„უკრაინამ მიიღო კანონი, რომელიც მას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას უკრძალავს“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, „უკრაინამ მიიღო კანონი, რომელიც მას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას უკრძალავს“.

რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი ყოველთვის მზად იყო მოლაპარაკებებისთვის და კრემლის მხრიდან არანაირი წინაპირობა არ არსებობს, გარდა მთავარი პირობისა – უკრაინამ  კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს.

ანდრეი რუდენკოს აღნიშნული განცხადება kommersant.ru-მ და bfm.ru-მ გაავრცელეს.

 

 

გადამოწმებული: 1tv.ge

რუსი დიპლომატის განცხადება მედია-პლატფორმა „voxukraine“-მ გააანალიზა და დაასკვნა, რომ უკრაინას არ მიუღია ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც, ოფიციალურ კიევს რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა ეკრძალება. ამასთან, „voxukraine“ აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების გამართვით თავად რუსეთი არ არის დაინტერესებული და სამშვიდობო შეთანხმების დასაბლოკად, უკრაინას კაპიტულაციის ტოლფას მოთხოვნებს უყენებს.

2022 წლის 25 სექტემბერს, დონბასის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში ჩატარებული „რეფერენდუმების“ წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-ის ეთერში განაცხადა, რომ „უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა შეუძლებელს ხდის (და არა „კრძალავს“ – „ანტიფეიკი“, შენიშვნა.) რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას.

იმის საპასუხოდ კი, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, 2022 წლის 30 სექტემბერს, მაინც მოაწერა ხელი შეთანხმებებს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება („რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკება შეუძლებელია“).

2022 წლის 5 ნოემბერს, „ვაშინგტონ პოსტმა“, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პირადად მოუწოდა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ იმ შემთხვვაშიც კი, თუნდაც პუტინი ხელისუფლებაში დარჩეს“. თუმცა, მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინა თავად განსაზღვრავს რუსეთთან დაკავშირებით ნებისმიერი მოლაპარაკების ვადებსა და შინაარსს.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, კრემლს არ გაუკეთებია პირდაპირი შეთავაზება უკრაინისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. პოდოლოიაკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ყველა განცხადება „მოლაპარაკებების“ შესახებ, ფაქტობრივად, არის მანევრი დასვენებისა და ახალი შეტევის მოსამზადებლად.

2022 წლის 10 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მზადაა რუსეთთან ისაუბროს, თუ ეს უკანასკნელი საკუთარ თავს ოკუპანტ ქვეყნად აღიარებს, უკრაინელებს დაუბრუნებს ყველა ანექსირებულ ტერიტორიას და დათანხმდება რეპარაციის გადახდას.

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკა მიუთითებს იმაზე, რომ ის ნამდვილად არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებებით. პუტინი, პესკოვი და ლავროვი, თავიანთი განცხადებებით, უფრო იმას ცდილობენ, რომ დასავლეთზე მოახდინონ შთაბეჭდილება მოლაპარაკებებისთვის კრემლის მზაობის შესახებ. რეალურად, კრემლი დასავლეთისგან ასეთ დათმობებს ითხოვს: შეუმციროს უკრაინას ფინანსური და სამხედრო დახმარება, აღიაროს უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია, შეზღუდოს ნატო-სა და დასავლეთის სამხედრო ქმედებები ევროპაში. „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ კრემლის მიერ წამოყენებული ეს მოთხოვნები დასავლეთის კაპიტულაციის ტოლფასია.

როგორც თეთრ სახლში აღნიშნავენ, ვერც ისინი ხედავენ იმის ნიშნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზად არის, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და შეაჩეროს ომი. აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი ამბობს, რომ მოლაპარაკების სერიოზულ განზრახვას პუტინი მხოლოდ მაშინ გამოავლენს, როდესაც უკრაინიდან თავის ჯარებს გაიყვანს და სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას შეაჩერებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადება, რომ „უკრაინამ მიიღო კანონი, რომელიც მას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას უკრძალავს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით