მოწოდებული ინფორმაცია
ბელარუსული ონლაინ-გამოცემა sb.by („ბელარუსი დღეს“) ავრცელებს ინფორმაციას სათაურით, „უკრაინელმა ლტოლვილებმა ინგლისში 400-წლიანი ისტორიის მქონე სასტუმრო დაწვეს“.
„ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქში ეს სასტუმრო 400 წელი არსებობდა. გადაურჩა რამდენიმე ომს, მაგრამ უკრაინელი ლტოლვილებს – ვერა. 2023 წლის 16 მარტს ისტორიული შენობა მთლიანად დაიწვა. ერთდროულად სამ სასტუმროში, ძირითადად, უკრაინული ოჯახები იყვნენ შესახლებულნი. ცეცხლი სამივე შენობას მოედო. სასწრაფოდ განხორციელდა ლტოლვილების ევაკუაცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზებია: გაუთავებელი მოწევა და ელექტროტექნიკის სიჭარბე. ასეთ რთულ მომენტში ბრიტანეთის ხელისუფლებამ საზოგადოებას ლტოლვილების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას უკრაინელების დანახვაც აღარ უნდა“, – წერს ბელარუსული გამოცემა.
მოგვიანებით, ანალოგიური შინაარსიის ინფორმაცია რუსულ სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. „უკრაინიდან ლტოლვილებმა ინგლისში სასტუმრო დაწვეს. დასავლეთ სასექსის ქალაქ მიდჰერსტში ისტორიული სასტუმროს შენობა ასობით წელი იდგა, მაგრამ უკრაინელი მაოხრებლების შემოსევას ვეღარ გაუძლო“, – წერს ტელეგრამ-არხის რუსი მომხმარებელი რუსლან ოსტაშკო.
გადამოწმებული: 1tv.ge
ზემოთ მოყვანილ ინფორმაციაში საუბარია 16 მარტს, ინგლისის ქალაქ მიდჰერსტში, ნორდ-სტრიტზე მომხდარ მასშტაბურ ხანძარზე, რომელმაც, სხვა შენობებთან ერთად, 400 წლის წინანდელი სასტუმრო Angel Inn-იც მოიცვა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამ სასტუმროდან 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რომელთა შორის იყო იქ ბავშვებთან ერთად მცხოვრები რამდენიმე უკრაინელი ლტოლვილი.
რაც შეეხება ბელარუსულ და რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებელ ინფორმაციას, რომ სასტუმროში ცეცხლი უკრაინელმა ლტოლვილებმა გააჩინეს, მას არანაირი საფუძველი არა აქვს.
ადგილობრივი მედია, თვითმხილველთა ცნობებზე დაყრდნობით, წერს, რომ ხანძარი, თავდაპირველად, დილაადრიანად გაჩნდა ნორდ-სტრიტზე არსებულ ახლომდებარე შენობაში და მხოლოდ მოგვიანებით გადავიდა მეზობლად მდებარე სასტუმრო Angel Inn-ის სახურავზე.
ხანძრის გაჩენაში უკრაინელი ლტოლვილების მონაწილეობა არც დასავლეთ სასექსის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წინასწარი დასკვნებით დასტურდება. სახანძრო სამსახურის სპიკერმა BBC-ს განუცხადა: „წინასწარი გამოძიება მიუთითებს, რომ ამ ხანძრის ირგვლივ საეჭვო გარემოებები არ არსებობს, მაგრამ ჩვენი გამოძიება გრძელდება“.
დასავლეთ სასექსის სახანძრო და სამაშველო სამსახურმა The Independent-თან გაკეთებულ კომენტარში ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზების შესწავლას შემდგომში უკვე სასექსის პოლიცია გააგრძელებს. ბრიტანული მედია ასევე იუწყება, რომ უკრაინელი ლტოლვილები, დასავლეთ სასექსის საგრაფოს საბჭოსა და მისი პარტნიორების მხარდაჭერით, სხვაგან განასახლეს, რადგან ხანძრის შედეგად დაზიანებული სასტუმროს აღდგენა შეუძლებელია.
მოკლედ, დასავლეთ სასექსის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წინასწარი დასკვნები ხანძარში უკრაინელი ლტოლვილების მონაწილეობას არ ადასტურებს. უფრო მეტიც, გამომძიებლებმა ამ დრომდე ვერ აღმოაჩინეს „ამ ხანძართან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბელარუსული ონლაინ-გამოცემა sb.by-ისა და შემდგომში, რუსული სოციალური მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „უკრაინელმა ლტოლვილებმა ინგლისში 400-წლიანი ისტორიის მქონე სასტუმრო დაწვეს“, არის სიყალბე.