„უკანონობაა, გამოყო სამი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი და ცალკე გაიტანო კომიტეტის სხდომაზე“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 3 იანვარს, საინფორმაციო სააგენტო geotimes.com.ge-მ გაავრცელა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის კომენტარი, რომელიც შეეხება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილებას, მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვა „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატებით დაიწყოს.

„ჩვენზე ადრე განცხადებები სხვა პარტიების წარმომადგენლებმა შეიტანეს. განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, მე, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს შევიტანეთ. ძალიან უცნაურია და ამავდროულად არის უკანონობაც, გამოყო მაინც და მაინც 3 დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი და ცალკე გაიტანო კომიტეტის სხდომაზე და შემდგომ, პლენარულ სხდომაზე. ყველა ასეთი განცხადებები ერთად უნდა განეხილათ“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“.

როგორც თავად ირმა ინაშვილი აღნიშნავს, განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, მან, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში 2020 წლის 21 დეკემბერს შეიტანეს.

რეგლამენტის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, „პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას“.

კანონის ამ მოთხოვნის თანახმად, ირმა ინაშვილისა და მისი თანაპარტიელების მიერ 2020 წლის 21 დეკემბერს დაწერილ განცხადებაზე რეაგირება უნდა მომხდარიყო 8-დან 15 დღემდე ვადაში, რაც გაკეთდა კიდეც.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატმა სათანადო პროცედურები ჩაატარა და დაადგინა, რომ შემოსული განცხადებები შეესაბამება აღნიშნული პირების ნებას და თითოეულმა მათგანმა აღნიშნულთან დაკავშირებით თანხმობა დაადასტურა. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა სამივე დეპუტატისთვის (ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე) პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. ამის შემდეგ, კომიტეტმა მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს გადასცა, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავიდა  და აღნიშნულ პირებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ.

რაც შეეხება ირმა ინაშვილის განცხადებას, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ყველა განცხადება პარლამენტს აუცილებლად ერთად უნდა განეხილა, არც რეგლამენტი და არც კომიტეტის დებულება ასეთ პროცედურას სავალდებულო ნორმად არ ცნობს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დებულების მე-2 თავის „ღ“ პუნქტის მიხედვით, აღნიშნული კომიტეტი „შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და ვადამდე შეწყვეტის საკითხებს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს და პარლამენტის პლენარულ სხდომას“. საკითხის განხილვის რიგითობა და ფორმა, კომიტეტის დებულებით, განსაზღვრული არ არის.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, თუ რატომ მოხდა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დეპუტატთა განცხადების განხილვა „პატრიოტთა ალიანსით“ დაიწყო.

„რატომ „პატრიოტთა ალიანსი“? – იმიტომ, რომ მათი სია ცესკო-ში ჩახსნილი არ არის და რამდენიმე წევრს სურვილი აქვს, თუ ეს სამი ადამიანი პარლამენტიდან გავა, მათი ადგილი დაიკავონ ადგილმონაცვლეობიდან გამომდინარე. სხვა პარტიების მომართვების განხილვაც იქნება დადგენილ ვადებში. ვითვალისწინებთ მოლაპარაკებების პროცესს, ელჩების რეკომენდაციასაც და პოლიტიკურ პროცესს გარკვეულ ფორმატს ვაძლევთ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,  ირმა ინაშვილის განცხადება, რომ „უკანონობაა, გამოყო სამი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი და ცალკე გაიტანო კომიტეტის სხდომაზე“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით