მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 21 ივლისს, „მთავარი არხის” ცხრა საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი –„ხელოვნების მუზეუმს ანგრევენ”.

საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა მაყურებელს აცნობა: „კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და დედაქალაქის შუაგულში მდებარე ხელოვნების მუზეუმი დაინგრევა. ლაპარაკია შენობაზე, რომელიც ორი საუკუნეა ქართული საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრია. უნიკალური ნაგებობა, რომელიც პუშკინის სკვერში ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პანორამას” გვერდით და ამავე სასტუმროს მიწისქვეშა პარკინგის თავზე მდებარეობს, მართლაც უმძიმეს დღეშია, მაგრამ ექსპერტებისთვის, რომლებიც წლებია, ამ შენობის გადარჩენას მოითხოვენ, გაუგებარია, რატომ მიიღო კულტურის სამინისტრომ დემონტაჟის გადაწყვეტილება და რას ნიშნავს, დასკვნაში ჩაწერილი ფრაზა – „რეაბილიტაცია არარენტაბელურია“.

სიუჟეტის ავტორის მტკიცებით, „შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დემონტაჟი გადაწყვეტილია“.

„კულტურის სამინისტრო ამბობს, რომ 1835 წელს აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რესტავრაციას არ ექვემდებარება და მისი აღდგენა არარენტაბელურია…ხელოვნების მუზეუმის შენობა, თეა წულუკიანის აზრით და ბიძინა ივანიშვილის სურვილით, რესტავრაციისთვის არარენტაბელურია, „პანორამა თბილისის“ მშენებლობის დროს მუზეუმს საძირკველი და კედლები დაუზიანეს და ახლა მას საბოლოო გაქრობისთვის ამზადებენ“, – აღნიშნულია „მთავარი არხის“ სიუჟეტში.

2021 წლის 21 ივლისს, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ამავე თემაზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით ამბობს, რომ: „ამ შენობაზე კონსტრუქტორები შპს”კარიატიდა” წერს და შემდეგ კულტურის სამინისტრო თავის განცხადებაში იმეორებს “შენობის არსებული ნაწილის გაძლიერება და გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სიძნელეებთან და დანახარჯებთან, მაგრამ შესაძლებელია”-ოოო!!!.

თუმცა “ამ ნაწილის გაძლიერება სავარაუდოდ შესაძლებელია არ იყოს რენტაბელური”-ოოო!!! არა – რენტაბელურიო. ხალხო, არა-რე-ნტა-ბელუ-რიო !!

კონსტრუქტორების ერთი ჯგუფის მოსაზრების გამო, რომელთაც 1830-იანი წლების, თითო-ოროლად შემორჩენილი უმნიშვნელოვანესი შენობის გამაგრება არარენტაბელურად მიაჩნიათ, უნდა დავანგრიოთ შენობა!!!

ჩვენი კონსტრუქტორები და საჯარო მოხელეები რომ მიუშვა ქვას ქვაზე არ დატოვებდნენ არც რომში, არც ლონდონში და არც პარიზში!

მათი მოსაზრებით არც კოლიზეუმის გამაგრება-შენარჩუნება და არც პარიზის ღთისმშობლის ტაძრის აღდგენა არ იქნებოდა რენტაბელური!

რენტაბელურია კორპუსი და შოფინგ მოლი!”

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დაკვეთის საფუძველზე, შპს „კარიატიდამ“ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის მზიდი კონსტრუქციები გამოიკვლია.

„კარიატიდას“ დასკვნაში შენობის დემონტაჟზე არაფერია ნათქვამი. მასში აღწერილია დაზიანებები, რომელიც შენობას აქვს:

„შენობის საძირკვლების არათანაბარი ჯდომის შედეგად მოხდა მზიდი კედლების ვერტიკალიდან გადახრა. შენობის სხვადასხვა ჭრილებში გადახრების გაზომვის შედეგად დადგინდა, რომ მათი ფაქტიური სიდიდეები ნორმების ფარგლებშია შენობის მხოლოდ ცენტრალურ და ლ. გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ნაწილებში. ალ.პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ნაწილის ვერტიკალურ ჭრილებში შენობის კედლების გადახრის ფაქტიური სიდიდე ბევრად აღემატება დასაშვებ მნიშვნელობებს. კერძოდ სამ განივ ჭრილში ფაქტიური გადახრა 3,4-ჯერ, 5-ჯერ და 7,3-ჯერ აღემატება მის დასაშვებ მნიშვნელობას;“

ამ დაზიანებების თაობაზე, დასკვნის ბოლო ნაწილში, ჩამოთვლილია ის რეკომენდაციები, რომელიც შენობის გამაგრებისთვის აუცილებელია:

1. შენობის ნორმალური ექსპლუატაციისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შეიცვალოს შენობის დაფუძნების სქემა. შენობა მთელი ფართით დაფუძნებული უნდა იყოს მონოლითური რკინაბეტონის გობისებური საძირკვლის ფილით, რომლებიც დაკავშირებული იქნება არსებულ ლენტურ საძირკვლებთან, კედლებთან და რკინაბეტონის ხიმინჯების საშუალებით დაყვანილი იქნება მდგრად გრუნტებამდე (ძირითადი ქანი). წინა საექსპერტო დასკვნაში გამოთქმული მოსაზრება, რომ შესაძლებელია შენობის გაძლიერება მხოლოდ გობისებური ფილის საშუალებით, არ მიგვაჩნია მართებულად;

2. ხის სართულშუა გადახურვები ყველგან უნდა შეიცვალოს მონოლითური რკინაბეტონის ფილით;

3. უნდა შეიცვალოს დაზიანებული სართულშუა გადახურვის ფილები. უნდა მოეწყოს სართულშუა გადახურვებისა და სახურავის დონეზე შენობის კედლებში ანტისეისმური დეფორმაციული სარტყელები;

4. უნდა მოჩარჩოვდეს გაბზარული და დაზიანებული ღიობები. ფოლადის ნაგლინი კუთხოვანებით დაზოლოვანი ელემენტებით;

5. უნდა მოჩარჩოვდეს შუაკედლისები რომელთა სიგანე არ აკმაყოფილებს პროექტირების ნორმებს;

6. სარდაფში უნდა შეიცვალოს არსებული მონოლითური რკინაბეტონის წიბოვანი ფილა ახალი მონოლითური რკინაბეტონის ფილებით;

7. „6“ და „13“ ღერძებში უნდა აიყაროს იატაკის ფილები, ამოსუფთავდეს ყოფილი სარდაფის სათავსოები მასში ჩაყრილი მიწისა და ნაგვისგან. მოეწყოს არსებული სათავსოების მონოლითური რკინაბეტონის ფილებით გადახურვა;

8. აუცილებელია შენობის ირგვლივ მოეწყოს წყალამრიდი სისტემები (დრენაჟი, მოკირწვლა და ა.შ.) რათა აღიკვეთოს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება. გრუნტის ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან.

ამავე დასკვნაში შენიშნვის სახით აღნიშნულია:

1. „სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, მისი უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფა;

2. ლ. გუდიაშვიულის ქუჩის მხარეს შენობის არსებული ნაწილის გაძლიერება და გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სიძნელეებთან და დანახარჯებთან, მაგრამ შესაძლებელია. ამ ნაწილის გაძლიერება სავარაუდოდ შესაძლებელია არ იყოს რენტაბელური;

3. შენობის ნაწილში ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ, სადაც განვითარებულია შენობის მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, შეუძლებელია შენობის არსებული ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება. ჩვენი აზრით, სავარაუდოდ უკეთესია შენობის ამ ნაწილის დაშლა და იგივე მასალებით გადაწყობა.“

„კარიატიდას“ დირექტორის ზურაბ გუბელიძის თქმით: „მუზეუმის  შენობა მთელი ფართით დაფუძნებული უნდა იყოს მონოლითური რკინაბეტონის გობისებური საძირკვლის ფილით. მუზეუმის შენობის ზედა და ცენტრალური ნაწილის გაძლიერება შესაძლებელია, ხოლო ქვედა ნაწილის – არა. რადგან შენობა დაზიანებებისგან გახსნილია, მას ესაჭიროება შეკვრა. ამას ხელს უშლის 9 მეტრის სიღრმეზე არსებული წყლის მასა, რომლის დონე ყოველდღიურად იცვლება. ჩვენს რეკომენდაციაში წერია, რომ შენობა უნდა გადავიდეს ხიმინჯებზე. ასე გამაგრდა ოპერის შენობა. იქ ხელით გაითხარა ჭები და ამოიტუმბა წყალი, რადგან ასეთ პირობებში ტექნიკა ვერ მუშაობს.

რენტაბელობასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ეს არაა მაინცდამაინც კარგი და სიტყვა, იგულისხმება, რომ ექსპერტული დასკვნის და რეკომენდაციების შემდეგ, მთავრობამ უნდა შეაფასოს აქვს თუ არა რესურსები რეკომენდირებული სამუშაოების გასაწევად. დასკვნიდან გამომდინარე უნდა დაითვალოს ხარჯები და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.“

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2021 წლის 22 ივლისს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თაობაზე განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ „სამინისტრო გეგმის თანახმად აპირებს მუზეუმში დაცული ექსპონატების გადარჩენას და არა მუზეუმის დემონტაჟს, როგორც ეს ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელ სიუჟეტში თქვეს“.

კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტრომ დაადასტურა,რომ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დემონტაჟი არ იგეგმება. გამომდინარე აღნიშნული განცხადებიდან და „კარიატიდას“ დასკვნიდან, სადაც გაცემულია რეკომენდაციები შენობის გასამაგრებლად, „მთავარი არხის“ სიუჟეტი, რომ „ხელოვნების მუზეუმს ანგრევენ“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით