მოწოდებული ინფორმაცია

ყატარში მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყების წინ, ხშირად ისმოდა კრიტიკა და მოწოდებები, რომ ტურნირისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ. ამის საფუძვლად მედია და უფლებადამცველები ასახელებენ იმას, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში, ყატარში, სამშენებლო ობიექტებზე 15 ათასი მუშა დაიღუპა.

ვინაიდან თავად ამ ინფორმაციის სიზუსტე არაერთხელ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, გერმანულმა გამოცემა „დოიჩე ველემ“ ის ფაქტები და მონაცემები გადაამოწმა, რომლებიც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA), ყატარის ხელისუფლებამ, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ყატარში, მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდში, სამშენებლო ობიექტებზე დაღუპულთა რაოდენობა (15021) უფლებადამცველი ორგანიზაცია „ემნისტი ინტერნეიშნელის“ (Amnesty International) 2021 წლის ანგარიშში დასახელდა. დაღუპულთა სხვა რაოდენობაზეა (6500) საუბარი ბრიტანული „გარდიანის“ მიერ 2021 წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაში.

სხვადასხვა ინტერპრეტაციის მიუხედავად, არცერთი ზემოთ ნახსენები წყარო არ ამტკიცებდა, რომ ყველა ეს ადამიანი სტადიონების ან იმ ობიექტების მშენებლობაზე დაიღუპა, რომლებიც უშუალოდ მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს უკავშირდება. ორივე მონაცემი (15021 და 6500) ყატარში ბოლო წლებში დაღუპული სხვა ქვეყნების მოქალაქეთა საერთო რაოდენობას წარმოადგენს.

„ემნისტი ინტერნეიშნელს“ დაღუპულ უცხელთა რაოდენობა „15021“ აღებული აქვს ყატარის ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიდან, რომლის თანახმადაც, 2011-2020 წლებში, ქვეყანაში ყატარის მოქალაქეობის არმქონე 15799 პირი გარდაიცვალა. ამ მონაცემში შედიან არა მხოლოდ დაბალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელები (მუშები, დაცვის თანამშრომლები, მებაღეები და სხვა), არამედ ასევე ბიზნესმენები, ინჟინრები, ექიმები, მასწავლებლები…

ზოგიერთი მათგანი ყატარში განვითარებადი ქვეყნებიდან ჩამოვიდა, ზოგი – გარდამავალი ეკონომიკის მქონე ან ინდუსტრიული სახელმწიფოებიდან. (ყატარის ოფიციალური სტატისტიკა ამ თემის უფრო დეტალურად შესწავლის საშუალებას არ იძლევა).

„გარდიანის“ პუბლიკაციის ავტორები კი, თავიანთი კვლევის დროს, ბანგლადეშის, ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანისა და შრი-ლანკის მოქალაქეებით შემოიფარგლნენ და ყატარის ხელისუფლებისგან მხოლოდ მათ შესახებ მონაცემები გამოითხოვეს. „გარდიანის“ ჟურნალისტების ასეთი პოზიცია განაპირობა იმან, რომ უცხოელი მუშაკების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით დაბალი და არაკვალიფიციური მუშები, ყატარში სწორედ ამ ხუთი ქვეყნიდან ჩავიდა.

ყატარის ხელისუფლებას ზემოაღნიშნული ციფრები არ გაუპროტესტებია. „გარდიანის“ სტატიაზე პასუხად, ყატარის ინფორმაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ სიკვდილის შემთხვევების რაოდენობა იყო „ასეთი ზომისა და დემოგრაფიული მოსახლეობისთვის მოსალოდნელი დიაპაზონის ფარგლებში“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სტატისტიკის მიხედვით, თავად იმ ქვეყნებში, საიდანაც „გასტარბაიტერები“ ყატარში ჩავიდნედნენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ყატარში დასაქმებულ მიგრანტ-მუშაკებს შორის. თავით ყატარში კი, ამ ქვეყნის ხელისუფლების მონაცემების თანახმად, წლიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც მის 100 000 მოქალაქეზე იანგარიშება, უფრო მაღალია, ვიდრე 100 000 მიგრანტი მუშის ანალოგიური მაჩვენებელი. თუმცა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ ინდიკატორს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ყატარში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები მათი სახელმწიფოების რეპრეზენტატიულ (წარმომადგენლობით) ნაწილად არ არის მიჩნეული.

ყატარში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ობიექტებზე სამუშაოდ, როგორც წესი, ჯანმრთელი უცხოელი მუშები ჩავიდნენ. ეს იმან განაპირობა, რომ ყატარის სამუშაო ვიზის მისაღებად უამრავი სახის ჯანმრთელობის ცნობა იყო საჭირო. სხვა საბუთებთან ერთად, ვიზის მსურველებს უნდა წარედგინათ ტესტის უარყოფითი პასუხები ისეთ ინფექციურ დაავადებებზე, როგორიცაა შიდსი/აივ, ჰეპატიტი B და C, სიფილისი და ტუბერკულოზი – ანუ, ისეთ დაავადებებზე, რომლებიც „გასტარბაიტერების“ მშობლიურ ქვეყნებში, სტატისტიკურად, სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ამასთან, ფრანგი ჟურნალისტები, სებასტიან კასტელიე და კვენტინ მიულერი, თავიანთ წიგნში, „მენავთობეთა მონები“ („Les Esclaves de l’Homme Pétrole“), აღნიშნავენ, რომ ზემოთ მოყვანილ სტატისტიკურ მონაცემებში არ შედიან ის მიგრანტი მუშები, რომლებიც ყატარიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მალევე დაიღუპნენ.

ნეპალში, მაგალითად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, 20-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებში თირკმელების უკმარისობით გამოწვეული სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი დაბრუნებული იყო ახლო აღმოსავლეთიდან. უდაბნოში მძიმე შრომა, სასმელი წყლის სიმცირესა და დაბალ ხარისხთან ერთად, რაზეც დაბრუნებული მუშები საუბრობდნენ, ამ ფენომენის დამაჯერებელ ახსნას იძლევა.

თავის მხრივ, ფიფა და ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებენ, რომ დაიღუპა მხოლოდ სამი ისეთი ადამიანი, ვისი მუშაობაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენებულ ობიექტებთან უშუალოდ იყო დაკავშირებული. ამავე დროს, ისინი აღიარებენ, რომ კიდევ 37 მუშა იმ ობიექტებზე დაიღუპა, რომლებიც მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატთან პირდაპირ კავშირში არ არის.

ეს განცხადებები, ერთი შეხედვით, შესაძლოა, სიმართლეს შეესაბამებოდეს – დოკუმენტურად მართლაც დაფიქსირდა უბედური შემთხვევა, როდესაც ორი მუშა დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა, ხოლო ერთი მუშა ავტომობილის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.

თუმცა, ფიფას და ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ეს მონაცემები დამაბნეველია ორი მიზეზის გამო.

ჯერ ერთი, მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები უგულებელყოფენ ყველას, ვინც დაიღუპა იმ სამშენებლო ობიექტებზე, რომლებიც, ალბათ, არ აშენდებოდა, რომ არა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. არადა, ფიფა-ს გადაწყვეტილებამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში გამართვის შესახებ, ქვეყანაში ნამდვილი სამშენებლო ბუმი გამოიწვია, რომლის დროსაც აშენდა მეტროპოლიტენის ახალი ქსელი, ავტომაგისტრალები, სასტუმროები, გაფართოვდა აეროპორტი, ასევე აშენდა ადრე დაგეგმილი ქალაქი ლუსაილი, განხორციელდა სხვა უამრავი პროექტები… ფიფა-ს ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტის მშენებლობაზე 30 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.

მეორეც – მათ, ვინც ადგილობრივ პირობებს კარგად იცნობს, ეჭვი ეპარებათ, რომ 37 უცხოელი მუშის დაღუპვა მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ სამუშაოებს არ უკავშირდება. ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ანგარიშის („პროგრესი მუშების კეთილდღეობაში 2019 წელს“) თანახმად, სტადიონის მშენებლობაზე დასაქმებული ცხრა პირიდან სამი გულის ან სუნთქვის უკმარისობით, „ბუნებრივი მიზეზების“ გამო გარდაიცვალა. თუმცა, ეპიდემიოლოგებისთვის სიკვდილის მიზეზი არ შეიძლება იყოს „ბუნებრივი“, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს ეხება.

ზემოთ ნახსენები გარდაცვალების სამი შემთხვევა გამონაკლისს არ წარმოადგენს. „გარდიანმა“ გამოძიებით დაადგინა, რომ ყატარში მიგრანტ მუშებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის დაახლოებით 70 პროცენტში, ყატარელმა ექიმებმა სიკვდილის მიზეზად მიიჩნიეს „გულის ან სუნთქვის უეცარი გაჩერება ბუნებრივი მიზეზების გამო“. „ემნისტი ინტერნეიშნელის“ ცნობით, ეს მაჩვენებელი ბანგლადეშის სამთავრობო დოკუმენტებითაც დასტურდება.

ტელეარხ ARD-ის დოკუმენტური სერიალში „სირცხვილის ჩემპიონატი“ ყატარელი ექიმები ამბობენ, რომ მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა გარდაცვალების მოწმობებში სწორედ ასეთ ჩანაწერი გაკეთებულიყო. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (МОТ) 2021 წლის ბოლოს გააკრიტიკა ოფიციალური დოჰა უბედური შემთხვევებისა და სიკვდილის მიზეზების დოკუმენტირების გამო. ჯერ კიდევ 2014 წელს კი, საერთაშორისო იურიდიული ფირმა „DLA Piper“-მა, ყატარის ხელისუფლების დაკვეთით მომზადებულ დამოუკიდებელ მოხსენებაში, ყურადღება გაამახვილა მიგრანტი მუშების სიკვდილის მიზეზების დადგენაში არსებულ ხარვეზებზე.

„ემნისტი ინტერნეიშნელის“ მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, „კარგად მართულ ჯანდაცვის სისტემებში“ სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელია 100-დან მხოლოდ ერთ შემთხვევაში. შესაბამისად, გარდაცვლილის გაკვეთა მხოლოდ უიშვიათეს სიტუაციებშია აუცილებელი. სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 85 პროცენტის დროს, საკმარისია „ზეპირი აუტოპსია“, ანუ თვითმხილველების ან იმ ადამიანების გამოკითხვა, რომლებიც იცნობდნენ გარდაცვლილს, მის მიერ გადატანილ დაავადებებს ან ცხოვრების პირობებს.

ისეთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, როგორებიც არიან „ემნისტი ინტერნეიშნელი“, „ჰუმან რაითს ვოტჩი“ და სხვა, არაერთ ასეთ მოწმეს მოუსმინს. მათ ანგარიშებში გამოითქვა ვარაუდი, რომ უეცარი, „აუხსნელი“ სიკვდილის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, იყო სითბური ინსულტი („მზის ინსულტი“), გადაღლილობა, გამოფიტვა ან უფრო მსუბუქი, მაგრამ არაგანკურვებადი დაავადებები. საბოლოო შეფასების გაკეთება კი შეუძლებელი აღმოჩნდა არსებული ჩანაწერების არასრულყოფილების გამო. ამასთან დაკავშირებით, ჩნდება შეკითხვა ყატარის ხელისუფლებასთან, თუ რატომ არ აქვეყნებს უფრო მნიშვნელოვან და დეტალურ დოკუმენტებს მიგრანტი მუშების გარდაცვალების შესახებ.

როგორც „დოიჩე ველე“ აღნიშნავს, ამ საკითხებთან დაკავშირებით მის მიერ ყატარის, ბანგლადეშის, ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანისა და შრი-ლანკის ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში გაგზავნილი კითხვები დღემდე უპასუხოდ რჩება.

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მიერ ყატარის ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ყატარში, მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებზე, 15000 მიგრანტი დაიღუპა, არის დიდწილად სიმართლე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით