„ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა და უცებ, სიმართლე უთხრა: თქვენ, საერთოდ, რისთვის იბრძვით?“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსული მედია, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით, ირწმუნება, რომ უკრაინის ლიდერისთვის გაუგებარია, თუ რატომ იბრძვის მისი ხალხი რუსეთის წინააღმდეგ.

„რომელ თქვენგანს აქვს ნავთობის ჭაბურღილები? ვის აქვს სასახლეები? ვენახები? ან იქნებ, იახტები და რომელიმე ბანკი გაქვთ? თქვენ, საერთოდ, რისთვის იბრძვით? თქვენ გაქვთ მხოლოდ სესხები, იმდენი საჭმელი, რომ საღამოს შესასნსლოთ და ახლა კი, – მობილიზაციაც“, – ციტირებს უკრაინის პრეზედენტს რუსული ვებ-გვერდი „პერვი რუსკი“ და ტელეგრამ-არხი „უკრაინა.რუ“.

რუსული მედია კმაყოფილია ზელენსკის ასეთი „მოულოდნელი“ განცხადებით და ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ბოლოს და ბოლოს, გამოთქვა საკუთარი აზრი, როდესაც დასავლელი სუფლიორების გარეშე ალაპარაკდა.

გადამოწმებული: 1tv.ge

ფრაზები, რომელსაც რუსული მედიასაშუალებები ციტირებენ, ნამდვილად ეკუთვნის ვოლოდიმირ ზელენსკის, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტის მიმართვის ადრესატები არა უკრაინის მოქალაქეები, არამედ რუსი ოკუპანტები არიან. ამასთან, რუსულმა მედიამ უკრაინის ლიდერის ვიდეომიმართვის მხოლოდ ფრაგმენტი გაავრცელა, რათა დაებნია და შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება.

აღნიშნული ვიდეო-რგოლი ჯერ კიდევ გასული წლის 22 სექტემბერს არის ჩაწერილი და ის, სრული სახით, დევს უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ვიდეომიმართვაში, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულად აჯამებს დღის შედეგებს დიპლომატიურ, ეკონომიკურ და სამხედრო ფრონტებზე, მან თავისი გამოსვლის ნაწილი რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ დაწყებას მიუძღვნა.

„თუ გინდა იცოცხლო, – გაიქეცი. თუ გინდა იცოცხლო, – ტყვედ ჩაბარდი. თუ გინდა იცხოვრო, – იბრძოლე შენს ქუჩებში საკუთარი თავისუფლებისთვის. თქვენ ყველაფერი წაგართვეს. რომელ თქვენგანს აქვს ნავთობის ჭაბურღილები? ვის აქვს სასახლეები? ვენახები? ან იქნებ, იახტები და რომელიმე ბანკი გაქვთ? თქვენ, საერთოდ, რისთვის იბრძვით? თქვენ გაქვთ მხოლოდ სესხები, იმდენი საჭმელი, რომ საღამოს შესასნსლოთ და ახლა კი, – მობილიზაციაც“, – მიმართავს ვოლოდიმირ ზელენსკი რუს მობილიზებულებს. მიმართვის ბოლოს, ის უკრაინულიდან რუსულ ენაზე გადადის და არმიაში გაწვეულ რუსეთის მოქალაქეებს ტყვედ ჩაბარებისკენ, გაქცევისკენ და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს (იხ. 06:44 წუთიდან)

სწორედ უკრაინის პრეზიდენტის 22 სექტემბრის გამოსვლის ამ ნაწილით ახდენს მანიპულირებას რუსულმა მედია, ოღონდ – უკვე 2023 წლის თებერვალში, როდესაც ზელენსკის ვიდეომიმართვის მხოლოდ ფრაგმენტს ავრცელებს.

შესაბამისად, რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია („ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა და უცებ, სიმართლე თქვა: თქვენ, საერთოდ, რისთვის იბრძვით?“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით