„1921 წლის 15 ნოემბერს 100 წელი შესრულდება ისტორიული ჰერეთის იჯარის წესით გაცემიდან... ამ მიწებზე ხმა არის ამოსაღები“

მოწოდებული ინფორმაცია

2019 წლის 25 აგვისტოს ფეისბუქ-გვერდზე „ფაქტები საქართველოდან“  გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც ჰერეთის საკითხს შეეხება, დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას და უამრავი გამოხმაურება აქვს. ფეისბუქზე ეს პოსტი 4200-ჯერ გააზიარეს.

„1921 წლის 15 ნოემბერს 100 წელი შესრულდება ისტორიული ჰერეთის იჯარის წესით გაცემიდან. 2021 წლის 15 ნოემბერს ხელშეკრულებას ვადა გასდის. ამ მიწებზე ხმა არის ამოსაღები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გადამოწმებული: 1tv.ge

რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, ზაქათალის ოლქზე პრეტენზიას, საქართველოს გარდა, აზერბაიჯანი და მთიელ ხალხთა რესპუბლიკაც აცხადებდნენ. რუსეთ-საქართველოს 1920 წლის შვიდი მაისის ხელშეკრულებით, რუსეთმა ზაქათალის ოლქი საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარა, თუმცა, ამას აზერბაიჯანელთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა და ამის გამო, ამ ხელშეკრულებას, 12 მაისს, ზაქათალის სტატუსთან დაკავშირებით, ახალი შეთანხმება დაემატა. რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების 12 მაისის დამატებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზაქათალის ოლქის საკითხის მოსაგვარებლად, საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებების წარმომადგენელთა მონაწილეობით, კომისია შეიქმნებოდა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებდა.

1920 წლის 12 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის აღსტაფაში დაიდო ხელშეკრულება, სადაც მხარეებმა კვლავ დაადასტურეს, რომ ზაქათალის საკითხის მოგვარება რუსეთ-საქართველოს 1920 წლის შვიდი მაისის ხელშეკრულების საფუძველზე, არბიტრაჟის საშუალებით უნდა გადაწყვეტილიყო.

აზერბაიჯანის და საქართველოს „გასაბჭოების“ შემდეგ, 1921 წლის 5 ივლისს, ამიერკავკასიის რესპუბლიკების საშინაო საზღვრების დარეგულირების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოიცა დადგენილება საქართველოს სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს სასაზღვრო ზოლის შესახებ. ამ დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველომ უარი განაცხადა ზაქათალის ოლქზე.

აღნიშნული კონფერენციის გადაწყვეტილების საფუძველზე, 1921 წლის 15 ნოემბერს, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკებმა ხელი მოაწერეს სასაზღვრო ხელშეკრულებას.

ამ სასაზღვრო ხელშეკრულების მე-3 პუნქტით, ძალაში დარჩა ზაქათალის ოლქთან დაკავშირებით 1921 წლის ივლისის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, ზაქათალის ოლქი აზერბაიჯანის სსრ-ს განუყოფელ ნაწილად გამოცხადდა.

არც ერთ ხსენებულ ხელშეკრულებას, მითითებული არა აქვს მოქმედების ვადა, ისინი უვადოდ დაიდო.

ამასთან, გაერო-ში საქართველო და აზერბაიჯანი მიიღეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში, რომლის მიხედვით, ჰერეთი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაშია.

ამდენად, 2019 წლის 25 აგვისტოს ფეისბუქ-გვერდზე „ფაქტები საქართველოდან“  გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს, „1921 წლის 15 ნოემბერს 100 წელი შესრულდება ისტორიული ჰერეთის იჯარის წესით გაცემიდან და 2021 წლის 15 ნოემბერს ხელშეკრულებას ვადა გასდის“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით