

მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 9 ნოემბერს, საინფორმაციო სააგენტო smi6.ru-მ გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „ყარაბაღელ სომხებს აფხაზეთში მასობრივად ასახლებენ“. სტატიის თანახმად, „ყარაბაღიდან სომეხი სეპარატისტების მასობრივი გაქცევის შემდეგ, ერევანი მათ განსახლებას რეგიონის ქვეყნებში ცდილობს“.
„კერძოდ, მიმდინარეობს სომეხი სეპარატისტების მასობრივად ჩასახლება აფხაზეთში… ბოლო თვის განმავლობაში, აფხაზეთში 3-4 ათასი სომეხი იქნა გადაყვანილი“, – აცხადებს smi6.ru.
სააგენტოს ცნობით, აფხაზეთში ჩასახლებული სომხების მომარაგებას და განთავსებას უძღვება ბიზნესმენი, „ჩერნომორსკოე პობერეჟიე როსიი“-ის მმართველი რუბენ ტატულიანი, მეტსახელად „რობსონი“.
„აზერბაიჯანის არმიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიზნით განხორციელებული წარმატებული ოპერაცია მოულოდნელი დარტყმა აღმოჩნდა მთელი მსოფლიოს სომხებისთვის და აიძულა დიასპორის წარმომადგენლები, ოპერატიულად მოეხდინათ თავისი უახლოესი გეგმების ოპტიმიზაცია, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთში სომხების გადასახლებამ მთლიანად უნდა შეცვალოს დემოგრაფიული სურათი რეგიონში და განამტკიცოს მათი, როგორც ეთნიკური უმრავლესობის სტატუსი“, – წერს smi6.ru.
ამავე ინფორმაციას, smi6.ru-ზე დაყრდნობით, სააგენტო day.az-ც ავრცელებს.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში „ანტიფეიკს“ განუცხადეს, რომ საინფორმაციო სააგენტოების, smi6.ru-სა და day.az-ის მიერ გავრცელებული ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია „სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება“.
გარდა ამისა, იმისთვის, რომ აფხაზეთში ჩასულიყო, ყარაბაღში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას უნდა გაევლო ან საქართველოს, ან აზერბაიჯანის ტერიტორია. კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, ბოლო პერიოდში , სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ჩაკეტილია, ხოლო რაც შეეხება აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფხაზეთში ჩასვლის, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის არსებული ეთნიკური შუღლის გათვალისწინებით, ასეთი შესაძლებლობა მთლიანად გამორიცხულია. არ განხორციელებულა არც იმდენი ავიარეისი სოჭის მიმართულებით, რომელიც 3-4 ათას ყარაბაღელ სომეხს აფხაზეთში ჩასვლის საშუალებას მისცემდა.
ამდენად, საინფორმაციო სააგენტოების, smi6.ru-სა და day.az-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ყარაბაღელ სომხებს აფხაზეთში მასობრივად ასახლებენ“ და „ბოლო თვის განმავლობაში აფხაზეთში 3-4 ათასი სომეხი იქნა გადაყვანილი“, არის სიყალბე.