„აუცრელი ადამიანები, რომლებიც ჰიგიენის ზოგად წესებსა და ვირუსის პრევენციის მოთხოვნებს იცავენ, ბევრად უფრო უსაფრთხონი არიან ერთმანეთისთვის და მთელი საზოგადოებისთვისაც, ვიდრე აცრილები“

მოწოდებული ინფორმაცია

პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოსაზრებას, რომ დამსაქმებლებს, ასევე მომსახურების გამწევს პირებს უფლება მიეცეთ, დასაქმებულს ან მომხმარებლებს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატურად წარმოდგენა.

ამ განცხადებას გულბაათ რცხილაძე „დემაგოგიას“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ „აუცრელი ადამიანები, რომლებიც ჰიგიენის ზოგად წესებსა და ვირუსის პრევენციის მოთხოვნებს იცავენ, ბევრად უფრო უსაფრთხონი არიან ერთმანეთისთვის და მთელი საზოგადოებისთვისაც, ვიდრე აცრილები“.

აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Ge.news-front.info ავრცელებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

სამეცნიერო ჟურნალ nature.com-ის მიხედვით, ვირუსის მატარებელი აცრილი ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცრელი ადამიანის მსგავსად გადამდები, თუ ის დელტა შტამითაა დაინფიცირებული. დანარჩენ შემითხვევებში კი, ვაქცინები 80 პროცენტით ამცირებენ კოვიდ-19-ის გადადების და გავრცელების შანსს.

რცხილაძის განცხადება, რომ აუცრელი ადამიანები, რომლებიც რეგულაციებს იცავენ, უფრო უსაფრთხონი არიან ერთმანეთისთვის და საზოგადოებისთვის, ვიდრე აცრილები, არანაირი კვლევით არ დასტურდება. რეალობა კი ის არის, რომ ისევე როგორც ვაქცინაცია არ იძლევა 100-პროცენტიან დადებით შედეგს, ასევე არ შეიძლება, რეგულაციების დაცვა ჩაითვალოს ინფიცირებისგან სრულად დაცვის საშუალებად. მართალია, ხელების ხშირი დეზინფექცია და პირბადის ტარება მნიშნვლელოვნად ამცირებს გადადების რისკს, მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. როდესაც ასეთი შემთხვევა დაფიქსირდება სამუშაო სივრცეში ან ოჯახში, აცრილ კოლეგას ან ოჯახის წევრს საკუთარი ვაქცინაცია იცავს იმ შემთხვევაში, თუ მას დაინფიცირებულ ადამიანთან ექნება კონტაქტი, ხოლო აუცრელის დაცვის გარანტორი არ არსებობს. ამასთან, ვაქცინაცია არ ნიშნავს რეგულაციების არშესრულებას და შესაბამისად, გაუგებარია, რატომაა აუცრელი ადამიანი აცრილზე დაცული მსგავსი რეგულაციების შესრულების დროს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გულბაათ რცხილაძის განცხადება, რომ „აუცრელი ადამიანები, რომლებიც ჰიგიენის ზოგად წესებსა და ვირუსის პრევენციის მოთხოვნებს იცავენ, ბევრად უფრო უსაფრთხონი არიან ერთმანეთისთვის და მთელი საზოგადოებისთვისაც, ვიდრე აცრილები“, წარმოადგენს აბსურდს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით