„პანდემიის დროს, საზოგადოებრივ არხზე, უმცირესობების ენებზე არ გაკეთდა პროგრამები, თუ რა ხდებოდა საქართველოში"

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 25 ივნისს, პარლამენტის წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ, სესიაზე განაცხადა, რომ „პანდემიის დროს, საზოგადოებრივ მაუწყებელზეც კი არ გაკეთებულა პროგრამები უმცირესობების ენებზე, იმისთვის, რომ მათ გაეგოთ რა ხდებოდა საქართველოში.”

 

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის საპასუხოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინფორმირებულობის, მათი მედიასივრცეში ინტეგრირების, მათზე და მათთვის გასაგებ ენაზე მედიაპროდუქციის მომზადების მიზნით, გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდ 1tv.ge-ზე შესაძლებელია შვიდ ენაზე ახალი ამბების გაცნობა. ვებპლატფორმა საინფორმაციო სააგენტოს ფორმატში მუშაობს – ქართულ, აფხაზურ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, 24-საათიან რეჟიმში.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამზადებს ყოველდღიურად ოთხ საინფორმაციო გამოშვებას აზერბაიჯანულ ენაზე:

„მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე 12:00 საათზე
„მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე 15:00 საათზე
„მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე 18:00 საათზე
„მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე 20:00 საათზე

ოთხ საინფორმაციო გამოშვებას სომხურ ენაზე:

„მოამბე“ სომხურ ენაზე 12:00 საათზე
„მოამბე“ სომხურ ენაზე 15:00 საათზე
„მოამბე“ სომხურ ენაზე 18:00 საათზე
„მოამბე“ სომხურ ენაზე 20:00 საათზე

აღნიშნული საინფორმაციო გამოშვებები ტრანსლირდება შესაბამისი ონლაინპლატფორმით, ასევე – ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ტელევიზიების მეშვეობით.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს – მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ სინქრონულ თარგმანს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

21:00 საათიანი „მოამბის“ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სინქრონული თარგმანი, სეტტოპბოქსების მეშვეობით გავრცელების პარალელურად, ხორციელდება საზოგადოებრვი მაუწყებლის ვებგვერდის შესაბამის ენობრივ განყოფილებებში, პირდაპირი ეთერის, ასევე, სოციალური ქსელების მეშვეობით.

„მოამბის“ სინქრონიულ თარგმანს ახორციელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფი „მრავალფეროვანი საქართველო“. მთავარი გამოშვების სინქრონული თარგმანი ასევე ტრანსლირდება რეგიონული ტელევიზიების მეშვეობით.

ჯგუფი „მრავალფეროვანი საქართველო“, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, ამზადებს ქართული ენის გაკვეთილებს არაქართულენოვანი სკოლებისთვის. „პირველი არხი – ტელესკოლის“ დაარსების დღიდან, ეთერში გადის ქართული ენის ტელეგაკვეთილები არაქართულენოვანი სკოლებისთვის. კვირაში მზადდება ხუთი გაკვეთილი, გაკვეთილები მოიცავს ენის სწავლის სამ დონეს, პროფესიულ ქართულ ენასა და ლიტერატურის დროს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფი „მრავალფეროვანი საქართველო“ ახორციელებს პროექტს „ჩვენი ქართული ენა“.

„ჩვენი ქართული ენა“ ამერიკის შეერთბული შტატების საელჩოს დახმარებით ხორციელდება და მიზნად ისახავს არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის პოპულარიზაციას.

პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ ითვალისწინებს არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინოლიმპიადის ჩატარებას, თავისუფალი თემის კონკურსს, ფეისბუქვიქტორინებს და სახელმწიფო ენის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობას.

პროექტის მთავარი მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია არაქართულენოვან სკოლებში და იმ რეგიონებში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. პროექტის ფარგლებში, რეგიონებში რეგულარულად ტარდება შეხვედრები მოსწავლეებთან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის უმცირესობებისა და უმცირესობების ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტები საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა მაყურებლისთვის ყველა პლატფორმაზე, სადაც აღნიშნული პროდუქტია განთავსებული.

კორონავირუსის პანდემიის პირველივე დღიდან, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყო პანდემიასთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაციის უმცირესობების ენებზე თარგმანი და გავრცელება. აღნიშნული ინფორმაცია, მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები და წესები ითარგმნებოდა უცირესობების ენებზე და თავსდებოდა მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე, მათ შორის – პირველი არხის საეთერო ბადეშიც.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის უმცირესობების თემატიკა პრიორიტეტულია. პირველი არხის ყველა გადაცემაში უმცირესობების სოციალური, კულტურული საკითხები არის ინტეგრირებული. უმცირესობებისთვის ყველა საინტერესო თემა შუქდება, მზადდება სხვადასხვა გადაცემა და სიუჟეტი.

ამდენად, დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის განცხადება, რომ „პანდემიის დროს, საზოგადოებრივ მაუწყებელზეც კი არ გაკეთებულა პროგრამები უმცირესობების ენებზე, იმისთვის, რომ მათ გაეგოთ, რა ხდებოდა საქართველოში”, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით