

„ტყეში მაყვალი, ასკილი და სოკო რომ დაკრიფო, დაგაჯარიმებენ და პასუხისგებაში მიგცემენ, ტყის კენკრა და ხილი რატომ მიგაქვს სახლშიო“
მოწოდებული ინფორმაცია
2021 წლის 13 მაისს, ტელეკომპანია „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, სხვა საკითხებთან ერთად, ტყითსარგებლობის ახალ წესზეც ისაუბრა.
მისი მტკიცებით, ახალი რეგულაციების მიხედვით, ტყეში მაყვლის, ასკილის და სოკოს დაკრეფისთვის, მოქალაქეს დააჯარიმებენ და პასუხისგებაში მისცემენ, ტყის კენკრა და ხილი რატომ მიგაქვს სახლშიო.
„იცით, რა კანონი მიიღეს ახლა? კენკრაზე რომ გახვიდე ტყეში, მაყვალი, ასკილი და სოკო დაკრიფო, ამისთვის ნებართვა უნდა აიღო. შეიძლება გზაზე, ბილიკზე დაგვხვდეს „ქოცების“ აქტივისტი მეტყევე (ეგენი სულ მაგათი აქტივისტები არიან!), დაგაჯარიმოს და თუ ჯარიმას არ გადაიხდი – სახლი დაგიყადაღოს და პასუხისგებაში მიგცეს იმისთვის, რომ ტყის კენკრა და ხილი წაიღე სახლში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ახალი „ტყითსარგებლობის წესის“ თანახმად, არამერქნული ტყის პროდუქტებით (ასკილი, მაყვალი, ჟოლო და სხვა) სარგებლობა მოსახლეობისთვის დაშვებულია და ახალი რეგულაცია პირადი მოხმარებისთვის არამერქნული რესურსის გამოყენებას არ კრძალავს.
აღსანიშნავია, რომ ტერმინი “პირადი მოხმარება” გულისხმობს ვაჭრობასაც, ანუ, მოქალაქეს ისევ შეეძლება კენკრის ტყეში დაკრეფა და მისი ბაზარში გაყიდვა.
ამდენად, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის ზემოთ მოყვანილი განცხადება („ტყეში მაყვალი, ასკილი და სოკო რომ დაკრიფო, დაგაჯარიმებენ და პასუხისგებაში მიგცემენ, ტყის კენკრა და ხილი რატომ მიგაქვს სახლშიო“) არის სიყალბე.