„ფეესბე“-ს წინასწარი ვერსიით, დუგინის ქალიშვილის მკვლელობა საქართველოს უშიშროების სამსახურმა დაგეგმა“

მოწოდებული ინფორმაცია

სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსი პოლიტოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობა საქართველოს უშიშროების სამსახურმა დაგეგმა.

ამ ინფორმაციას, რომლის წყაროდ რუსული მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“ სახელდება, „ფეისბუქის“ არაერთი ქართველი მომხმარებელი აზიარებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკმა“ გადაამოწმა „რია ნოვოსტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დუგინის ქალიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაცია.

რუსული გამოცემა ამ თემაზე რამდენიმე მასალას აქვეყნებს.

1. რუსეთის დუმის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ვასილი პისკარევის ვარაუდს, რომ მომხდარის მიზეზი შეიძლება იყოს „პოლიტიკური სიძულვილი ან მტრობა, აგრეთვე მოკლულისა და მისი მამის პროფესიული საქმიანობა“.

2. რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავჯდომარის, ლეონიდ სლუცკის განცხადებას, რომ „მომხდარი წარმოადგენს შეტევას რუსულ სამყაროზე“.

3. საგამოძიებო კომიტეტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დარია დუგინას მკვლელობა „დაგეგმილი და შეკვეთილი იყო“.

4. ალექსანდრე დუგინის თანამოაზრეების ვარაუდს, რომ მკვლელობის უკან დგან ის პერსონები, ვინც „ზელენსკის ლიბერალურ-ნაცისტურ რეჟიმს იარაღით ამარაგებს“.

5. ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ შემთხვევის ადგილზე არ მუშაობდა სათვალთვალო კამერები, ხოლო იმ ტერიტორიაზე, სადაც მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დარია დუგინა იმყოფებოდა (ფესტივალი „ტრადიცია“), მიღებული იყო უსაფრთხოების ზომები, კერძოდ – დაყენებული იყო ლითონის დეტექტორები.

6. გამოქვეყნებულია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანის კომენტარი გარდაცვლილის მეცნიერულ საქმიანობაზე.

7. აგრეთვე თვითმხილველთა განცხადებები, რომლის თანახმად, ალექსანდრე დუგინი მანქანით მიჰყვებოდა უკან თავის ქალიშვილს.

რაც შეეხება „ფეისბუქის“ ქართულ გვერდებზე „რია ნოვოსტის“ სახელით გამოქვეყნებულ მასალაზე ნაჩვენებ დროს (11:23, 21 აგვისტო), ამ პერიოდში „რია ნოვოსტის“ ოფიციალურ საიტზე არანაირი ინფორმაცია არ ატვირთულა და შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი სკრინშოტი „რია ნოვოსტის“ ყალბ გვერდზეა გაკეთებული.

ამდენად, „ფეისბუქის“ ქართულ გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა მასალა იმის შესახებ, რომ „ფეესბე“-ს წინასწარი ვერსიით, დუგინის ქალიშვილის მკვლელობა საქართველოს უშიშროების სამსახურმა დაგეგმა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით