ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანია

მოწოდებული ინფორმაცია

კოვიდ-19-ის პანდემიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში სასურველზე დაბალი ტემპით მიმდინარეობს. 2021 წლის 24 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში აცრილია 245 380 ადამიანი. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი ზოგადად ვაქცინაციის მიმართ.ამასთან, საკმაოდ დიდია სოციალური მედიის გავლენა, სადაც, გარკვეული ჯგუფები, ყალბი ინფორმაციის გავრცელების გზით,  მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

„ანტიფეიკი“ დაინტერესდა, თუ როგორია ანტივაქსერთა ტაქტიკა და რა მითებია ყველაზე მეტად  გავრცელებული ვაქცინის წინააღმდეგ.

გადამოწმებული: 1tv.ge

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დისკრედიტაციას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ცდილობენ. თუმცა,  ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო საფრანგეთი. ძნელი სათქმელია, უკავშირდება თუ არა ეს კორპორატიულ ომებს, თუმცა, საფრანგეთში ეს კამპანია, ძირითადად, „პფაიზერის“ ვაქცინის წინააღმდეგ შეინიშნებოდა. 

როგორც BBC იუწყება, საფრანგეთში, სოციალური მედიის ცნობილ ინფლუენსერებს, არაერთხელ შესთავაზეს საკმაოდ სოლიდური თანხა იმისათვის, რომ „პფაიზერის“ დისკრედიტაციის კამპანია ეწარმოებინათ. 

ერთ-ერთი ასეთი ინფლუენსერი, ლეო გრასე, რომელსაც 1,17 მილიონი YouTube გამომწერი ყავს, საკუთარ „ტვიტერზე“ წერდა რომ, „კოლოსალური ბიუჯეტის“ სანაცვლოდ, მას ინკოგნიტო კლიენტმა  „პფაიზერის“ დისკრედიტაცია შესთავაზა და ამ შეთავაზების ამსახველი მიმოწერის ფოტოებიც გამოაქვეყნა. გრასეს განცხადებით, მას „პფაიზერის“  ვაქცინის საწინააღმდეგო მოწოდებები უნდა გაეჟღერებინა, როგორც „საკუთარი, დამოუკიდებელი“ მოსაზრება და ასევე, გამომწერებისთვის მიეწოდებინა ყალბი ინფორმაცია, რომ „პფაიზერით“ აცრილთა შორის სიკვდილიანობა სამჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე „ასტრაზენაკით“ აცრილებს შორის. 

BBC ასევე იუწყება, რომ საფრანგეთში, ჯანმრთელობისა და სამეცნიერო საკითხებზე მომუშავე სოციალური მედიის არაერთ სხვა ინფლუენსერს მიუვიდა მსგავსი შეტყობინება. 

უნდა აღინიშნოს, რომ კამპანია არა მხოლოდ „პფაიზერის“ არამედ, ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგაც წარმოებს და ეს პრობლემა ბევრი სახელმწიფოს წინაშე დგას. დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტულმა პარტიამ მოითხოვა, რომ სოციალური მედიის იმ საშუალებებს, რომლებიც ვაქცინაციის საწინააღმდეგო ყალბ ამბებს არ ამოიღებენ ქსელიდან, ფინანსური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ. 

Reuter-ის ცნობით, აშშ-ში, 12 შტატის გენერალურმა პროკურორმა „ფეისბუქი და „ტვიტერი“ დაადანაშაულა, რომ ისინი არ მიმართავენ საკმაო ძალისხმევას მათი პლატფორმებიდან ანტივაქსერული შინაარსის შემცველი ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. თავის მხრივ, ორივე კომპანიის მიერ საპასუხოდ ითქვა, რომ „ფეისბუქმა“ მილიონობით, ხოლო „ტვიტერმა“ 22 400-ზე მეტი ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართული  ყალბი ინფორმაცია და მოწოდება ამოიღო ქსელიდან. 

BBC-მ ასევე გამოავლინა 5 ძირითადი ყალბი თეორია, რომელსაც კოვიდ-19-ის ანტივაქსერები ავრცელებენ: 

1. ვაქცინა ცვლის დნმ-ს;

2. ვაქცინაციისას ორგანიზმში შეყავთ მიკრო-ჩიპი;

3. ოქსფორდის ვაქცინის კლინიკური ცდების მოხალისე მონაწილე გარდაიცვალა;

4. ბილ გეითსი დარწმუნებულია, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ ბევრი ადამიანი დაიღუპება;

5. ესპანური გრიპის ვაქცინამ 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ამავე სტატიაში BBC ხუთივე ამ მითს აბათილებს, თუმცა, მაინც ფაქტად რჩება ის, რომ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ჯერჯერობით მნიშვნელოვნად არ მცირდება. 

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით