მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 23 მარტს, საინფორმაციო სააგენენტო „ტაონიუსის“ ვებ და ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰოლანდიაში ჩატარებული ექსპერიმენტით, მასობრივ ღონისძიებებზე ვირუსი არ ვრცელდება“.

ინფორმაციას თან ერთვის რუსულენოვანი ვიდეო-რგოლი, რომლის თანახმად: „ნიდერლანდებში დასკვნით ეტაპზეა დიდი ექსპერიმენტი. 1500 ადამიანი შეიკრიბა ღია ცის ქვეშ გამართულ ფესტივალზე. ისინი შეამოწმეს კორონავირუსზე და როდესაც დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელები იყვნენ, რამდენიმე ჯგუფად დაყვეს, რომელთაგან თითოეული საკუთარი დამცავი წესებით იცავდა თავს… ეს უკვე მეშვიდე და დასკვნითი მასობრივი ღონისძიებაა, რომელიც ექსპერიმენტის სახით ჩატარდა. უკვე გაიმართა დისკოთეკა კლუბში, საფეხბურთო მატჩი, კონფერენცია… მკვლევარები აპირებენ, ექსპერიმენტის შედეგები სამი კვირის შემდეგ გაასაჯაროვონ. ამჟამად კი მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ექსპერიმენტის მონაწილეთაგან მხოლოდ ერთეულები დაინფიცირდნენ“.

გადამოწმებული: 1tv.ge

გავრცელებული ვიდეო-რგოლიდან შეუძლებელია იმის დადგენა, ნიდერლანდების რომელ ქალაქში ჩატარდა აღნიშნული ექსპერიმენტი, რა კრიტერიუმით (მაგ. ასაკობრივი) შეირჩნენ მისი მონაწილენი, ისინი მონაწილეობდნენ მხოლოდ ერთ ექსპერიმენტში თუ რამდენიმეში, ვინ არის კვლევის ორგანიზატორი, რა მეთოდებს ეფუძნება აღნიშნული კვლევა და ა.შ.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეები იყენებდნენ დამცავ საშუალებებს, თავად ვიდეო-რგოლიდან დასტურდება, რომ მასობრივი ღონისძიების დროს რამდენიმე მათგანი მაინც დაინფიცირდა…

გარდა ამისა, აღნიშნული ექსპერიმენტის საბოლოო შედეგები ჯერ არ არის შეჯამებული, თუმცა, გადაჭრით კეთდება „დასკვნა“, თითქოს, მასობრივ ღონისძიებებზე კოვიდვირუსი არ ვრცელდება.

დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე, აკრძალულია ან შეზღუდულია მასობრივი თავყრილობები და ეს მიჩნეულია პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ზომად.

ამდენად, საინფორმაციო სააგენტო „ტაონიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ჰოლანდიაში ჩატარებული ექსპერიმენტით, მასობრივ ღონისძიებებზე ვირუსი არ ვრცელდება“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით