„უკრაინას, უახლოეს პერსპექტივაში, ბირთვული იარაღის შექმნა შეეძლო“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 6 მარტს, რუსულმა საინფორმაციო საშუალება „ინტერფაქსმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც „რუსეთის ერთ-ერთ კომპეტენტენტურ ორგანოში მომუშავე ინფორმირებულ წყაროზე“ დაყრდნობით, წერს, რომ „უკრაინას, ახლო პერსპექტივაში, ბირთვული იარაღის შექმნა შეეძლო“.

„კიევის მიერ დაგეგმილი საშიში პროექტის „ბირთვული უკრაინა“ განხორციელება, უახლოეს პექსპექტივაში, შეიძლებოდა რეალური გამხდარიყო“, – ნათქვამია სტატიაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიმდინარეობდა მუშაობა არსებული და ახლად შექმნილი სარაკეტო დანადგარების მოდერნიზაციის მიმართულებით, რომლებიც ბირთვული იარაღის მისაწოდებულ საშუალებად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

რუსული მედიის განცხადებით, ატომური იარაღის ტექნოლიგიაზე მუშაობა უკრაინამ 1994 წლიდან დაიწყო, მან „პრაქტიკული ხასიათი“ 2014 წლიდან მიიღო და „თვალსაჩინო შედეგები“ გამოიღო.

„ინტერფაქსის“ მტკიცებით, ბირთვული იარაღის დამზადება მიმდინარეობდა ჩერნობილის ატომური სადგურის ზონაში, რადგან აქ არსებული მაღალი რადიაციული ფონი სამუშაოების შენიღბვის საშუალებას იძლეოდა.

„უკრაინა თანმიმდევრულად ქმნიდა საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნისთვის საჭირო ყველა აუცილებელ პირობას“, – წერს „ინტერფაქსი“.

ბოლო პერიოდში, „ინტერფაქსის“ გარდა, უკრაინიდან მომდინარე „ბირთვული საფრთხეების“ შესახებ ინფორმაციები გაავრცელეს აგრეთვე „რია ნოვოსტიმ“ და სხვა რუსულმა მედიასაშუალებებმა.

გადამოწმებული: 1tv.ge

1991 წელს, უკრაინა მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული არსენალის მფლობელი იყო. თუმცა 1994 წელს ქვეყანამ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას (NPT) მოაწერა ხელი, ხოლო 1996 წლის 2 ივნისს, ქვეყნიდან ბოლო ბირთვული ქობინი გაიტანეს. საბოლოოდ, უკრაინას არაბირთვული სახელწიფოს სტატუსი 2001 წელს მიენიჭა.

1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმმა, რომელსაც რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები აწერენ ხელს, უკრაინას როგორც NPT-ის წევრ ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიები მიანიჭა. 2014 წელს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და უსაფრთხოების ყველა შეთანხმება დაარღვია. ამის მიუხედავად, უკრაინას არასდროს გამოუცხადებია ბირთვული სტატუსის აღდგენის შესახებ.

2022 წლის 19 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ კიევს უსაფრთხოების გარანტიები არ მიეცემოდა უკრაინას ექნებოდა უფლება, ეფიქრა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს და ამით ეჭვქვეშ დადგებოდა 1994 წელს მიღებული გადაწყვეტილებები.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა და ე.წ დონეცკის და ლუჰანცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების ერთ-ერთ მიზეზად და ომის დაწყების გასამართლებლად, უკრაინიდან მომდინარე ბირთვული საფრთხე დაასახელა.

კრემლისტური მედიის მიხედვით, უკრაინა ჩერნობილის ტერიტორიას იყენებდა ბირთვული იარაღის შესაქმნელად, რადგან, ტერიტორიაზე მომატებული რადიაციის დონე მარტივად შეენიღბა.

ჩერნობილის ყველა რეაქტორი სრულად დაიხურა 22 წლის წინ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) რეაქტორის გარჩემო არსებულ სიტუაციას აქტიურად აკვირდება და დაკვირვების შედეგებს საჯაროდ აქვეყნებს. IAEA-ს არასოდეს შეუნიშნავს ჩერნობილში არსებული საეჭვო აქტივობა და მით უმეტეს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, რუსული მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ სააგენტო არ ფლობს არანაირ ინფორმაციას, რომელიც უკრაინის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევის ფაქტებს დაადასტურებს.

რუსული წყაროების მიხედვით, უკრაინელები ბირთვული იარაღის შესაქმნელად ცდიდნენ ორ ელემენტს: ურანს და პლუტონიუმს, ხოლო ბირთვული გამოკვლევების სათავეში ხარკოვის ფიზიკის და ტექნოლოგიების ინსტიტუტი დგას.

თუმცა, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, დოქტორმა ივან კარნაუხოვმა ჯერ კიდევ 2012 წელს აღნიშნა, რომ „ურანის ის რაოდენობა რომელსაც ინსტიტუტი ფლობს საკმარისია მეცნიერული მიზნებისთვის და დაკვირვებებისთვის, მაგრამ არა ბირთვული იარაღის შესაქმნელად.“

რაც შეეხება უკრაინაში ურანის საბადოებს. ქვეყანაში სულ 12 საბადოა ცნობილი, აქედან, ამ დროისთვის, მხოლოდ ოთხი მათგანია მუშა მდგომარეობაში. მადანის გადამუშავება ხდება ჟოლტიე-ვოდის გადამამუშევებელ საწარმოში. რუსული მედია ირწმუნებოდა, რომ სწორედ ამ საწარმოში ხდებოდა ბირთვული იარაღისთვის საჭირო ურანის გადამუშავება.

უკრაინაში ყოველწლიურად 1000 ტონა ურანი მოიპოვება და გამოიყენება ატომური ელექტროსადგურების სამუშაოდ. ეს რაოდენობა, უკრაინის ატომური სადგურების მხოლოდ 40 პროცენტს აკმაყოფილებს.

უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა ურანი იმ დონეზე გაამდიდროს, რომ ის ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყოს გამოსადეგი. თუ ქვეყანა ამ შედეგს მიაღწევდა, ასეთი მიღწევა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დამალული ვერ დარჩებოდა.

ზემოთ აღნისნულიდან გამომდინარე, „ინტერფაქსისა“ და სხვა რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინას, უახლოეს პერსპექტივაში, ბირთვული იარაღის შექმნა შეეძლო“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით