მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 4 მარტს, რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, საკუთარ „ტელეგრამ-არხზე“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და ამჟამად ის პოლონეთში იმყოფება.

რუსი პოლიტიკოსის ეს განცხადება მრავალმა რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

უკრაინის უმაღლესი რადას მიერ 4 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინაში გაქცევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია „მორიგ ფეიკს“ წარმოადგენს.

„ეს არ არის სიმართლე. პრესზიდენტი კიევშია. ის თავის ხალხთან არის“, – აცხადებს უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და მოუწოდებს ხერსონის ოლქის მცხოვრებლებს, ეს ინფორმაცია ყველა საშუალებით გაავრცელონ თავის ნაცნობებში, მეგობრებსა და ნათესავებში.

უკრაინის დედაქალაქში ყოფნა თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა. მან „ინსტაგრამზე“ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ კიევში, სამუშაო ადგილზე იმყოფება.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე გავიქეცი უკრაინიდან, კიევიდან, ოფისიდან. როგორც ხედავთ, მე ვიმყოფები აქ ადგილზე, ანდრეი ბორისოვიჩი აქ არის. არავინ არსად არ გაქცეულა. ჩვენ ვმუშაობთ, სირბილი გვიყვარს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის“, – ამბობს ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელთან ერთად კადრში ჩანს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

მანამდე კი, უკრაინულ მედიასთან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა და მანაც ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი რჩება კიევში და ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, პრეზიდენტმა დედაქალაქი დატოვა, მორიგი ყალბი ამბავია.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 4 მარტს, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის ქალაქებში უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე შეკრებილ ხალხს მიმართა, ნათლად ჩანდა იგივე ანტურაჟი (სკამი, უკანა ფონი), როგორიც იყო 2022 წლის პირველ მარტს, ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, როდესაც იგი ასევე კიევში იმყოფებოდა.

ზელენსკი 4 მარტს გაკეთებული მიმართვის დროს
ზელენსკი ევროპარლამენტის წინაშე (პირველი მარტი)

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის მიერ 4 მარტს გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და ამჟამად პოლონეთში იმყოფება“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით