მოწოდებული ინფორმაცია
„ტვიტერის“ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეორგოლი, რომლის თანახმად, „ნიკოლაევის ოლქში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი დაწვეს“. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს ძალოვნებმა ან ეკლესიიდან განდგომილებმა გააკეთეს.
„უკრაინაში კიდევ ერთი მართლმადიდებლური ეკლესია დაწვეს – ნიკოლაევის ოლქში ეკლესია გაანადგურეს. ამჯერად სისასტიკე უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის ტაძარს დაატყდა თავს. კადრებში ჩანს, როგორ უყურებს შეძრწუნებული ხალხი ცეცხლმოკიდებულ ეკლესიას, რომელიც უსაფრთხოების ძალებმა ან სქიზმატიკოსებმა დაწვეს“, – აღნიშნულია „ტვიტერის“ ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადამოწმებული: 1tv.ge
აღნიშნული ინფორმაცია voxukraine.org-მა Yandex Photo-ს გამოყენებით გადაამოწმა.
ძიების დროს, ყურადღება მიიპყრო საიტმა, რომელმაც ქალაქ ასტრახანის (რუსეთი) 2013 წლის 25 იანვრის ახალი ამბები გააშუქა. იმ დღის ახალ ამბებს შორის კი აღმოჩნდა რეპორტაჟის ბმული სოფელ ილინკას ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შესახებ. ვიდეოში ჩანს იგივე კადრები, რომლებიც „ტვიტერის“ ქსელში გავრცელებულ მასალაშია.

ვინაიდან ასტრახანში 2013 წლის 25 იანვარს დამწვარი ეკლესიის კადრები გასაღებულია 2023 წლის აპრილში ნიკოლაევის ოლქში მომხდარად, შესაბამისად, „ტვიტერის“ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ნიკოლაევის ოლქში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი დაწვეს“, არის სიყალბე.