ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ გატანილი პირველი გოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიუძღვნა...

მოწოდებული ინფორმაცია

სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იტალიურმა გამოცემა „Mattino di Napoli“-მ გაავრცელა  „ვერონა“-„ნაპოლის“ საფეხბურთო მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გაკეთებული განცხადება.

„მინდა ეს გოლი მივუძღვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტს. რომ არა ის, მე დღეს ფეხბურთელი არ ვიქნებოდი… ჩემი კარიერის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის ვგრძნობდი ბატონი მიხეილის უხილავ მხარდაჭერას… ერთი ხანობა გადაწყვეტილიც კი იყო უკრაინულ კლუბში ჩემი გადასვლა, მაგრამ ომმა ეს გეგმები ჩაშალა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ბატონი მიხეილს კავშირების მეშვეობით, მალე ჩემით ნაპოლი დაინტერესდა და როგორც ხედავთ, მეც აქა ვარ.

პოლიტიკიდან შორს ვარ და არ მაინტერესებს, რა როგორ და რისთვის მოხდა, მაგრამ მინდა ბატონ პრეზიდენტს დავუბრუნო ის სიკეთე, რაც მან ჩემთვის სრულიად უანგაროდ აკეთა და ამიტომ არ მინდა, ის პატიმრობაში იმყოფებოდეს და როდესაც ის თავს დააღწევს ციხეს, მე მას აუცილებლად ჩემს მაისურს ვაჩუქებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას, ხოლო გავრცელება „Mattino di Napoli“-ს მიეწერება.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკმა“ გადაამოწმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია და გამოარკვია, რომ იტალიურ გამოცემას მსგავსი რამ არ გაუვრცელებია.

„ვერონა“-„ნაპოლის“ მატჩის დასრულების შემდეგ, „Mattino di Napoli“-მ ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე მასალაში მოიხსენია, მაგრამ სტატიები შეეხებოდა ქართველი ფეხბურთელის მიერ გოლის აღნიშვნას, მის „სუპერდებიუტს“, სოციალურ ქსელებში „ვირუსულ გამოხმაურებებს“, თავად ხვიჩას მიერ გაკეთებულ ჩანაწერს („ყოველი დღე კარგია, მაგრამ რომელიღაც სხვებზე უკეთესია“), აგრეთვე ვიდეო-რგოლს, რომელშიც ნაჩვენებია ხვიჩას ემოცია გოლის შემდეგ და ა.შ.

ამდენად, სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას და იტალიური გამოცემა Mattino di Napoli“-ს სახელით გავრცელებული ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია (ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ გატანილი პირველი გოლი საართველოს მესამე პრეზიდენტს მიუძღვნა…) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით