

„თუ გაერო-ს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩადის ვიზიტით, მაშინ რატომ ვერ ახერხებს მისი სტრუქტურული ერთეულის („მაგატე“) დელეგაცია ზაპოროჟიეს ატომური სადგურის მონახულებას?“
მოწოდებული ინფორმაცია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რადიო „Sputnik“-ზე (მაუყწებლობს ლიკვიდირებული „ეხო მოსკვის“ სიხშირეზე) გამოსვლისას, რუსების მიერ დაკავებული ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ვითარებას შეეხო.
„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს („მაგატე“ – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო) დელეგაციის ვიზიტს ელოდნენ არა მხოლოდ სადგურის თანამშრომლები, არამედ მთელ მსოფლიო“, – განაცხადა მარია ზახაროვამ რადიო „Sputnik“-ის ეთერში.
ეს განცხადება რუსმა დიპლომატმა მას შემდეგ გააკეთა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში ლვოვში ჩავიდა და თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, რეჯეფ ერდოღანსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„თუ გაერო-ს გენერალური მდივანი ვიზიტით ჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, მაშინ, გულწრფელად რომ ვთქვათ, არ მესმის, გაერო-ს დიდი ოჯახის ერთ-ერთი შტოს, „მაგატეს“ დელეგაცია რატომ ვერ ახერხებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მონახულებას?“ – გაოცება გამოხატა მარია ზახაროვამ.
გადამოწმებული: 1tv.ge
რუსეთის ოფიციალური პირების არაერთ განცხადებას, რომლის თანახმად, გაერო-ს სამდივნო ხელს უშლის „მაგატეს“ წარმომადგენლებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მონახულებაში, გაერო-ს პრესმდივანი სტეფან დიუჟარიკი ჯერ კიდევ 15 აგვისტოს, გუტიერეშის ლვოვში ჩასვლამდე 2 დღით ადრე გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, გაერო-ს სამდივნოს არ აქვს უფლება, დაბლოკოს ან გააუქმოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რაიმე ქმედება.
„ჯერ ერთი, „მაგატე“ არის სპეციალიზებული სააგენტო, რომელსაც აქვს სრული დამოუკიდებლობა თავისი კონკრეტული მანდატის განხორციელებისას. მეორეც, გაეროს სამდივნოს არ აქვს უფლება დაბლოკოს ან გააუქმოს მისი რაიმე ქმედება“. მესამე, – გაეროს სამდივნო, თავისი ლოჯისტიკური და უსაფრთხოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს „მაგატეს“ ნებისმიერი მისიის განხორციელებას კიევიდან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, თუ უკრაინა და რუსეთი ამ საკითხზე თანხმობას განაცხადებენ“, – აღნიშნა გაერო-ს პრესმდივანმა.
სტეფან დიუჟარიკის ამ განცხადებას მოჰყვა „მაგატეს“ ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თანხმობა, რუსული და უკრაინული მხარეების თანხმობის შემთხვევაში, თავად ჩაუდგეს სათავეში ასეთ მისიას.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მზადყოფნა გამოთქვა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტების უკრაინის ტერიტორიიდან ჩასვლაზე.
„არ არსებობს ობიექტური დაბრკოლებები, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არ მოხვდეს. გაერო-ს გენერალურ მდივანთან განვიხილეთ ეს პარამეტრები და ის, რომ ამ მისიას შეუძლია, ძალიან სწრაფად და უსაფრთხოდ მოხვდეს სადგურზე ლეგალური გზით, ჩვენი სახელმწიფოს თავისუფალი ტერიტორიის გავლით. და მხოლოდ და მხოლოდ ამგვარად. ვინც მოაწყო ბირთვული შანტაჟი, არ შეიძლება იყოს ასეთი მისიების „გადამყვანი“. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაუშვას ატომური ენერგიის საერთაშორისო სპეციალისტები სადგურზე და ასევე დაუყოვნებლივ და წინაპირობების გარეშე გაიყვანოს საკუთარი ჯარი სადგურის ტერიტორიიდან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ლვოვში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში.
ამის შემდეგ რუსულმა მხარემ უკვე ღიად დაიწყო „მაგატეს“ მისიისთვის დაბრკოლებების შექმნა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, იგორ ვიშნევეცკიმ „მაგატეს“ მისიის საკითხი, პრაქტიკულად, დაბლოკა.
მისი მტკიცებით,ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კიევის გავლით „მაგატეს“ ექსპერტების მისიის მიყვანა უსაფრთხო არ არის, რადგან ამისათვის საჭირო იქნება ფრონტის ხაზის გადაკვეთა.
„ეს არის უდიდესი რისკი, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არაერთგვაროვანი შეირაღებული ფორმირებებისგან შედგება“, -აღნიშნა მარია ზახაროვას კოლეგამ.
მისი თქმით, კიევის მხარეს იბრძვიან არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეები, არამედ ტერიტორიული თავდაცვის, აგრეთვე ნაციონალისტური ბატალიონების წარმომადგენლები, რომლებიც ოფიციალურ თავდაცვის უწყებას არ ემორჩილებიან.
„ანუ, ამ ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერი პროვოკაცია ჩაიდინონ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ დელეგაცია წინა ხაზზე გაივლის. მას, მაგალითად, გაუხსნიან ცეცხლს ან სხვა მსგავს ქმედებებს განახორციელებენ იმისათვის, რომ ეს რუსულ პროვოკაციად ჩაითვალოს. ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
ამდენად, მარია ზახაროვას მიერ გამოთქმული სინანულის მიუხედავად, რეალობა ის არის, რომ, ფაქტობრივად, სწორედ რუსეთი არ იძლევა თანხმობას „მაგატეს“ მისიის ვიზიტზე.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს არგუმენტებს უკრაინული ძალების ჰეტეროგენურობის შესახებ და იმის მტკიცება, თითქოს, ზოგიერთი მათგანი ოფიციალური უწყების კონტროლის ქვეშ არ არის, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
კერძოდ, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკე სამხედრო დანაყოფს წარმოადგენს. ამ ჯარების მეთაური პირდაპირ ექვემდებარება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს. 2014 წელს შექმნილი მოხალისეთა ფორმირებები კი ახლა უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების ან ეროვნული გვარდიის ნაწილია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადება („თუ გაერო-ს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩადის ვიზიტით, მაშინ რატომ ვერ ახერხებს მისი სტრუქტურული ერთეულის („მაგატე“) დელეგაცია ზაპოროჟიეს ატომური სადგურის მონახულებას?“) არის აბსურდი.