაირი წერილობითი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, არ არსებობს. ნატო-ს ხელმძღვანელი პირების მიერ გაცემული დაპირება ვერ შეცვლის კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების პროცესს და არ წარმოადგენს ალიანსის ოფიციალურ შეთანხმებას. 

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დამფუძნებელი დოკუმენტის მე-10-ე მუხლის თანახმად ხორციელდება, სადაც ნათქვამია, რომ ნატო-ს წევრობა ღიაა ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელსაც შეუძლია ამ ხელშეკრულების პრინციპების განვითარება და უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანა. ნებისმიერი გადაწყვეტილება წევრობის შესახებ წევრი ქვეყნების საერთო თანხმობის საფუძველზეა დამყარებული. ეს მუხლი არ შეცვლილა და 1949 წლიდან 30-მა სახელმწიფომ გააკეთა თავისუფალი არჩევანი ალიანსის წევრობის სასარგებლოდ, რაც მათი სუვერენული უფლებაა. 

5. ნატო გარს ერტყმის რუსეთს – ამ მითს გეოგრაფიაც აბათილებს. რუსეთის სახმელეთო საზღვარი 20 000 კილომეტრზე მეტია, საიდანაც ნატო-ს წევრ ქვეყნებს მხოლოდ 1200 კილომეტრზე ოდნავ მეტი ესაზღვრება. რუსეთს სახელმწიფო საზღვარი 14 ქვეყანასთან აქვს და მათგან ნატო-ს წევრი 5-ია. ხოლო ალიანსის საზღვრებს გარეთ ნატო წარმომადგენლობას მხოლოდ კოსოვოსა და ავღანეთში ინარჩუნებს და ორივე მათგანს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მიერ დამტკიცებული მანდატი გააჩნია, რომლის წევრიც რუსეთიც არის. ხოლო რუსეთს, თავის მხრივ, ბაზები 3 ქვეყანაში – საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ჰყავს განლაგებული ამ სახელმწიფოების თანხმობის გარეშე. 

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით