„ვაქცინაცია საფრთხეშია - მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 16 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით, „ვაქცინაცია საფრთხეშია – მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა“.

„ქვეყანა შესაძლოა ვაქცინაციის გარეშე დარჩეს. კოვიდ 19-ის ვაქცინაზე ჯერ მხოლოდ სიტყვიერი მოლაპარაკებები არსებობს მწარმოებლებთან, თუმცა არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ სპეციალური ინფრასტრუქტურა მოწყობილიყო“, – აცხადებს „მთავარი არხი“.

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია: „ქვეყანას უნდა ჰქონდეს სპეციალური მაცივარი, რომელსაც ტემპერატურა მინუს 80 გრადუსზე დაჰყავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წამალი უვარგისი და სახიფათო შეიძლება გახდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ასეთი მაცივარი კი ქვეყანაში სულ 2 ცალია“.

გადამოწმებული: 1tv.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდ-19-ზე ვაქცინიზაციის მიმართულებით, მის უწყებაში უკვე მუშაობს ჯგუფი, ასევე საკოორდინაციო საბჭოსთან ჩამოყალიბებულია შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია.

„ჩვენთან მომუშავე ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, რა ჯგუფები უნდა აიცრან პირველ რიგში. ასევე შეიმუშავა ეგრეთ წოდებული, სერვისების მიწოდების კრიტერიუმები. გარდა ამისა, ხელმეორედ შეფასდა ქვეყანაში არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე არსებობს კარგად გამართული მინუს ორიდან მინუს რვა გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა, ამ მიმართულებით არაფრის დამატება არ გვჭირდება და თავისუფლად შეგვიძლია, „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, საქართველო ასევე მზად არის ვაქცინა „მოდერნას“ დასაგერგად, რადგან მუნიციპალიტეტების დონეზე გააჩნია მინუს ოცგრადუსიანი სამაცივრე მოწყობილობები.

„რაც შეეხება ცივ ჯაჭვს „ფაიზერთან“ დაკავშირებით, სადაც მინუს 70-80 გრადუსი გჭირდება, ასეთი 40-მდე მაცივარი გვაქვს ქვეყანაში, შესყიდვის პროცესშია კიდევ რამდენიმე მაცივარი და ჩვენ ამ სისტემების გამართვაც შეგვეძლება, თუ „ფაიზერის“ ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი დიდ ქალაქებში და შესაძლებელი იქნება ამ ვაქცინის იმპლემნენტაცია“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მის უწყებაში შექმნილი ჯგუფი სერიოზულად მუშაობს ვაქცინაციის ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნის მიმართულებითაც.

„ალბათ, ამ წლის ბოლოს მოვახდენთ ვაქცინაციის დანერგვის გეგმის პრეზენტაციას“, – დასძენს ამირან გამყრელიძე.

მისი ინფორმაციით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, კოვაქს-პლატფორმიდან, დიდი ალბათობით, 2021 წლის მარტ-აპრილში მიიღებს. ამასთან, პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა, რომ  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა ქვეყანაში უფრო ადრე, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში, შემოვიდეს, რათა რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი და დასაწყისისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 20-დან 30 პროცენტამდე აიცრას.

„ევროკავშირს და ე.წ კოვაქს-პლატფორმას, რომელზეც ჩვენ ვართ გაერთიანებული, წინასწარი შენატანი, ოთხი მილიონი დოლარით უკვე გადავურიცხეთ. სულ ჯდება 17 მილიონი დოლარი, გათვლილია 700 ათასი ადამიანისთვის, ანუ მოსახლეობის 20 პროცენტის აცრა მოხდება ორჯერადად მილიონ 400 ათასი დოზით. ანუ ვყიდულობთ მილიონ 400 ათას დოზას კოვაქს- პლატფორმით“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია („ვაქცინაცია საფრთხეშია – მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა… კოვიდ 19-ის ვაქცინაზე ჯერ მხოლოდ სიტყვიერი მოლაპარაკებები არსებობს მწარმოებლებთან, არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ სპეციალური ინფრასტრუქტურა მოწყობილიყო“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით