„უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის თქმით, რუსეთის არმიას, ბელარუსის მხარდაჭერით, კიევის აღება შეუძლია“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა („Московский Комсомолец“, „Новости Восточной Ленты“,  „alarmyk24.ru“ და სხვა) გაავრცელეს ინფორმაცია, რომელსაც ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალს, სერგეი ნაევს მიაწერენ. ციტატის თანახმად, უკრაინელ მაღალჩინოსან სამხედრო პირს განუცხადებია, რომ „რუსეთის არმიას, ბელარუსის მხარდაჭერით, კიევის აღება შეუძლია“.

რუსული მედიის მტკიცებით, სერგეი ნაევს ასევე უთქვამს, რომ ამისთვის რუსეთს ორ-სამ თვეზე მეტი არ დასჭირდება.

გადამოწმებული: 1tv.ge

რუსულმა მედიამ სერგეი ნაევის ნათქვამის არსი დაამახინჯა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯარების სარდალმა, ეროვნული საინფორმაციო მარათონის ეთერში, ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილა განაცხადა:

„რუსეთის შესაბამისი ძალებისა და საშუალებების თავმოყრა ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, შექმნის განმეორებითი შეტევის საფრთხეს ჩრდილოეთის ოპერატიულ ზონაში, კერძოდ, ქალაქ კიევის მიმართულებით. თუმცა, ამ სამხედრო საფრთხეების დონეს მუდმივად ზომავენ ჩვენი პარტნიორები, ეს ინფორმაცია დროულად მოგვეწოდება და ჩვენ, როგორც პროფესიონალი სამხედროები, რეაგირებას ვახდენთ საფრთხების დონის ზრდაზე. ვიღებთ ზომებს, რომ ამ მიმართულებით გვყავდეს საჭირო რაოდენობის ჯარები – სათანადო რაოდენობის იარაღით, სამხედრო აღჭურვილობით და მაღალი საბრძოლო პოტენციალით. ამ დროისთვის, ჩვენ მზად ვართ შეტევისთვის ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან“.

ამრიგად, სერგეი ნაევმა, თავის გამოსვლაში, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ კიევზე განმეორებითი თავდასხმის საფრთხე არსებობს და უკრაინა ამისთვის ემზადება, მაგრამ არ უთქვამს, რომ კიევის აღება შესაძლებელია, მითუმეტეს – ორ-სამ თვეში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა გაანცხადა, რომ რუსეთის არმიას, ბელარუსის მხარდაჭერით, კიევის აღება შეუძლია“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით