

მოწოდებული ინფორმაცია
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთს უპირისპირდება არა უკრაინის შეიარაღებული ძალები, არამედ „ნატო-ს არმია“, „პოლონური ბატალიონები“, უცხოელი მებრძოლები…
რუსული პორტალი „ПолитНавигатор“-ი, „სამხედრო დაზვერვის ვეტერანზე“ დაყრდნობით, ირწმუნება, რომ „უცხოელების რაოდენობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მალე 50 პროცენტს გადააჭარბებს“.
„დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის არმია ახლა 30%-ით არის გაჯერებული უცხოელი დაქირავებულებით, მაგრამ მალე მათი წილი ორმოცდაათპროცენტიან ზღვარს გადააჭარბებს“, – წერს რუსული პორტალი.
თავის მხრივ, გამოცემა„argumenti.ru“ ამტკიცებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში პოლონელების ჩარევა უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
„საუბარია ათასაკციან სამხედრო დანაყოფებზე, რომლებიც დიდ დანაკარგს განიცდიან“, -აღნიშნავს „argumenti.ru“.
გადამოწმებული: 1tv.ge
რუსულ მედიაში გავრცელებული ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია მედია-პლატფორმა „სტოპფეიკმა“ შეისწავლა და დაადგინა, რომ დასახელებული ციფრები რეალობასთან ახლოსაც არ არის.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის მარტში, დაახლოებით 20 000 უცხოელმა 52 ქვეყნიდან გააკეთა განაცხადი, რომ სურდა უკრაინელებს რუსეთის წინააღმდეგ ომში დახმარებოდა.
უცხოურ ლეგიონში შედიან მებრძოლები ყველა კონტინენტიდან, ყველაზე დიდი რაოდენობით კი არიან წარმოდგენილნი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, კანადის, ნორვეგიის, ფინეთის და დანიის მოქალაქეები. აღნიშნული ქვეყნების მეომრები შეადგენენ უცხოელი მოხალისეების 70-80%-ს. კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, ლეგიონში გაწევრიანებაზე განაცხადი სამ ათასზე მეტმა ამერიკელმა შეიტანა. თუმცა, უცხოელების საბოლოო რაოდენობას, უკრაინის სამხედრო სარდლობა, უსაფრთხოების მიზნით, არ ასაჯაროვებს. ამასთან, დასახელებული ციფრები მხოლოდ განაცხადების რაოდენობას წარმოადგენს და უცნობია, ვინც ფრონტზე წასვლის სურვილი გამოთქვა, მათგან რეალურად რამდენი წავიდა საბრძოლველად.
„ხელმისაწვდომი ინფორმაციის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ვინც 2022 წლის თებერვალში გამოხატა უკრაინაში გამგზავრების ინტერესი, მხოლოდ მათმა მცირე ნაწილმა გადადგა შესაბამისი ნაბიჯი. მათი რიცხვი რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე მერყეობს. ეს ციფრი ფერმკრთალდება იმ ათიათასობით უკრაინელი მოხალისის ფონზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შეუერთდენენ“, – ნათქვამია პროექტ Counter Extremism- ანგარიშში.
გარდა ამისა, ამ პროექტის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ყველა უცხოელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც უკრაინის მხარეზე იბრძვის, ბელორუსების, ასევე, ამა თუ იმ ხარისხით, ქართველებისა და რუსების გარდა, „არ ომობს მსხვილი ეროვნული თუ მრავალეროვნული სამხედრო ფორმირებების შემადგენლობაში“. ისინი განაწილებულია სხვადასხვა უკრაინულ ქვედანაყოფში და ამიტომ, ჯერ კიდევ ვერ შეძლეს დამოუკიდებელ „ლეგიონად“ ან „ლეგიონებად“ ჩამოყალიბება.
2022 წლის აგვისტოში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიაში კონტრაქტით არაუმეტეს 100 უცხოელი სამხედრო მოსამსახურე ირიცხება. „რაც შეეხება ციფრებს, ის 100 კაცზე ნაკლებია“, – ამბობს პერსონალის მთავარი დირექტორატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ტალალაი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, დაახლოებით 700 000 უკრაინელი ჯარისკაცი იბრძვის ქვეყანაში შემოჭრილი აგრესორის – რუსეთის წინააღმდეგ, უცხოელი მოხალისეების რაოდენობა კი რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათას ადამიანამდეა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსული მედია-პორტალის, „ПолитНавигатор“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უცხოელების რაოდენობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მალე 50 პროცენტს გადააჭარბებს“, არის სიყალბე.