მოწოდებული ინფორმაცია

რუსულმა ვებ-გვერდმა  readovka.news-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2023 წელს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო კამპანიის დაწყებას გეგმავს და ამისთვის დასავლეთისგან საჭირო იარაღს ითხოვს.

რუსული საიტი ამ ინფორმაციის წყაროდ უთითებს ამერიკული „უოჯ სტრიტ ჯორნალის“ (The Wall Street Journal ) სტატიას, რომელიც, readovka.news-ის მტკიცებით, „2023 წელს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის უკრაინის ხელისუფლების მზადყოფნას ადასტურებს“.

გადამოწმებული: 1tv.ge

„უოჯ სტრიტ ჯორნალის“ სტატიაში არ არის არც ერთი მინიშნება, რომ 2023 წელს უკრაინა, „დასავლური იარაღის დახმარებით“, რუსეთის ტერიტორიაზე „შეტევას გეგმავს“. პუბლიკაციის ავტორები მხოლოდ იმ იარაღის ჩამონათვალს აანალიზებენ, რომელიც უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მოითხოვა.

სტატიაში სახელწოდებით, „უკრაინა, რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი შეტევისთვის, მსხვილი შეიარაღების საჭიროებაზე იძლევა სიგნალს“, („Ukraine Signals Major Weapons Request for Long-Term Offensive Against Russia“) საუბარია უკრაინის მიერ აშშ-თვის მოთხოვნილ იარაღზე, რომელიც აუცილებელია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 2023 წელს შეტევის გასაგრძელებლად.

ჩამონათვალში შედის 29 ტიპის იარაღი და საბრძოლო სისტემა, მათ შორის – ATACMS-ის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, ტანკები, დრონები, საარტილერიო სისტემები, Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, 2000 რაკეტა Himars-ის მრავალჯერადი სარაკეტო საარტილერიო სისტემისთვის.

გარდა ამისა, სტატიის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ თეთრმა სახლმა ეს მოთხოვნა მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინულმა მხარემ შეერთებულ შტატებს ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებების შესახებ აცნობა. თავად იარაღის სია, „უოჯ სტრიტ ჯორნალის“ სტატიის ავტორების აზრით, ჯდება უკრაინის დეოკუპაციის სამხედრო კამპანიის მხარდაჭერის ზოგად კონცეფციაში, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ და უკრაინის პარლამენტის წევრმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიხაილ ზაბროდსკიმ გამოაქვეყნეს.

უკრაინელი სამხედროების ერთობლივ პუბლიკაციაში („2023 წლის სამხედრო კამპანიის პერსპექტივები: უკრაინის შეხედულება“) რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის განზრახვის შესახებ ასევე არაფერია ნათქვამი.

ამ სტატიაში ზალუჟნი და ზაბროდსკი აცხადებენ, რომ უკრაინის კონტრშეტევისას, გარდამტეხი მომენტი შეიძლება დადგეს, თუ ქვეყანა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებს, კერძოდ ATACMS-ს მიიღებს.

ისინი ყურადღებას ამახვილებენ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გადასატანად უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულ ძალისხმევაზე. ზალუჟნი და ზაბროდსკი იმ აზრისკენ იხრებიან, რომ სწორედ ნახევარკუნძულის ტერიტორიის კონტროლია რუსული ძალების „სიმძიმის ცენტრი“ ამ ომში. ყირიმზე კონტროლის აღდგენის სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რუსეთი დაკარგავს შავი ზღვის ფლოტის ბაზას, აეროდრომების ქსელს და მნიშვნელოვნად დაზარალდება მატერიალური რესურსების, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კუთხით. ასეთი სამხედრო ოპერაცია, ან მათი სერია, უკრაინელი სამხედროების აზრით, საჭირო შეიარაღების მიღების შემთხვევაში, შეიძლება 2023 წელს განხორციელდეს.

„იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიმძიმის ცენტრად ყირიმის ნახევარკუნძულის კონტროლს მივიჩნევთ, ლოგიკური იქნება 2023 წელს ნახევარკუნძულის დასაუფლებლად ოპერაციის ან ოპერაციების სერიის დაგეგმვა. ასეთი დაგეგმვა, უპირველეს ყოვლისა, უნდა ითვალისწინებდეს ჯარების სათანადო დაკომპლექტებას. ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ის სამხედრო ნაწილები და ფორმირებები, რომლებიც უკვე მოქმედებენ 2500 კილომეტრის ფრონტზე ხერსონიდან კოველამდე“, – ნათქვამია სტატიაში.

ამდენად, ვალერი ზალუჟნისა და მიხაილ ზაბროდსკის პუბლიკაციაში საუბარია არა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის გეგმებზე, არამედ ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაციაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლის თებერვლიდან მარტამდე იყო ანექსირებული.

თავდაპირველად, რუსეთი არ ცნობდა რუსული ჯარების მონაწილეობას ანექსიაში და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ დაადასტურა. ყირიმის დროებითი ოკუპაცია, ისევე როგორც ფსევდორეფერენდუმი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის რუსეთთან „შეერთების“ შესახებ, არ არის აღიარებული უკრაინისა და ქვეყნების უმეტესობის მიერ, ასევე გაერო-ს გენერალური ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ეუთო-ს მიერ. „უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისა და სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ უკრაინის კანონის თანახმად, ნახევარკუნძულის ტერიტორია რუსეთის ოკუპაციის შედეგად ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა აპირებს დაიბრუნოს თავისი ყველა ტერიტორია, მათ შორის რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული. „ჩემი სიგნალი ყირიმში მცხოვრებ ხალხს: ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი ხალხია და საშინელი ტრაგედიაა, რომ ისინი რვა წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ ოკუპაციაში. იქ დავბრუნდებით. ზუსტად არ ვიცი, როდის. მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმები და დავბრუნდებით იქ, რადგან ეს არის ჩვენი მიწა და ჩვენი ხალხი“, – განაცხადა პრეზიდენტმა 2022 წლის 14 სექტემბერს გათავისუფლებულ ხარკოვის რეგიონში ვიზიტისას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსული ვებ-გვერდის  readovka.news-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინა 2023 წელს რუსეთის ტერიტორიაზე შეტევას გეგმავს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით