

„ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებისა და თურქეთის საზღვრის კვეთის დროს მოქმედი კოვიდრეგულაციები“
მოწოდებული ინფორმაცია
ზაფხულის დადგომასა და ტურისტული სეზონის დაწყების კვალობაზე, აქტუალური გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, ევროკავშირის და მეზობელ ქვეყნებში როგორი კოვიდრეგულაციები მოქმედებს.
ვინაიდან ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ეს რეგულაციები განსხვავებულია, ხშირად ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, რაც ჩვენს თანამოქალაქეებში დაბნეულობას იწვევს.
ამიტომ, „ანტიფეიკი“ შეეცადა, გაერკვია, 2021 წლის 11 ივნისის მდგომარეობით, რა მდგომარეობა ამ მხრივ ევროკავშირის წამყვან ქვეყნებსა და მეზობელ თურქეთში.
გადამოწმებული: 1tv.ge
ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებისა და თურქეთის საზღვრის კვეთის დროს მოქმედი კოვიდრეგულაციები (2021 წლის 11 ივნისის მდგომარეობით):
გერმანია
კოვიდ-19-ის პანდემიის გამო საქართველოდან გერმანიაში შესვლაზე მოქმედი შეზღუდვები ასე გამოიყურება:
თითოეულმა მგზავრმა რომელიც საჰაერო გზით შედის გერმანიაში, მგზავრობის დაწყებამდე უნდა წარადგინოს კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი. გამონაკლისი შეეხება ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს და თვითმფრინავის ეკიპაჟს. ტესტის უარყოფითი პასუხი გაფრენამდე უნდა წარედგინოს ავიაკომპანიას.
PCR ტესტი ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში შესვლამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე (სინჯის აღების დრო). დამატებითი რეგულაციები არსებობს სხვა ტიპის ტესტირებაზეც. კერძოდ, აღიარებული იქნება მხოლოდ PCR, LAMP, TMA და ანტიგენის ტესტები.
მგზავრმა ტესტის პასუხი უნდა შეინახოს გერმანიაში შესვლიდან მინიმუმ 10 დღის განმავლობაში და მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს შესაბამის უწყებას.
თუ გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა ხდება სხვა სატრანსპორტო (სახმელეთო, საზღვაო და ა.შ.) საშულებებით, PCR ტესტი ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში შესვლამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე (სინჯის აღების დრო). ტესტის შედეგის საბუთი უნდა იყოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე. როგორც წინა შემთხვევაში, მგზავრმა ტესტის პასუხი უნდა შეინახოს გერმანიაში შესვლიდან მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.
საფრანგეთი
9 ივნისიდან, უცხო ქვეყნებიდან საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა ნებადართული იქნება განსაზღვრული პირობებით, მესამე ქვეყნებში არსებული ეპიდსიტუაციიდან და მგზავრთა ვაქცინაციიდან გამომდინარე.
საქართველო, საფრანგეთის მიერ დადგენილი პირობების მიხედვით, შედის „ნარინჯისფერი ქვეყნების“ სიაში. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთის საზღვრები გახსნილი იქნება შემდეგი პირობებით:
საქართველოდან საფრანგეთში გასამგზავრებლად:
ვაქცინირებული მგზავრისთვის: სავალდებულოა PCR ტესტი,რომელიც გაცემულია წარდგენამდე არაუგვიანეს 72 საათით ადრე, ან ანტიგენის ტესტი – გაცემული წარდგენამდე არაუგვიანეს 48 საათისა.
არავაქცინირებული მგზავრისთვის: სავალდებულოა მოგზაურობის აუცილებლობის დასაბუთება, PCR ტესტი (გაცემული წარდგენამდე არაუგვიანეს 72 საათით ადრე) ან ანტიგენის ტესტი (გაცემული წარდგენამდე არაუგვიანეს 48 საათისა), ასევე ადგილზე ჩასვლისას, შესაძლოა, სახელმწიფომ მოითხოვოს განმეორებითი ტესტირება ან 7 დღიანი თვითიზოლაცია.
საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოსასვლელად:
ვაქცინირებული მგზავრისთვის: საჰაერო გზით შემოსვლისას, აუცილებელია სრული ვაქცინაციის დადასტურება. სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთის შემთხვევაში კი სრული ვაქცინაციის დადასტურება და უარყოფითი PCR ტესტი, რომელიც გაცემულია წარდგენამდე არაუგვიანეს 72 საათით ადრე.
არავაქცინირებული მგზავრისთვის: უარყოფითი PCR ტესტი (რომელიც გაცემულია წარდგენამდე არაუგვიანეს 72 საათით ადრე) და განმეორებითი PCR ტესტი (საკუთარი ხარჯებით) საქართველოში შემოსვლიდან მე-3 დღეს.
საყურადღებოა, რომ საფრანგეთის მიერ ნებადართულია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად აღიარებული ვაქცინები: „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და „ჯონსონი&ჯონსონი“. ჩინური „სინოვაკით“ ან „სინოფარმით“ აცრის შემთხვევაში, არავაქცინირებულ მგზავრზე გავრცელდება ზემოთ მოცემული შეზღუდვები .
იტალია
საქართველოდან იტალიაში შემსვლელი პირებისთვის სავალდებულოა PCR ან ანტიგენით სავალდებულო ტესტირება. აღნიშნული ტესტი ჩატარებული უნდა იყოს იტალიის ტერიტორიაზე შესვლამდე 72 საათით ადრე. ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარედგინოს გადამზიდავს ან შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს.
გარდა ამისა, პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე საქართველოდან შედიან, ექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო კარანტინს სახლის პირობებში და ამ პერიოდის დასრულების შემდეგ – PCR ან ანტიგენით ტესტირებას. ასევე, ვალდებულნი არიან, შეავსონ ელექტრონული ფორმულარი ადგილსამყოფელის თაობაზე იტალისს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა პრევენციის გენერალური დეპარტამენტის შესაბამისი ცირკულარით დადგენილი ვადებისა და წესების გათვალისწინებით, და წარუდგინონ გადამზიდავს ან შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს.
ესპანეთი
ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, 7 ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს, ესპანეთის სამეფოს ტეროტორიაზე შესვლა შეეძლებათ შეზღუდვების გარეშე, თუ წარადგენენ კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციის სრული კურსი ესპანეთში გამგზავრებამდე 14 დღით ადრე ჰქონდეთ ჩატარებული იმ ვაქცინით, რომელიც ავტორიზებულია ევროპის მედიცინის სააგენტოს („ფაიზერი”, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და „ჯონსონი&ჯონსონი“) ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ („სინოფარმი“, „სინოვაკი“).
ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის შემთხვევაში, მოქმედებს სტანდარტული პროცედურა, რომელიც გულისხმობს PCR ან ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას.
თურქეთი
თურქული მხარის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ PCR ტესტის გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე წარადგენს ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირების, ან მინიმუმ, 14 დღით ადრე გაკეთებული კოვიდვაქცინის დამადასტურებელ დოკუმენტს.
ამასთან, იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც არ გააჩნიათ ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები, აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ე.წ. „სწრაფი ტესტის“ (ანტიგენ ტესტი) უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა.
ასევე, ყველა ვიზიტორისთვის კვლავაც სავალდებულოა სპეციალური ფორმის შევსება შემდეგ მისამართზე: https://register.health.gov.tr/