მოწოდებული ინფორმაცია
2021 წლის 12 აგვისტოს, საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესპრესნიუსმა“ (bpn.ge) გაავრცელა ინფორმაცია სათაურით: „საქართველოში დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმის გადაღება 20 000 დოლარი დაჯდება – კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს“.
bpn.ge აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფეისბუქ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის თანახმად, „დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით, კონკურსი ცხადდება“.

გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განმარტავს, რომ 20 000 დოლარი ფილმის გადაღების სრული ბიუჯეტი კი არ არის, არამედ ამ ოდენობის თანხით ფინანსდება მხოლოდ ფილმის სცენარი.
„კონკურსი გახლავთ რამდენიმეწლიანი კომპლექსური სახელმწიფო პროექტი, რომლის ფარგლებში პირველ ეტაპზე უნდა გამოვლინდეს საუკეთესო სცენარი. აღნიშნული თანხა, 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, სწორედ გამარჯვებული სცენარის შექმნისთვის იქნება გამოყოფილი. გამარჯვებულ კონკურსანტს სამინისტრო გაუფორმებს ხელშეკრულებას ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ“, – აცხადებს კულტურის სამინისტრო.
ამდენად, საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სათაური („დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმის გადაღება 20 000 დოლარი დაჯდება“) წარმოადგენს სიყალბეს.