„ყოველ 1000 ფეხმძიმობაზე აბორტის მაჩვენებლით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში“

მოწოდებული ინფორმაცია

2023 წლის იანვარში, სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ყოველ 1000 ფეხმძიმობაზე აბორტის მაჩვენებლით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში“.

ამის დასადასტურებლად, მომხმარებლები იმოწმებდნენ მასალას ვიკიპედიიდან, რომელშიც მოცემულია ქვეყნების ჩამონათვალი აბორტების რაოდენობის მიხედვით.

მასალაში ნათქვამია, რომ საქართველოში ყოველ 1000 ფეხმძიმეზე 80 აბორტი მოდის, ხოლო 2015-2019 წლებში, აბორტი, საერთო ჯამში, 74 000-მა ქალმა გაიკეთა.

გადამოწმებული: 1tv.ge

სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გარკვეულ დაზუსტებას საჭიროებს.

ვიკიპედიის მასალა ეყრდნობა გუტმახერის ინსტიტუტის მონაცემებს. გუტმახერის ინსტიტუტი 1968 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე ატარებს კვლევებს. ასევე მონაწილეობს აღნიშნულ თემებზე გლობალური პოლიტიკის შემუშავებაში.

ინსტიტუტის ვებ-გვერდზე განმარტებულია, თუ რომელ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დაამუშავა ორგანიზაციამ მონაცემები და რას ასახავენ ისინი.

საიტს ყოველი ქვეყნისთვის აქვს გამოყოფილი პროფილი, სადაც დეტალურად არის აღწერილი კვლევის შედეგები.

„ქვემოთ მოცემული გრაფიკი ეფუძნება არასასურველ ორსულობასა და აბორტებზე მიმდინარე გლობალური კვლევის მონაცემებს. მონაცემები ხაზს უსვამს ინვესტიციების მნიშვნელობას ყოვლისმომცველი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებში, მათ შორის კონტრაცეფციასა და აბორტის პროცედურებში“, – აღნიშნულია საქართველოს პროფილის შესავალში.

მოცემულ გრაფიკზე ჩანს, რომ საქართველოში, 2015-2019 წლებში, ყოველ 1000 ქალზე (რომელთა ასაკიც 15-49 წლებია) 94 არასასურველი (დაუგეგმავი) ფეხმძიმობა აღირიცხა, ხოლო აქედან 80 აბორტით დასრულდა.

მეორე გრაფიკიდან კი ირკვევა, რომ მოცემულ პერიოდში (2015-2019 წლები), საქართველოში, ყოველწლიურად, საშუალოდ, ფეხმძიმობის 147 000 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 86 000 დაუგეგმავი იყო, ხოლო 74 300 აბორტით დასრულდა.

როგორც აღვნიშნეთ, გუტმახერის ინსტიტუტის მიერ საქართველოსთან მიმართებაში ზემოთ მოყვანილი მონაცემები 2015-2019 წლებს შეეხება და დროის ამ მონაკვეთის სტატისტიკას ასახავს. ასევე ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ციფრები არ არის აბსოლუტურად უტყუარი, არამედ გამოთვლილი და დაანგარიშებულია საშუალო სიზუსტით.

არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რატომ არ შეიძლება ბოლომდე ვენდოთ ვიკიპედიის მასალას, რომელშიც გუტმახერის ინსტიტუტის მონაცემებია გამოყენებული. ვიკიპედია ღია ტიპის ენციკლოპედიაა, რომელშიც ნებისმიერ მომხმარებელს, ნებისმიერ სტატიაზე შეუძლია თავისი კონტრიბუციის შეტანა და მასალის ჩასწორება. მიუხედავად იმისა, რომ შესწორების გაკეთება გარკვეულ დისკუსიას და მტკიცებულებების მოყვანას საჭიროებს, ვიკიპედიის მასალები მაინც არ არის დაცული უზუსტობებისგან.

ამის მაგალითია გუტმახერის ინსტიტუტის ინფორმაციაზე დაყრდნობით აბორტების თემაზე გამოქვეყნებული მასალაც. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია ქართულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა, სტატია ათამდე მომხმარებელმა ჩაასწორა და საქართველომ, აბორტების რაოდენობით, პირველიდან 86-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც რეალობას არ შეესაბამება – ვინაიდან გუტმახერის ინსტიტუტის თითქმის ყველა მონაცემი ერთი და იგივე მეთოდოლოგიით და მსგავსი წყაროს მიხედვით არის დაანგარიშებული, საქართველოს მონაცემის ჩასწორება, რომელიც განსხვავებულ წყაროს ეყრდნობა, მხოლოდ გაუგებრობას და უზუსტობას იწვევს.

ვიკიპედიის მასალასა და ცხრილში შესწორებები, ძირითადად, „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით გაკეთდა, რაც განსხვავებული სურათის წარმოჩენის საფუძველი გახდა.

„საქსტატის“ მიხედვით, 2015-2019 წლებში (ანუ, გუტმახერის ინსტიტუტის მიერ მოყვანილ ანალოგიურ პერიოდში) საქართველოში გაკეთდა 132 200 აბორტი. ამ შემთხვევაში ყოველწლიურად, საშუალოდ (132200: 4), აბორტის 33 ათას შემთხვევას მივიღებთ, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გუტმახერის ინსტიტუტის მიერ დასახელებული ციფრი – 74 300.

ამასთან, „საქსტატის“ საიტზე არ არის მითითებული, აბორტების მაჩვენებელი ყოველ 1000 ფეხმძიმობაზეა დაანგარიშებული თუ სხვა რაოდენობაზე.

სწორედ ამით არის გამოწვეული გუტმახერის ინსტიტუტისა და „საქსტატის“ მონაცემებს შორის დიდი განსხვავება.

მათი ერთმანეთთან შედარება არასწორი და არაადეკვატურია იმიტომაც, რომ ისინი გამოთვლის განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ. შესაბამისად, წარმოუდგენელიც კი იქნებოდა, რომ ორი განსხვავებული პარამეტრის მქონე მონაცემები ერთმანეთს დამთხვეოდა.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი საერთაშორის ორგანიზაციის მონაცემი, რომელიც მაღალი სანდოობით იკვლევს აბორტის მაჩვენებელს ყოველ 1000 ფეხმძიმობაზე .

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დასტურდება ინფორმაცია, რომ საქართველო ყოველ 1000 ფეხმძიმობაზე აბორტის მაჩვენებლით, პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

ორგანიზაციის 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ფეხმძიმობის ყოველი 1000 შემთხვევიდან 409 აბორტით დასრულდა (გრაფიკაზე მოცემული თითქმის ყველა ქვეყნის სტატისტიკური მონაცემი 2020 წლის მდგომარეობას ასახავს).

მოკლე რეზიუმე: ვიკიპედიიდან გავრცელებული ცხრილი ასახავს კონკრეტული დროის მონაცემებს და დაანგარიშებულია სპეციფიური ფორმულის მიხედვით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ცხრილში ბევრი შესწორება შევიდა, ის ზუსტი არ არის. ამასთან, წყაროს მიზანი საერთო სტატისტიკური სურათის წარმოჩენა კი არ არის, არამედ მისი მოშველიება კონკრეტული მოსაზრების დასამტკიცებლად. „საქსტატის“ მონაცემები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გუტმახერის მონაცემების სისწორე დაამტკიცოს ან უარყოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები კი ასახავენ რეალურ სურათს, მითუმეტეს – ჯანმო-ს მონაცემები უახლეს ხელმისაწვდომ გამოთვლებზეა დაფუძნებული.

შესაბამისად, 2023 წლის იანვარში, სოციალურ ქსელების ქართველი მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ყოველ 1000 ფეხმძიმობაზე აბორტის მაჩვენებლით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში“, არის დიდწილად სიმართლე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით