„ბუჩას მშვიდობიანი მოსახლეობა შეიძლება უკრაინელი სამხედროების საარტილერიო დაბომბვებს ემსხვერპლა“
მოწოდებული ინფორმაცია
რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი, ამერიკული გამოცემა newsweek-თვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, „კიევის რეჟიმი ცდილობს, თავისი სისასტიკე რუსეთს გადააბრალოს“ და „ბუჩას მშვიდობიანი მოსახლეობა შეიძლება უკრაინელი სამხედროების სამხედრო დაბომბვებს ემსხვერპლა“.
რუსი დიპლომატის ეს განცხადება რუსულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა.

გადამოწმებული: 1tv.ge
უკრაინის არმიის მიერ კიევის ოლქში მდებარე დასახლებული პუნქტების განთავისუფლების შემდეგ, რომლებიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ იყვნენ, მთელმა მსოფლიომ იხილა სამხედრო დანაშაულის საშინელი კადრები.
„რუსი სამხედროების დანაშაული უკრაინაში მსოფლიოსთვის უკვე აღარ არის სიახლე, მაგრამ ბუჩა – ახალი შოკია“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ბი-ბი-სი“.
აღნიშნულ სტატიაში ყურადღება მახვილდება Amnesty International-ის განცხადებაზე, რომელშიც, თავის მხრივ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევებზეა ყურადღება გამახვილებული. Amnesty International-ის თანამშრომელმა მოიპოვა მტკიცებულები, რომ რუსეთის არმია ომის დროს იყენებდა აკრძალულ კასეტურ იარაღს, მასირებულად ცხრილავდა საცხოვრებელ კვარტლებს, ანგრევდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
უფლებადამცველების განცხადებით, რუსეთის არმიის ქმედებებმა მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი გამოიწვია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით კი, უიარაღო მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა კვალიფიცირდება, როგორც სამხედრო დანაშაული.
„რუსეთის არმიის უკრაინული ქალაქების ალყის მახასიათებელ მოვლენას წარმოადგენს გაუთევებელი და არაშერჩევითი სროლები, რაც ქალაქების მთლიან განადგურებას იწვევს… უკვე ხუთი კვირაა, უკრაინის მოსახლეობა იძულებულია უყუროს, როგორ აღიგავება პირისაგან მიწისა მათი ქალაქები“, – აცხადებს Amnesty International-ის კრიზისებზე რეაგირების პროგრამის დირექტორი ჯოან მარინერი.
Human Rights Watch-ის კურატორი ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჰიუ უილიამსი კი აღნიშნავს, რომ მისი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტირებულია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი არნახული სისასტიკის ამსახველი შემთხვევები.
„საერთაშორისო სამართალი ავალდებულებს რუსეთს, მიუკერძოებლად გამოიძიოს მისი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულობები. არმიის ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს, რომ თუ ისინი არ დასჯიან დამნაშავეებს, მაშინ ისინი მომხდარზე პირადად აგებენ პასუხს“, – აცხადებს ჰიუ უილიამსი.
ბუჩაში რუსი სამხედროების დანაშაულებრი ქმედებების დეტალებზე საუბრობენ თვითმხილველები, რომლებთან ინტერვიუებიც სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა.
Reuters-მა ინტერვიუ ჩაწერა, 66 წლის ვასილისთან, რომელმაც გვარის გამხელა არ ისურვა. იგი აღნიშნავს, რომ ორი კვირის მანძილზე სარდაფს აფარებდა თავს. საკვების, სინათლის და საკვების გარეშე. როგორც ინტერვიუშია აღნიშნული, ვასილის სახლთან ათობით უკრაინელის გვამი იყო დარჩენილი. ვასილის თქმით, მისი სახლის კართან დარჩენილი გარდაცვლილი კაცი, მისი მეგობარი და შვილის ნათლია იყო.
გადარჩენილი მოსახლეობის თქმით, უდანაშაულო მოსახლეობა, რუსულმა არმიამ ერთ თვიანი ოკუპაციის დროს დახოცა.
AP-ის სტატიაში მოყვანილია თვითმხილველი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა უსაფრთხოების შენარჩუნების მიზეზით არ ისურვა. იგი აღწერს როგორ დადიოდნენ რუსი ჯარისკაცები შენობებში, როგორ გამოჰყავდათ მოსახლეობა სარდაფებიდან, ამოწმებდნენ მათ ტელეფონებს და შემდეგ სასიკვდილოდ ესროდნენ მათ.
