„გირგვლიანი არ არის მოკლული, მკვლელობა არ არის ჩადენილი არც დანით, არც იარაღით... ის გაიქცა, გადავარდა, გადაიჩეხა, გაიყინა სუსხიან ტყეში და გარდაიცვალა“

მოწოდებული ინფორმაცია

„გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ გამოსვლისას, განაცხადა, რომ „სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ“.

„გირგვლიანი არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს. მორალურად გირგვლიანი იმ ბიჭებთან მართალი არ იყო, ისინი მორალურად მართლები იყვნენ. ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, უნდა დაიჭირო, მაგრამ ამ დაჭერამდე საქმის წამოწყების ინიციატორი გირგვლიანია… ოფიციალური დოკუმენტი გირგვლიანზე ამბობს, რომ დაუსხლტა გირგვლიანი, გაიქცა, გადავარდა, გადაიჩეხა, გაიყინა სუსხიან ტყეში და გარდაიცვალა. ის არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით, მკვლელობის ფაქტი არ არის ჩადენილი,“ – აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

გადამოწმებული: 1tv.ge

2011 წლის 26 აპრილს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი No 25091/07), გამოიტანა განჩინება, რომლის მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებში ნათქვამია:

„2006 წ. 28 იანვარს, დაახლოებით შუადღის 3 საათზე, ს. გირგვლიანის
ცხედარი მისი სამი მეგობრის მიერ, ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების
დახმარებით, თბილისის შემოგარენში, სოფ. ოქროყანის სასაფლაოსთან ახლოს, კაფე „შარდენიდან“ 6.3 კილომეტრის დაშორებით იქნა ნაპოვნი.

2006 წ. 28 იანვარს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების მიერ
შემთხვევის ადგილის შემოწმების შემდეგ მომზადებული დასკვნისა და
თანდართული ფოტომასალის მიხედვით, სანდრო გირგვლიანის წელს ზემოთ შიშველი გვამი სასაფლაოსთან ახლოს მდებარე ტყეში, თოვლში იპოვნეს. სხეულის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მარცხენა იდაყვსა და მხარზე არაერთი პარალელური, ხაზოვანი ჭრილობა აღმოჩნდა, სამი 8 სმ-იანი ჭრილობა კისერზე აღინიშნებოდა, მსგავსი ჭრილობა იყო ყელზეც; ასევე უამრავი ჩალურჯება და დაზიანება, მათგან ზოგი ღრმა, მკერდამდე…

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2006 წ. 28 იანვარს
ჩატარებული გვამის გაკვეთის მიხედვით, მსხვერპლს ყელზე მჭრელი ნივთით მიყენებული 12 სხვადასხვა ზომის ჭრილობა, ხოლო ერთი დაზიანება მარცხენა მხარზე აღენიშნებოდა. ყელზე მიყენებული სამი ჭრილობა საკმარისად ღრმა იყო იმისათვის, რომ კუნთების დაზიანება გამოეწვია. ერთ-ერთი მათგანი 0.5 სმ დიამეტრის იყო და ხახამდე აღწევდა. სახელმწიფო ექსპერტის თქმით, რომელმაც ყელიდან აღებული კანის ნიმუში შეამოწმა, ჭრილობები მჭრელი, წვეტიანი და ტარიანი საგნით, სავარაუდოდ, დანით იყო მიყენებული. მარცხენა მხარზე, მარცხენა წინამხარზე, მარჯვენა მხარზე, თითებზე, მუცელზე, ორივე მუხლზე და წვივებზე, თეძოებზე, შუბლზე, ცხვირზე და თვალების ირგვლივ, ასევე აღმოჩენილ იქნა მრავალრიცხოვანი, 4-15 სმ სიგრძის ჭრილობები. ანალიზმა სისხლში ალკოჰოლის შემცველობა აჩვენა, მაგრამ ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი აღმოჩენილი არ ყოფილა. ექსპერტების თქმით, სიკვდილის მომენტში, მსხვერპლის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა უმნიშვნელო (0.35 %) იყო.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სიკვდილი ხახის არეში მიყენებულმა
ორმა ჭრილობამ გამოიწვია. მსხვერპლი ასფიქსიით გარდაიცვალა, როდესაც ხახის ჭრილობიდან სისხლი სასუნთქ მილში გადაეღვარა. ეს მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა იყო“.

ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებიდან და ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე, მურმან დუმბაძის ზემოთ აღნიშნული განცხადება („გირგვლიანი არ არის მოკლული, მკვლელობა არ არის ჩადენილი არც დანით, არც იარაღით… ის გაიქცა, გადავარდა, გადაიჩეხა, გაიყინა სუსხიან ტყეში და გარდაიცვალა“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით