მოწოდებული ინფორმაცია

რუსულ საინფორმაციო საშუალებებში (გამოცემები „საქმიანი გაზეთი – „ვზგლიად“, „დისკოვერ24“ და სხვა) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „უნგრეთი კიევისა და ბრიუსელის მხრიდან ძალადობივი ქმედებებისგან დასაცავად ემზადება“.

„უნგრეთი ინტენსიურად ემზადება „ენერგეტიკული თავდაცვისთვის“, მან უკვე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ამ სექტორში, აკრძალა ქვეყნიდან ენერგომატარებლების ექსპორტი, ახლა კი შეიარაღებული ძალების წვრთნა დაიწყო. მანამდე უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ენერგეტიკულ ომში სახელმწიფოს ერთდროულად მოუწევს ბრძოლა ევროკავშირთან და უკრაინასთან. არ არის გამორიცხული, რომ ბუდაპეშტს უფრო მეტი დასჭირდეს, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ეროვნული ინტერესების დასაცავად ის მზადაა საქმეში არმიაც ჩართოს“, – წერენ რუსული გამოცემები.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

cyprus-daily.news-ის ცნობით, უკრაინაში უნგრეთის საელჩომ უარყო განცხადებები, რომ ქვეყანა უკრაინის მხრიდან ძალადობრივი ქმედებებისგან თავის დასაცავად ემზადება ან მეზობელ სახელმწიფოსთან რაიმე ტერიტორიული პრეტენზია გააჩნია. საელჩოს განმარტებით, უნგრეთის არმიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისკენ გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს პასუხს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, კერძოდ – რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომზე.

„როგორც ნატოს წევრი და უკრაინის მეზობელი ქვეყანა, უნგრეთმა თავიდანვე მკაფიო პოზიცია დაიკავა: ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობით, უკრაინას ყველა შესაძლო ჰუმანიტარულ დახმარებას გავუწევთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავწევთ ომში ჩათრევისა და უნგრეთის უსაფრთხოების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რისკს. ეს პოზიცია უცვლელი რჩება, ამიტომ ნებისმიერი ახალი ამბების პორტალი, რომელიც სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებს, ცრუობს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეუმუშავებია რაიმე სცენარი, რომლის მიხედვითაც, უნგრეთის არმია გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, – აცხადებენ საელჩოში.

 უნგრეთის არმიის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება არც „კიევისა და ბრიუსელის ძალადობისგან დაცვის მიზნით“ არ ხორციელდება. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო კრიმინალური სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რეგიონის ქვეყნები აქტიურ ზომებს იღებენ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,  ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის საშუალებით. უნგრეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი კრისტოფ შალაი-ბობროვნიცკი ამბობს, რომ მისი ქვეყანა დგას უსაფრთხოების ისეთი უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე, როგორიცაა „უნგრეთის საზღვრებთან მიმდინარე დაუნდობელი ომი არალეგალური მიგრანტების საფრთხე“.

„ევროპაში ამაზე ყველა რეაგირებს. დიდმა ბრიტანეთმა ძალების მობილიზაცია გამოაცხადა. სლოვაკეთმა საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. პოლონეთი საბრძოლო მზადყოფნას ზრდის. ჩვენც ასევე გვჭირდება შეიარაღება. ჩვენი ქვეყნის მშვიდობის დაცვის მიზნით, დღეს ეროვნული თავდაცვის ძალების მეთაურს დავავალე, მოემზადოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად“, – განაცხადა უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა. თუმცა, კრისტოფ შალაი-ბობროვნიცკის, არც პირდაპირ და არც მინიშნებით, „უკრაინის მხრიდან ძალადობის დასაძლევად“ არმიის მომზადების აუცილებლობაზე არ უსაუბრია.

უფრო მეტიც: ივლისის დასაწყისში უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უნგრეთის თავდაცვის ძალების დელეგაცია, უნგრეთის თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ რომულუს რუსინ-სენდის ხელმძღვანელობით. „ძალიან ვაფასებ ჩემს უნგრელ კოლეგასთან პროფესიულ და მეგობრულ ურთიერთობას და კმაყოფილი ვარ ჩვენს სახელმწიფოებს შორის სამხედრო თანამშრომლობის დონით“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უნგრეთი კიევისა და ბრიუსელის მხრიდან ძალადობივი ქმედებებისგან დასაცავად ემზადება“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით