მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 1 ივლისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც იწყება განცხადებით, რომ „საქართველო ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს კარგავს“.
სუბსიდირება და გადაწყვეტილების მიღება ერთი კონკრეტული კომპანიისთვის სასარგებლოდ, რომელიც პანდემიის დროს სპეცრეისებს ახორციელებს – ამ მიზეზებს ასახელებს „მთავარი არხი“, როდესაც უნგრულ ავიაკომპანიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის უთანხმოებაზე საუბრობს.
„უნგრული ავაიაკომპანია ქვეყანაში რეისებს არ აუქმებს, მაგრამ ხურავს საკუთარ ბაზას. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს მხოლოდ ათობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. „მთავარ არხს“ წყარო უდასტურებს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი არა მხოლოდ კორონაკრიზისია. ირკვევა, რომ „ვიზეარი“ საკუთარი ქსელის გაფართოებისა და საქართველოდან რეისების გაზრდის მიზნით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მხარდაჭერას სთხოვდა, თუმცა უარი მიიღო,“ – ნათქვამია რეპორტაჟში.
„მთავარი არხის“ მტკიცებით, თანამშრომლების დიდ ნაწილს, რომლებიც „ვიზეარში“ მუშაობდნენ, ავიაკომპანია მნიშვნელოვნად ამცირებს. თუმცა, ავიაკომპანიის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან გამართული თათბირიდან გამოსული თანამშრომლები, ამავე რეპორტაჟში, ჟურნალისტის კითხვაზე, „იქნება თუ არა შემცირებები“, კომენტარს არ აკეთებენ.
მას შემდეგ, რაც ამ თემაზე რესპონდენტებისგან პასუხი ვერ მიიღო, „მთავარი არხი“ მაყურებელს სთავაზობს სატელეფონო ინტერვიუს, ტელეკომპანიის მტკიცებით, „ვიზეარში“ ერთ-ერთი დასაქმებულთან“, რომლის ვინაობაც არ სახელდება და რომელიც აცხადებს, რომ ქუთაისში კომპანიის ბაზის გაუქმებით, თანამშრომლების ნაწილი უსამსახუროდ დარჩება და ეს სახელმწიფოს ბრალია.
„მთავარი არხის“ რეპორტაჟში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბაზის გაუქმებიაში პრობლემას ვერ ხედავს“ და არ საუბრობს მიზეზებზე, „რატომ წყვეტს კავშირს საქართველოსთან და რატომ აღარ ექნება „ვიზეარს“ ბაზა ქუთაისში“.
გადამოწმებული: 1tv.ge
2020 წლის 1 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო, უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარის სახით, ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს კარგავს, უარყოფს თავად უნგრული ავიაკომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრას რადო, რომლის თქმითაც, „ავიაკომპანია ფრენებს მხოლოდ დროებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რთული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე აჩერებს“.
„დროებით შეჩერება, სამწუხაროდ, მოგვიხდა ვირუსიდან გამომდინარე… ჩვენ განვაახლებთ ფრენებს, როგორც კი პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ყველა იმ წესს, რომელსაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ხელისუფლებები აწესებენ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ფრენებს შეძლებისდაგვარად სწრაფად განვაახლებთ,“ – აცხადებს ანდრას რადო.
იგი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს: „ჩვენ არ ვაუქმებთ და არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას და ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი გეგმა, რომ ქუთაისში ჩვენი ბაზა დავხუროთ. ჩვენ დროებით ვაუქმებთ ოპერირებას… ჩვენ ახლა არ გვყავს თვითმფრინავები ქუთაისის ბაზაში. ისინი სხვაგან განვათავსეთ ჩვენსავე ქსელში და როგორც კი ქუთაისში ოპერაციები განახლდება, რა თქმა უნდა, თვითმფრინავებს უკან დავაბრუნებთ“.
ანდრას რადო ასევე აცხადებს, რომ ავიაკომპანია მზად არის, დაემორჩილოს „ყველა იმ წესს, რომელსაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ხელისუფლებები აწესებენ“ და საერთოდ არ ახსენებს რაიმე უთანხმოებას ან ინტერესთა კონფლიქტს საქართველოს ხელისუფლებასთან.
თავის მხრივ, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, „ვიზეარის“ წარმომადგენლებთან ბოლო საუბრის დროს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ავიაკომპანიის მიერ საქართველოდან განხორციელებულ რეისებს, „კოვიდის“ დაძლევის შემდეგ, კიდევ 10 მიმართულება დაემატება.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ „მთავარი არხი“ ირწმუნება, თითქოს, ავიაკომპანია თანამშრომელთა რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს და ათეულობით მათგანს უმუშევრად დარჩენა ემუქრება, ამის საპირისპირო განცხადებას (იმავე სიუჟეტში) აკეთებს „ვიზეარის“ წარმომადგენელი: „ყველა დასაქმებულს, ვინც ჩვენს ბაზაში, ქუთაისში მუშაობს, შენარჩუნებული ექნება სამსახური“.
რაც შეეხება რეპორტაჟში გაკეთებულ განცხადებას, რომ ნათია თურნავა „ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბაზის გაუქმებაში პრობლემას ვერ ხედავს და არ საუბრობს მიზეზებზე, რატომ წყვეტს კავშირს საქართველოსთან და რატომ აღარ ექნება „ვიზეარს“ ბაზა ქუთაისში“, ამ საკითხების კომენტირებისას, ნათია თურნავამ აღნიშნა:
„ვიზეარი“ არსად არ გადის, „ვიზეარი“ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოში… ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა. ბუნებრივია, ნებისმიერი ავიაკომპანია ცდილობს, რომ შეამციროს დანახარჯები და აკეთებს სხვადასხვა გადაჯგუფებას. ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ვიზეარს“ თვითმფრინავი ეყოლება მაინც და მაინც ქუთაისის აეროპორტში, თუ რომელიმე თავის ბაზაზე. მთავარია, რომ „ვიზეარი“ არსად არ გადის, ელოდება ჩვენს შეტყობინებას. მისი განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, „ვიზეარი“ მყისიერად გააგრძელებს ფრენებს“.
აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავას აღნიშნული განმარტება „მთავარი არხის“ რეპორტაჟშიც არის გამოყენებული, თუმცა, ტელეკომპანია მინისტრს ზემოთ დასახელებულ ბრალდებებს მაინც უყენებს…
2020 წლის 1 ივლისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში გაკეთებული განცხდებები, რომ „საქართველო ერთ-ერთ უმსხვილესს ინვესტორს კარგავს“, „თანამშრომლების დიდ ნაწილს, რომლებიც „ვიზეარში“ მუშაობდნენ, ავიაკომპანია მნიშვნელოვნად ამცირებს“, „ნათია თურნავა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბაზის გაუქმებაში პრობლემას ვერ ხედავს და არ საუბრობს მიზეზებზე, რატომ წყვეტს კავშირს საქართველოსთან და რატომ აღარ ექნება „ვიზეარს“ ბაზა ქუთაისში“, არ შეესაბამება სინამდვილეს და არის სიყალბე.