ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ საბოლოო სიმშვიდემ რეგიონში მაინც ვერ დაისადგურა

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 10 ნოემბერს ყარაბაღის მეორე ომი დასრულდა, ამჯერად ბაქოს გამარჯვებით. აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილი და სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი მოსაზღვრე რეგიონები დაიბრუნა, კონფლიქტის ზონაში კი, მოსკოვის შუამავლობით მიღწეული  შეთანხმების თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ.

ომის დასრულების მიუხედავად, მხარეებს შორის დავა დასრულებული არ არის. ფართომასშტაბიანი საბრძოლო შეტაკებების შეწყვეტიდან გასული დაახლოებით 20 თვის განმავლობაში მხარეებმა რამდენჯერმე გაუხსნეს ერთმანეთს ცეცხლი.

„ანტიფეიკი“ გთავაზობთ BBC-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს, რომელიც ადასტურებს, რომ ომის დასრულების მიუხედავად, მდგომარეობა რეგიონში კვლავ დაძაბული რჩება.

გადამოწმებული: 1tv.ge

რუსეთმა აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფანი გადასცა. რას ნიშნავს ეს ყარაბაღელი სომხებისთვის?

რუსმა სამშვიდობოებმა ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადასცეს – მთაში გამავალ ექვსკილომეტრიან გზას, რომელიც სომხეთსა და მთიან ყარაბაღს აკავშირებს, მთელი რეგიონისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს.

ორი წელი „დერეფანში“

ყარაბაღის მეორე ომი 44 დღე გაგრძელდა და 2020 წლის 10 ნოემბერს დასრულდა – ამ დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შუამავლობით, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. ეს, ფაქტობრივად, სომხეთის კაპიტულაცია იყო.

გარდა ცეცხლის შეწყვეტისა და აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიების დაბრუნებისა, რომლებსაც 1994 წლიდან სომხური ძალები აკონტროლებდნენ, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი შეთანხმდნენ, რა მოეხერხებინათ ლაჩინის დერეფნისთვის – ერთადერთი სახმელეთო გზისთვის, რომელიც სომხეთს სტეფანაკერტთან (ხანკენდისთან), არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკების დედაქალაქთან აკავშირებს.

ომის შედეგად ლაჩინი – პატარა ქალაქი ყარაბაღის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, სადაც საბჭოთა პერიოდში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ცხოვრობდა, – თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ, აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნდა. ქალაქს და თავად გზას სომხეთიდან მთიანი ყარაბაღისკენ, აკონტროლებდნენ რუსი სამშვიდობოები – მათ აქვთ ხუთწლიანი მანდატი, გაგრძელების შესაძლებლობით.

თავიდან ეს ადვილი არ იყო: მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია, ფორმალურად, აზერბაიჯანულია, „გარდამავალ პერიოდში“, ლაჩინში მოხვედრა მხოლოდ სომხური პასპორტის მფლობელებს შეეძლოთ, აზერბაიჯანელ სამხედროებს კი დერეფნის ტერიტორიაზე ყოველი შესვლა რუსებთან უნდა შეეთანხმებინათ. ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც კი, აზერბაიჯანულ კოლონას რუსი სამშვიდობოები აცილებდნენ.

„თავიდან ისინი აღშფოთებულები იყვნენ, მაგრამ ჩვენ ავუხსენით, რომ ასეთია სამშვიდობო შეთანხმების პირობები. ამ შეთანხმებაზე პრეზიდენტის ხელმოწერაა. ასე რომ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ“, – უყვებოდა რუსი მშვიდობისმყოფელი BBC-ს 2021 წლის მარტში, – ამ სიტყვების შემდეგ, როგორც წესი, ყველა დავა მთავრდებოდა“.

რამდენიმეკილომეტრიან მთიან გზაზე კონფლიქტები ხშირად ხდებოდა. მანქანით გავლისას, აზერბაიჯანელები, იმის დემონსტრირებისთვის, რომ ეს მათი ტერიტორიაა, ფანჯრებიდან ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ, სომხები კი, აზერბაიჯანული მანქანების კოლონის დანახვისას, თავისებურად რეაგირებდნენ: შუა თითს უჩვენებდნენ.

დროთა განმავლობაში, ვითარება უფრო მშვიდი გახდა: უკვე 2021 წლის შემოდგომაზე, ლაჩინის დერეფანში გაიხსნა მოძრაობა კერძო მანქანებისთვის. თუმცა, დერეფანში მოძრაობა სამშვიდობო ძალების მიერ კვლავ მკაცრად კონტროლდებოდა.

მაშინ, 2021 წელს, ლაჩინში მხოლოდ 80 მცხოვრები იყო. ბევრი გვიყვებოდა, თუ როგორი ცოტა დრო ეძლეოდათ ნივთების შესაგროვებლად და წასასვლელად ადგილობრივებს იმ მეზობელ სოფლებში, რომლებიც აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში უნდა გადასულიყო.

მათ უმეტესობას წასასვლელი არსად ჰქონდა. თანაც, ლაჩინის მცირერიცხოვან მცხოვრებლებს არსად წასვლა არ სურდათ. მაგრამ ახლა ამის გაკეთება, ალბათ, მაინც მოუწევთ.

სადავო გზა

ომის დასრულებიდან გასული პერიოდი შეიძლება დახასიათდეს, როგორც დრო მშვიდობისა და ომის გარეშე.

ლოკალური გართულებები ხშირია: ესკალაციაში ძირითადად აზერბაიჯანს ადანაშაულებდნენ, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში, კონფლიქტის ზონაში კიდევ ერთ დასახლებასა და სიმაღლეზე დაამყარა კონტროლი.

მაგრამ სიტუაცია ყარაბაღში ივლისის ბოლოს საგრძნობლად გაუარესდა.

ჯერ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანელები ცდილობდნენ შეხების ხაზის გადაკვეთას. შემდეგ რუსმა სამშვიდობოებმა განაცხადეს აზერბაიჯანის მიერ „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სამი დარღვევის“ შესახებ. ამის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთისთვის ცეცხლის გახსნაში დადანაშაულება დაიწყეს. შეტაკებისას რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა.

ზოგიერთმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაშინ აღნიშნა, რომ დაპირისპირების ახალი ტალღა დაკავშირებულია იმასთან, რომ ილჰამ ალიევს სურს, ერევანს სადავო საკითხების რაც შეიძლება მალე გადაჭრისკენ უბიძგოს. ამისთვის კი კარგი დროა: სანამ რუსეთი უკრაინის ომით არის დაკავებული და მთელი მსოფლიო აკვირდება, თუ რა ხდება, აზერბაიჯანელებმა გადაწყვიტეს, სამშვიდოებოებისთვის ანგარიშგაუწევლად, უფრო აგრესიულად ემოქმედათ.

მთავარი გადაუჭრელი საკითხი სწორედ ლაჩინის დერეფნიდან მომდინარეობდა, რომელზე კონტროლის მოპოვებაც აზერბაიჯანს უახლოეს მომავალში სურდა.

ხელშეკრულებების თანახმად, რომელიც ომის დასრულების გარანტია უნდა გამხდარიყო, სომხეთსა და აზერბაიჯანს უნდა განესაზღვრათ ლაჩინის გვერდის ავლით ახალი მარშრუტის აშენების გეგმა. რუს სამშვიდობოები ახალ გზაზე უნდა გადასულიყვნენ. ამისთვის სამი წელი დაითქვა და ეს ვადა ჯერ არ გასულა.

3 აგვისტოს, სიტუაციის ძლიერი გამწვავების შემდეგ, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ბაქოს მოთხოვნებს ლაჩინის დერეფნის შესახებ უკანონო უწოდა: ის ამტკიცებდა, რომ ახალი გზის მშენებლობის არც ერთ ახალ გეგმაზე სომხეთს ჯერ არ განუცხადებია თანხმობა.

ამის გამო აზერბაიჯანს სულაც არ უგრძვნია უხერხულად თავი: ამ დროისთვის ის უკვე ამთავრებდა მარშრუტის თავის ნაწილს, რომელიც ლაჩინის რეგიონის სომხეთთან საზღვრიდან იწყება და გზატკეცილს შუშასთან – სტეფანაკერტთან აკავშირებს. როგორც ბაქოში თქვეს, გზა უკვე მთლიანად არის მზად.

აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ სომხეთი მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად აჭიანურებდა გეგმის დამტკიცებას და მისი მონაკვეთის მშენებლობას. ერევანი კი ამტკიცებდა, რომ სამწლიანი ვადის გასვლა იყო საჭირო.

მაგრამ ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში ვითარების გამწვავების შემდეგ, პროცესი დაჩქარდა. არაღიარებულმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა მოითხოვა ლაჩინისა და სოფელ ზაბუხის (ახავნო) 5 აგვისტომდე გათავისუფლება. ცოტა მოგვიანებით, ვადამ 25 აგვისტოსთვის გადაიწია.

ახალი გზა მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში

ხალხი გზის გასწვრივ

სომხები აგრძელებენ ცხოვრებას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც აზერბაიჯანს გადაეცა. ბევრი მათგანი საკუთარ ხელისუფლებასთან განსახლების საკითხზე ვერ თანხმდება. არაღიარებული რესპუბლიკა მათ დროებით საცხოვრებელს ჰპირდება, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება. ბევრს საცხოვრებლის დროებითი სტატუსი არ აწყობს, სხვები კი აღშფოთებულნი არიან, რომ ყველა დაპირება მხოლოდ ცარიელი სიტყვებია.

გამოცემა „კავკაზსკი უზელ“-ი, რომელიც რუსეთის მიერ აღიარებულია, როგორც „უცხოეთის აგენტი“ მედიასაშუალება, ესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც სრულ გაურკვევლობაშია. ბევრმა არ იცის, სად წავიდეს, ან შეუძლია თუ არა დარჩენა და, თუ დარჩება – რა ბედი ელის.

აგვისტოს დასაწყისში, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ლაჩინისა და სოფლების სუსისა და აგავნოს (ბაქოში მას ზაბუხს უწოდებენ) სომეხ მოსახლეობას გამოუცხადა, რომ 25 აგვისტომდე დაეტოვებინათ თავიანთი სახლები: სწორედ ამ დროს უნდა გადავიდეს ტერიტორიები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ.

სოფლების მოსახლეობისთვის ეს განცხადება დიდი მოულოდნელობა იყო: ყარაბაღის მეორე ომის დროს აქიდან გაქცეული ბევრი ადამიანი დაბრუნდა საკუთარ სახლებში იმ იმედით, რომ მათ შეეძლოთ ცხოვრება მშობლიურ მხარეში მშვიდად გაეგრძელებინათ.

6 აგვისტოს ჟურნალისტმა ლილიტ შაჰვერდიანმა მანქანით მაშინ გაიარა ჯერ კიდევ მოქმედ ლაჩინის დერეფანში, როდესაც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ხალხს ბარგის შეკვრა მოსთხოვა. მაშინ ლაჩინს ჯერ კიდევ რუსი სამშვიდობოები იცავდნენ, რომლებმაც ჟურნალისტს ქალაქში გადაღების საშუალება არ მისცეს.

სოფელ ახავნოს მოსახლეობას ბოლო დრომდე არ სჯეროდა, რომ წასვლა მოუწევდა, მაგრამ ნივთებს მაინც ალაგებდნენ

თუმცა, მან აგავნოს მოსახლეობასთან გასაუბრება მოახერხა. ადგილობრივებს, ჟურნალისტის თქმით, ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ აზერბაიჯანელების შემოსვლა შესაძლებელი იყო, მაგრამ ნივთებს მაინც აგროვებდნენ.

2020 წლის ომის შემდეგ, სოფელში აღადგინეს სკოლა: გარემონტდა შენობა, შეიღება კედლები, შეკეთდა მერხები. სომხეთიდან ჩამივიდნენ ახალი მასწავლებლები, ახლა კი ამ სკოლის დატოვება უწევთ.

ხალხმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაიტანა და ზედმეტი ქაღალდები დაწვა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ წვავს ზოგიერთი მცხოვრები საკუთარ სახლებს, რათა ის აზერბაიჯანელებს არ დარჩეთ. მიუხედავად არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების მხრიდან გაფრთხილებისა, რომ ამ შემთხვევაში ხალხი კომპენსაციას არ მიიღებდა.

ლილიტ შაჰვერდიანმა BBC-ს განუცხადა, რომ აგავნოში ხალხი არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებას ემდურის, მაგრამ ისიც ესმის, რომ აზერბაიჯანმა მას, ალბათ, სხვა გზა არ დაუტოვა. აგვისტოს მეორე ნახევარში ახავნოს შესასვლელთან უკვე რუსული ჯავშანმანქანები და საგუშაგოები განთავსდა.

საცხოვრებელი სახლის შესაძენად ან დასაქირავებლად, არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ იძულებით გადასახლებულებს, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი დრამის ოდენობის (დაახლოებით $24,600) სერთიფიკატი, აგრეთვე თითო სულზე 40 ათასი დრამის (დაახლოებით $99) ოდენობის დახმარება გამოუყო.

ეს თანხა, ჟურნალისტის თქმით, საკმარისი იქნებოდა ბინის გასაქირავებლად, მაგრამ არა სახლის საყიდლად – მით უმეტეს, თუ საუბარია სომხეთზე.

გარდა ამისა, ლაჩინის ყოფილ მოსახლეობას, რომლებმაც ასეთი სერთიფიკატები მიიღეს, პრობლემები შეექმნათ: სომხური ბანკები ამ დოკუმენტებს ეჭვით უყურებენ და ხშირად არ იღებენ მათ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ეს ნაკლებად აინტერესებს. „ქალაქ ლაჩინში, აგრეთვე სოფლებში – ზაბუხსა და სუსში უკანონოდ განსახლებული ადამიანები უნდა გაიყვანონ. ეს ბუნებრივია. მათი იქ ყოფნა არსებითად ომის დანაშაულია, რადგან ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციას. ოკუპანტი ქვეყანა მიტაცებულ მიწებზე უკანონო დასახლებას ვერ განახორციელებს“, – განაცხადა მან.

ყარაბაღიდან სომხეთში მიმავალ ახალ გზას რუსი სამშვიდობოები აკონტროელებენ

ლაჩინის დერეფნის გადაცემის წინ გაჩნდა კითხვა: როგორ დაუკავშირდება თვითგამოცხადებული ყარაბაღის რესპუბლიკა სომხეთს, როდესაც გზა აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა?

ლილიტ შაჰვერდიანი ამბობს, რომ არსებობს ალტერნატიული გზა.

დერეფნის გადაცემამდე ცოტა ხნით ადრე, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ხალხს შესთავაზა იმ გზით ისარგებლოს, რომელიც ახლა უკვე აზერბაიჯანის ხელში გადასული შუშას მახლობლად გადის და რომელსაც რუსი სამშვიდობოები აკონტროლებენ.

მაგრამ პრობლემა ბოლომდე მაინც არ მოგვარებულა: ახალ დროებით დერეფანში სომხეთსა და არაღიარებულ რესპუბლიკას ჯერ კიდევ უწევთ ელექტრობოძებისა და საკომუნიკაციო კაბელების გადატანა.

თუმცა, ყარაბაღის მაცხოვრებლებისთვის მთავარ თავსატეხად მაინც გაზსადენი რჩება: ის ნაწილობრივ გადის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე და ეს პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა.

მთიანი ყარაბაღი: ცხოვრება ომის შემდეგ. BBC-ის დოკუმენტური ფილმი
  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით