მოწოდებული ინფორმაცია

რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“ წერს, რომ უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში, პოლონეთის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები ჩავიდნენ.

„ისინი უკრაინულ ფორმაში არიან გამოწყობილნი, მაგრამ ნატო-ს ხელმძღვანელობას ექვემდებარებიან. ქალაქში პოლონური სპეცრაზმის ჩასვლის მიზანია იმ უკრაინელების გამოვლენა, ვინც რუსეთს ეხმარება“, – აცხადებს „რია ნოვოსტი“, რომელიც ამ ინფორმაციის წყაროდ „რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს“ ასახელებს.


გადამოწმებული: 1tv.ge

აღნიშნული ინფორმაცია მედია-პლატფორმა „VoxUkraine idea“-მ გადაამოწმა და დაადგინა, რომ ის რუსული დეზინფორმაციული კამპანიის იმ ტიპურ ნარატივს ექვემდებარება, რომლის თანახმად: 1) უკრაინაში მსახურობენ უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცები; 2) რუსეთი უკრაინაში აშშ-ს და ნატო-ს ეომება და 3) უკრაინული მხარე დევნის პრორუს მოქალაქეებს.

ნიშანდობლივია, რომ „რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი“, რომელსაც „რია ნოვოსტი“ ეყრდნობა, უკრაინაში „პოლონური სპეცრაზმის“ ჩასვლის არანაირ მტკიცებულებას არ ასახელებს. ამის შესახებ მას, თითქოს, ვიღაც უკრაინელი სამხედროები მოუყვნენ და, ამდენად, ინფორმაციის წყაროს გადამოწმება შეუძლებელია.

უკრაინულ მხარეს არაერთხელ განუცხადებია, რომ ქვეყანაში უცხოელი დაქირავებულები არ არიან. „უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის შესახებ“ დებულების თანახმად, უცხო ქვეყნების მოქალაქეები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ხელშეკრულების საფუძველზე მიიღებიან. ანუ, უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე უცხოელები არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრები და არა ე.წ. „დაქირავებულები“.

როგორც „VoxUkraine idea“ აღნიშნავს, სიყალბე იმის შესახებ, თითქოს, უკრაინაში დღეს მიმდინარე მოვლენებში პოლონეთის ძალებიც მონაწილეობენ, სიახლეს არ წარმოადგენს და გამოცემას ისინიც ადრეც გაუბათილებია.

თავის მხრივ, ნატო-ს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი ძალები უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ და ამის გაკეთებას არც მომავალში აპირებენ. ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ნატო-ს ქვეყნები უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ იარაღის, საბრძოლო მასალისა და სხვადასხვა სახის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების კუთხით, ასევე, ნატო-ს მოკავშირეებმა გაწვრთნეს ათიათასობით უკრაინელი ოფიცერი და ჯარისკაცი, თუმცა, უშუალოდ უკრაინაში ალიანსის ძალების ინსტრუქტორები და სამხედრო ნაწილები არ იმყოფებიან.

„უკრაინელი სამხედროები წვრთნას ნატო-ს წევრ ქვეყნებში გადიან. ნატო-ს თანამშრომლები უკრაინის ტერიტორიაზე არანაირ სამუშაოს არ ახორციელებენ. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ნატო არ არის კონფლიქტის მხარე – ჩვენ არ გვყავს ჯარები ადგილზე, მაგრამ ნატო-ს მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას თავის დაცვაში“, – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა 25 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მეტიც: ალიანსმა უკრაინის თავზე ცის დახურვაზეც კი უარი თქვა და ამის არგუმენტად დაასახელა ის, რომ აკრძალული საფრენი ზონის შემოღება ნატო-სა და რუსეთის ძალებს შორის პირდაპირ დაპირისპირებას გამოიწვევდა. ნატო-ში აღნიშნავენ, რომ მათი ქმედებები თავდაცვისკენ არის მიმართული და არა კონფლიქტის პროვოცირებისკენ…

„ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი პოლონური სპეცრაზმის უკრაინაში ჩასვლის“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პროექტი „EUvsDisinfo“-ც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს არის კრემლის მხარდამჭერი მედიის მცდელობა, წარმოაჩინოს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ომი ნატო-სა და დასავლეთის წინააღმდეგ“.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსული გამოცემა „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინაში პოლონური სპეცრაზმი ჩავიდა, რომელიც ნატო-ს ხელმძღვანელობას ექვემდებარება“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით