

მოწოდებული ინფორმაცია
ყალბი ამბების გავრცელებასთან ბრძოლას ყველა პასუხისმგებლიანი მედია ცდილობს. ასეთი ამბების მოსალოდნელი შედეგები ზოგჯერ საკმაოდ დრამატულია.
„ანტიფეიკი“ დაინტერესდა, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ყალბი ამბების გავრცელებას.
გადამოწმებული: 1tv.ge
2016 წლის ოქტომბერში, „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებული მიმოწერა რესტორატორ ჯეიმ ალეფანტისა და ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელს, ჯონ პოდესტას შორის, საკმაოდ დრამატული მოვლენების განვითარების მიზეზად იქცა. ალეფანტისა და პოდესტას მიმოწერაში ნახსენები „cheese pizza“ ანონიმურმა მომხმარებელმა, ფრაზებში არსებული სიტყვების პირველი ასოების ერთმანეთთან თანხვედრის არგუმენტით, მიიჩნია, როგორც კოდური სიტყვა ფრაზისთვის „child pornography“ და პიცერია დემოკრატებისთვის ბავშვთა ტრეფიკინგისა და სექსუალური ძალადობის ობიექტად მოიხსენია. ძალიან მალე ამ თეორიას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. გაჩნდა ჰეშტეგი „პიცაგეიტი“, რომელიც მალე ვირუსულად გავრცელდა და პიცერიის მფლობელმა მუქარის შემცველი უამრავი შეტყობინება მიიღო. ეს ბრალდება მიმდებარედ არსებულ მაღაზიების მფლობელებზეც გავრცელდა.

28 წლის ედგარ მედისონ ველში სიმართლის დადგენას საკუთარი ძალებით შეეცადა. 3 დღის განმავლობაში ის ინტენსიურად ადევნებდა თვალყურს ყველა კომენტარს პიცერიის გარშემო, უყურებდა გავრცელებულ ვიდეოებს და შემდეგ გადაწყვიტა, რომ უნდა ემოქმედა. 4 დეკემბერს, AR-15 ტიპის ნახევრადავტომატური შაშხანით შეიარაღებული ველში ჩრდილოეთ კაროლინიდან ჩავიდა ვაშინგტონში, შევარდა პიცერიაში, სროლა დაიწყო და დანაშაულის მტკიცებულებებს ეძებდა. პოლიციამ დამნაშავე დააკავა. როგორც აღმოჩნდა, მას საკუთარი გამოძიების ჩატარება და ბავშვების „გადარჩენა“ სურდა. საბედნიეროდ, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ველშს 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა და ის ციხიდან გასულ წელს გათავისუფლდა.