„ხულოში „ქართულმა ოცნებამ“ კიბის მოწყობაში 2 მილიონი ლარი დახარჯა“

მოწოდებული ინფორმაცია

„ტვ 25“-ზე გასული სიუჟეტის თანახმად, ხულოში 2 მილიონი ლარი დაიხარჯა კიბის მოწყობაზე, რომლის მთავარი დანიშნულება გზაზე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვაა.

მოგვიანებით, გარკვეული პერიოდულობით, ეს ინფორმაცია სხვადასხვა ფეისბუქგვერდზეც ვრცელდებოდა, რომლებშიც ხაზგასმული იყო, რომ  საავტომობილო გზაზე დადგმული კიბე ტურისტებს ღირსშესანიშნაობა ჰგონიათ და ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ხელისუფლების არაკომპეტენტურობის ბრალია.

ინფორმაციას „იუთუბზე“ უკვე 14 000-მდე ნახვა აქვს.

გადამოწმებული: 1tv.ge

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, „ანტიფეიკი“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ნური გორგაძემ დაგვიდასტურა, რომ აღნიშნული კიბის აშენებაში 2 მილიონი ლარი არ დახარჯულა და მისი აგება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში არ მომხდარა.

როგორც „ანტიფეიკს“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, 2011 წლის 15 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N306 ხელშეკრულების პირობის თანახმად, დაბა ხულოში, რუსთაველისა და შინდისის გმირების (ყოფილი სტალინის ქუჩა) ქუჩებზე მოეწყო 2 ერთეული საყრდენი კედელი და აღმაშენებლის ქუჩაზე კიბის უჯრედი. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 16 787 ლარს, აქედან კიბის უჯრედის მოწყობისათვის გაიხარჯა 2704 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხით (14 083 ლარი) მოეწყო საყრდენი კედლები.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კიბის მშენებლობა 2012 წლის ივნისში დამთავრდა.

შესაბამისად, „ტვ-25“-ის მიერ და „ფეისბუქის“ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია („ხულოში „ქართულმა ოცნებამ“ კიბის მოწყობაში 2 მილიონი ლარი დახარჯა“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით