

მოწოდებული ინფორმაცია
უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევის პარალელურად, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ პენტაგონმა უკრაინის შეიარაღებული ძალების „დიდი დანაკარგები“ აღიარა.
კერძოდ, რუსული მედია, აშშ-ის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის სიტყვებზე დაყრდნობით, ირწმუნება, რომ აშშ-ის გენერალურმა შტაბმა „უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები ათობით ათასი ჯარისკაცით“ შეაფასა.
გადამოწმებული: 1tv.ge
აშშ-ის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალ მარკ მილის, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. გენერალმა მილიმ კომენტარი მხოლოდ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებზე გააკეთა.
როგორც „სტოპფეიკმა“ დაადგინა, რუსულმა მედიამ მანიპულირება გენერალ მარკ მილის კონტექსტიდან ამოღებული განცხადებით მოახდინა.
8 სექტემბერს, გერმანიის რამშტეინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მილიმ ისაუბრა იმ უზარმაზარ ფასზე, რომელიც უკრაინის ხალხმა რუსეთის სისხლიანი აგრესიის წინააღმდეგობის გაწევისთვის გადაიხადა, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებზე კი ამერიკელ გენერალს საერთოდ არაფერი უთქვამს. მარკ მალიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის განუწყვეტელი საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, უკრაინაში ათასობით ადამიანი დაიღუპა. მილიმ ასევე განაცხადა, რომ თითქმის 15 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი გახდა და რუსეთი კვლავ აგრძელებს დარტყმებს უკრაინის ქალაქების კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინელებმა გაუძლეს დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებზე სასტიკ თავდასხმებს. მათ გაუძლეს უამრავ სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმას. ათასობით, ათიათასობით დაღუპული და დაჭრილის სახით, მათ სასტიკი ფასი გადაიხადეს… უკრაინელი ხალხი ძალიან დაზარალდა, მაგრამ მაინც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყნად რჩება“, – ხაზგასმით აღნიშნა გენერალმა მილიმ.
გერმანიის რამშტეინის საჰაერო ბაზაზე გამართულ იმავე ბრიფინგზე, რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის კატასტროფული რაოდენობა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმაც დაადასტურა. მისი თქმით, რუსეთის დანაშაულებები უკრაინასა და მის საერთაშორისო პარტნიორებს უფრო მჭიდროდ აერთიანებს და დასავლეთის ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინისთვის უახლესი იარაღის მიწოდებას, რუსულ აგრესიასთან დასაპირისპირებლად.
მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდ დანაკარგებს არა მარტო ამერიკელი გენერლები, არამედ გაერო-ს სადამკვირებლო მისიაც ადასტურებს.
მისიის ინფორმაციით, 4 სექტემბრის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინაში თითქმის 14000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა და დაასახიჩრა. დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო რიცხვიდან 761 ბავშვია.
გაერო ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინელების უმრავლესობა დაიღუპა განადგურების დიდი რადიუსის მქონე ასაფეთქებელი იარაღით, მათ შორის მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების დაბომბვის შედეგად, აგრეთვე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების გამო. გაერო-ს მისია იმასაც აცხადებს, რომ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთი ფართოდ იყენებს საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულ კასეტურ საბრძოლო მასალას.
უფრო ადრე, გაერო-მ ისიც აღიარა, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული უკრაინელების რიცხვი, დიდი ალბათობით, სწორედ არ არის შეფასებული და მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგის რეალური სურათი მხოლოდ უკრაინის რეგიონების დეოკუპაციის შემდეგ გახდება ნათელი.
რაც შეეხება ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებს, აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან 9000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ივლისის შუა რიცხვებში კი უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები, მაის-ივნისში საომარი მოქმედებების პიკთან შედარებით, შემცირდა. ზელენსკის თქმით, ფრონტზე ყოველდღიურად 30-მდე უკრაინელი სამხედრო იღუპება და 250-მდე იღებს ჭრილობებს…
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ამერიკელმა გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები უკრაინის კონფლიქტში ათობით ათასია“, არის სიყალბე.