„ვიქტორია ნულანდმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ბიოლოგიური იარაღის შექმნა“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსული ტელეკომპანია „პირველი არხის“ მტკიცებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ბიოლოგიური იარაღის შექმნა.

„ვაშინგტონმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ბიოლოგიური იარაღის შექმნა. კონგრესის სხდომაზე დასმული შეკითხვაზე, არასებობდა თუ არა უკრაინაში ასეთი ბიოლაბორატორიების ქსელი, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დამადასტურებელი პასუხი გასცა“, – აცხადებს რუსეთის „პირველი არხი“.

გადამოწმებული: 1tv.ge

რუსულ მედიაში მანიპულაციურად გავრცელდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის განცხადება, რომელზე დაყრდნობითაც იხატება სურათი, თითქოს, ნულანდმა აღიარა, რომ უკრაინა ბიოლოგიურ იარაღს ფლობს.

სინამდვილეში, 8 მარტს აშშ-ს სენატში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის მოსმენაზე, სენატორმა მარკო რუბიომ ნულანდს ჰკითხა, ფლობს თუ არა უკრაინა ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს, რაზეც ნულანდმა უპასუხა, რომ უკრაინა ბიოლოგიურ კვლევით ცენტრებს ფლობს. ნულანდს მოსმენის განმავლობაში საერთოდ არ უთქვამს, რომ უკრაინას ბიოლოგიური იარაღი გააჩნია.

„უკრაინას ბიოლოგიური კვლევითი ცენტრებს აქვს. მათ გამო ვღელავთ, რადგან რუსული ძალები შესაძლოა, ცდილობდნენ, რომ მათზე კონტროლი მოიპოვონ. ჩვენ უკრაინელებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ რომელიმე კვლევითი მასალა რუსული ძალების ხელში არ აღმოჩნდეს“, – განაცხადა ნულანდმა.

Snopes-ის მიხედვით, „საფრთხეების შემცირების ერთობლივ პროგრამაზე“ სპეკულირების გარდა, რუსულ მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, რომელიც უკრაინაში ამერიკული ბიოლოგიური სამხედრო ლაბორატორიების არსებობას დაადასტურებს.

„საფრთხეების შემცირების ერთობლივ პროგრამის“ დირექტორმა რობერტ პოუპმა Lead Stories-ს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ მიზანში ამოღებული ლაბორატორიები მუშაობენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, საკვების უსაფრთხოების და ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროებში და აღნიშნულ ლაბორატორიებში შეერთებული შტატები ბიოლოგიური იარაღის შექმნას არ უწყობს ხელს.

PolitiFact-ის მიხედვით, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა 1991 წელს აამოქმედა „საფრთხეების შემცირების ერთობლივ პროგრამა“, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საბჭოთა კავშირის დროს დამზადებული ბიოლოგიური იარაღის უსაფრთხოდ განეიტრალებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამერიკა უკრაინასთან 2005 წლიდან თანამშრომლობს. 2005 წელს ამოქმედებული შეთანხმების ფარგლებში უკრაინის სხვადასხვა რეგიონში არსებული უკრაინული ლაბორატორიების ტექნიკური განახლება მოხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ლაბორატორიები სამხედრო დანიშნულებისაა ან ამერიკის მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებიან.

ამერიკის იარაღის კონტროლის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრმა და ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური თავდაცვის პროგრამების ყოფილმა ასისტენტმა ენდი ვებერმა, PolitiFact-ს განუცხადა, რომ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინის სამთავრობო უწყებების დაქვემდებარებაში მომუშავე ლაბორატორიებს მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ტექნიკური კუთხით ეხმარება. მისი თქმით, ტყუილია, რომ პენტაგონი ან რომელიმე სხვა ამერიკული სამთავრობო ორგანო უკრაინაში სამხედრო ლაბორატორიებს მართავს…

რუსული დეზინფორმაციასთან საპასუხოდ, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღნიშნულია, რომ პროგრამაში ჩართული ლაბორატორიები „მართულია, ოპერირებს და დაკომპლექტებულია ადგილობრივი მთავრობების მიერ“ და შესაბამისად შეერთებული შტატების მთავრობა მის საქმიანობაში არ ერევა.

თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ რუსეთის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს „სასაცილო“ უწოდა.

„რუსული ბრალდებები აბსურდულია, და სასაცილოც, როგორც ჩემი ირლანდიელი კათოლიკე ბაბუა იტყოდა, ერთი დიდი მონაჩმახი. საქმე ასე მარტივადაა. ეს კლასიკური რუსული პროპაგანდის ნაწილია.“ – განაცხადა კირბიმ.

ასევე 9 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა კი აღნიშნა, რომ რუსეთი „ყალბ მიზეზებს იგონებს, უკრაინაში ჩადენილი საკუთარი საშინელი ქმედებების გასამართლებლად.“

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის „პირველი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ვიქტორია ნულანდმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ბიოლოგიური იარაღის შექმნა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით