მოწოდებული ინფორმაცია

გერმანიაში, სოფელ ნიდერფინოვის (ბრანდენბურგის ფედერალური მიწა) მახლობლად, ვიღაცამ მინდორში თივისგან გიგანტური სვასტიკა გამოსახა, რომელიც „ბილდის“ კორესპონდენტმა იულიან რიოპკემ მსუბუქი თვითმფრინავიდან შენიშნა. რუსმა ტელეჟურნალისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა, თავის ტელეგრამ-არხზე, „ბილდის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო გადმობეჭდა, ის უკრაინელ დევნილებს დაუკავშირა და ასეთი კომენტარი დაურთო:

„თავიდან ჩვენ უკრაინელ ნაცისტებს დავეხმარებით, ვიტყვით, რომ უკრაინაში არანაირი ნაციზმი არ არის, შემდეგ კი გულწრფელად გაგვიკვირდება, საიდან გაჩნდა სვასტიკა ბრანდენბურგის გარეუბანში, უკრაინიდან ქვეყანაში ხომ მხოლოდ რამდენიმე ლტოლვილი შემოვუშვით“.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

ვლადიმირ სოლოვიოვი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა კავშირი უნდა ჰქონოდათ „ბილდში“ გამოქვეყნებულ სვასტიკასთან უკრაინელ დევნილებს.

გარდა ამისა, სოლოვიოვის პოსტამდე ერთი კვირით ადრე, გერმანულმა გამოცემა T-Online-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით, „ნიდერფინოვის სვასტიკის საიდუმლო ამოხსნილია“.

მასში ნათქვამია:

„ნიდერფინოვის (ბრანდენბურგი) მცხოვრებნი შოკირებულნი იყვნენ, როდესაც თავისი 609 კაციანი სოფლის ფოტო იხილეს. ფოტოსურათში ჩანს 360 კვადრატული მეტრი სიდიდის სვასტიკა, რომელიც ვიღაცამ მინდორში თივისგან გამოსახა. მას შემდეგ სოფლის მოსახლეობას მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებდა: ვინ აკეთებს ასეთ რამეებს?

სვასტიკის საიდუმლო უკვე ამოხსნილია. T-Online-ის კითხვაზე, ბარნიმის რაიონის პოლიციაში დაადასტურეს, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილის მიმართ გამოძიება უკვე მიმდინარეობს. გაზეთ „ბილდის“ ინფორმაციით, ეს არის 36 წლის შტეფან ბ., რომელიც ამავე ტერიტორიაზე მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

როგორც T-Online-ს მისმა მეზობელმა განუცხადა, ბ. იმედგაცრუებული იყო სურსათზე, გაზსა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდით. სვასტიკა მან ფედერალური ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად გამოსახა. ამბობენ, რომ წარსულში ბ-ს სახლის ფანჯრიდან მესამე რეიხის სამხედრო დროშაც გადმოუფენია.

თუმცა, ამ პიროვნებას არა აქვს მემარჯვენე ექსტრემისტული წარსული. „ბილდის“ ცნობით. შტეფან ბ. პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებებში ჯერ არ ყოფილა შემჩნეული. მეზობელი, მართალია, „ბრიყვულ ცელქობაზე“ საუბრობს, მაგრამ 36 წლის მამაკაცს მაინც პატიმრობა  ემუქრება. არაკონსტიტუციური ორგანიზაციების სიმბოლიკის გამოყენება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება“.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსი ტელეჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მიერ თავის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, უკრაინელმა დევნილებმა გერმანიაში, მინდორში თივისგან გიგანტური ზომის სვასტიკა გამოსახეს, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით