

მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 23 დეკემბერს, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „თურქეთის ხელისუფლებამ აღიარა აფსოურ-აფხაზური პლასტიკური ბარათები საკუთარი სახელმწიფო ბანკების მეშვეობით და გაუშვა ის მსოფლიო საანგარიშო ქსელში“, რაც, მისი თქმით, „არის მტრული და არამეგობრული ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოსგან“.
შალვა ნათელაშვილმა მოითხოვა, რომ ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის გამოიძახოს თურქეთის ელჩი, ასევე, აიკრძალოს თურქული ტვირთების გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე.
„თუ ანკარა და თურქეთი არ წაიღებენ უკან გადაწყვეტილებას, ისინი ვერ გამოიყენებენ საქართველოს ტერიტორიას საკუთარი ტვირთების გადასაზიდად, და რადგან ვერ გამოიყენებენ, თურქეთის ბიუჯეტი მიიღებს მილიარდიან ზარალს, რის შედეგადაც დაემხობა პანთურქისტი ნეო-სულთან ერდოღანის რეჟიმი“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა აფხაზური საგადასახადო ბარათების თურქულ ბანკებში მომსახურების შესახებ კომენტარი გააკეთა, რომლის თანახმად, რეალურად საქმე გვაქვს რუსულ საგადასახადო ბარათ „МИР“-თან და რუსეთის მცდელობასთან, რომ რუსული სისტემით დამზადებულ ბარათ „აპრას“ პოპულარიზაციით, მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ წარმოჩენა.
„სინამდვილეში, ბარათი „აპრა“ სხვა არაფერია, თუ არა რუსული საგადასახადო ბარათი „МИР“, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში სახელწოდება „აპრა“ აქვს მინიჭებული და აფხაზურ ბარათად არის წარმოჩენილი. რეალურად, სისტემა აფიქსირებს მხოლოდ რუსულ საგადასახადო ბარათ „МИР“-ს და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება, თუ სადაა დამზადებული „МИР“-ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი.
აღსანიშნავია, რომ ეს განმარტება საგარეო უწყების მხრიდან გაკეთდა მანამდე (22.12.2020), ვიდრე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი თავის ბრალდებებს გააჟღერებდა (23.12.2020).
აღნიშნულ საკითხზე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანმაც ისაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ „თურქეთის სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე“.
მისივე თქმით, პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ისტორია არის „ძალიან კარგი მაგალითი, როგორ შეუძლია მცდარ, დაუდასტურებელ ინფორმაციას აურზაურის გამოწვევა“.
„რაც შეეხება საბანკო ბარათებს და ფინანსურ სერვისებს, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგშია და მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში. მათ შესაძლებელია, ჰქონდეთ შეთანხმება სხვა, სოხუმში მდებარე ფინანსურ ორგანიზაციასთან, რომელსაც არ შეუძლია თურქეთში ოპერირება“, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა.
როგორც ფატმა ჯერენ იაზგანმა აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 23 დეკემბერს მასთან გამართული შეხვედრის დროს, „საუბარი იყო პრობლემაზე, რომელიც რეალურად არ არსებობს“.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადება, რომ „თურქეთის ხელისუფლებამ აღიარა აფსოურ-აფხაზური პლასტიკური ბარათები“, არის სიყალბე.