ქალაქის სხვა მაცხოვრებელი ჰანა ჰეგერა, კი ყვება, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უმიზეზოდ დაუწყეს სროლა მის მეზობელს, რომელიც გარეთ შეშის შესაგროვებლად გავიდა.
AP-ის ფოტოჟურნალისტმა, ერთ-ერთ ქუჩაზე კაცის და ქალის ცხედარი გადაიღო, რომლებიც ცელოფანში იყვნენ გახვეულები. როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ, ისინი შესაბამისი დაკრძალვის ცერემონიის გამართვამდე ასეთ მდგომარეობაში დარჩებიან. მათ ასევე გაიხსენეს როგორ ჩაცხრილეს რუსმა ჯარისკაცებმა გარდაცვლილი კაცი.
„ხელები მაღლა ააწევიეს და ესროლეს“, აღნიშნეს თვითმხილველებმა, რომლებმაც ვინაობის გამხელაზე უარი განაცხადეს.
უდანაშაულო მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს AFP და წერს, რომ კორესპონდენტებმა ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ერთ ქუჩაზე ოცამდე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
CBS Weekend News-ისთვის ჩაწერილ რეპორტაჟში ნაჩვენებია მამაკაცი, რომელიც ადასტურებს, რომ რუსი ჯარისკაცები ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს უმიზეზოდ და გაუფრთხილებლად ესროდნენ. რეპორტაჟის ფრაგნემტებში ნათლად ჩანს უდანაშაულო მოქალაქეების ცხედრები, რომლებსაც ველოსიპედის ტარების დროს ესროლეს, ასევე, ცხედრები, რომლებსაც ხელები აქვთ შეკრული.
სამხედრო დანაშაულში რუსეთის სახელმწიფოსა და მისი შეიარაღებული ძალების დადანაშაულება ჯერ კიდევ ომის საწყის ეტაპზე დაიწყო (სამშობიაროს, თეატრის და ა.შ. დაბომბვა), მაგრამ მოსკოვის დადანაშაულებამ ახალი ძალით იფეთქა, რაც დამოუკიდბელმა ჟურნალისტებმა კიევის ოლქის განთავისუფლებული რაიონები, მათ შორის, ბუჩა, მოინახულეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბუქასა და ირპენში მომხდარს „მშვიდობიან მოქალაქეებზე ამაზრზენი თავდასხმა“ უწოდა და პირობა დადო, რომ მომხდარს მოსკოვის მიმართ სანქციების გამკაცრებით უპასუხებს.
„პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ პუტინის სამხედრო მანქანას ამოვხადო სული“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ „ძალიან მკაფიო მინიშნებები“ არსებობს, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში სამხედრო დანაშაულებებზე“.
ევროპის საბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის თქმით, „შოკირებულია ფოტოსურათებზე აღბეჭდილი იმ სიმხეცით, რომელიც რუსეთის არმიამ გათავისუფლებულ კიევის ოლქში ჩაიდინა“.
„ევროპის საბჭო ეხმარება უკრაინის ხელისუფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთაშორისო სასამართლოებში წარსადგენი აუცლებელი მტკიცებულებების მიძიებაში“, – აცხადებს შარლ მიშელი. „ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს უკრაინის რიგ ოკუპირებულ ქალაქებში, რომლებიც ახლა განთავისუფლებულია. დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და მსხვერპლის შემზარავი სურათები, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, აჩვენებს რუსეთის მიერ უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ბრუტალური ომის რეალურ სახეს“,- ამის შესახებ კი ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება. რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია ამ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩადენილია მაშინ, როცა მათ ჰქონდათ ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე. ისინი ოკუპაციის საერთაშორისო კანონს ექვემდებარებიან. ომის დანაშაულისა და სხვა სერიოზული ძალადობრივი ფაქტების ჩამდენნი, ასევე რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და სამხედრო ლიდერები მომხდარზე პასუხს აგებენ“, – აცხადებს ევროკავშირი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადება, რომ „ბუჩას მშვიდობიანი მოსახლეობა შეიძლება უკრაინელი სამხედროების სამხედრო დაბომბვებს ემსხვერპლა“, არის სიყალბე.