„წითელმა ჯვარმა“ უკრაინაში მუშაობა დროებით შეაჩერა“

მოწოდებული ინფორმაცია

ქართულ მედიაში („რადიო თავისუფლება“, „ინტერპრესნიუსი“, „ნიუპოსტსი“, „რუსთავი 2“ და სხვა), „როიტერსზე“ დააყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „წითელმა ჯვარმა“ უკრაინაში მუშაობა დროებით შეაჩერა.

აღნიშნულის მიზეზად, უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სხვა ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები და ამისგან გამომდინარე, უსაფრთხოების საკითხი სახელდება.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

უკრაინის წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა უარყვეს ინფორმაცია მათი საქმიანობის შეჩერების შესახებ და აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.

„ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, თითქოს, „წითელი ჯვრის“ საქმიანობა შეაჩერა უკრაინის ტერიტორიაზე, გაცნობებთ, რომ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელი სარაკეტო თავდასხმების გამო, უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოება გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს და დახმარებას უწევს დაზარალებულებს. წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობის პარტნიორები ასევე აგრძელებენ მუშაობას უკრაინის ტერიტორიაზე, რათა, ერთობლივი ძალისხმევით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმარონ“, – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, გამოცემა „სტოპფეიკი“ აზუსტებს, რომ „ამ დროისთვის, წითელი ჯვრის უკრაინის ორგანიზაციის ოფისებში 600-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

ამდენად, ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „წითელმა ჯვარმა“ უკრაინაში მუშაობა დროებით შეაჩერა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით