„ყირიმის აღების შემთხვევაში, უკრაინა ნახევარკუნძულიდან 800 ათასამდე ყირიმელის დეპორტირებას გეგმავს“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, კიევი ამზადებს ყირიმის მოსახლეობის მასობრივ გასახლებას ნახევარკუნძულიდან.

„უკრაინა გეგმავს 500 000-დან 800 000-მდე ყირიმში მცხოვრების დეპორტაციას, თუ ნახევარკუნძული დაიპყრო“, – წერს გამოცემა „პოლიტნავიგატორი“ (politnavigator.net)

გადამოწმებული: 1tv.ge

ყირიმელების დეპორტირების შესახებ რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ეყრდნობა“ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენლის, ტამილა ტაშევას განცხადებას, რომლიც „უკრაინსკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა.

მისი თქმით, 2014 წლიდან რუსეთი აქტიურად მუშაობს ყირიმის დემოგრაფიული ლანდშაფტის შეცვლაზე და ამ მიზნით, ნახევარ მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე ნახევარკუნძულზე უკანონოდ ჩაასახლა.

ტამილა ტაშევამ ხაზგასმით აღნიშნა: „უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ყველა უცხოელი, ვინც ყირიმში უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევით შევიდა (ანუ ოფიციალური გამშვები პუნქტებიდან კი არა, არამედ რუსეთის ტერიტორიიდან), ყირიმში არალეგალურად იმყოფება. ამიტომ, ასეთ უცხოელებს ნახევარკუნძულის დატოვება მოუწევთ. ყირიმელებს, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს კი, რომლებმაც არ დაარღვიეს უკრაინის კანონები და არ დაეხმარნენ ოკუპანტებს, ნახევარკუნძულიდან გამოსახლება არ ემუქრებათ“.

„უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა იქნება ნახევარკუნძულის გასუფთავება რუსებისგან, რომლებიც უკანონოდ დასახლდნენ უკრაინულ ყირიმში მისი ოკუპაციის შემდეგ“, – განაცხადა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა.

გამოცემა „სტოპფეიკი“ იმასაც განმატავს, რომ უკრაინამ ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო სპეციალური კანონი „უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის შესახებ“, რომელიც იცავს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელების უფლებებს. კანონში ნათქვამია, რომ უკრაინა – ისევე როგორც სხვა დემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყნები – კატეგორიულად არ ცნობს კრემლის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში იძულებით გაცემულ რუსულ დოკუმენტებს (მუხლი N5).

ამ კანონის თანახმად: 1) უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ოკუპაციის შემდეგაც დარჩნენ ყირიმში საცხოვრებლად, კვლავ უკრაინის მოქალაქეებად რჩებიან; 2) უკრაინა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას უკრაინის მოქალაქეობის შენარჩუნების გარანტიას აძლევს: 3) ამ უფლებით ისარგებლებენ ის უკრაინელებიც კი, რომლებმაც რუსული პასპორტი მიიღეს – ოფიციალური კიევი ამ „დოკუმენტის“ მიღებას „იძულებითს“ უწოდებს; 4) უკრაინის ტერიტორიებზე ოკუპანტის მიერ გაცემული ნებისმიერი „დოკუმენტი“ არ არის ლეგალური და არ არის აღიარებული უკრაინის მიერ.

ტამილა ტაშევას თქმით, ყირიმიდან მხოლოდ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების დეპორტაცია იგეგმება, ვინც ნახევარკუნძულზე უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით იმყოფება.

შესაბამისად, რუსული გამოცემა „პოლიტნავიგატორის“ მიერ ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია არის სიცრუე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით