„თითის ანაბეჭდით ამომრჩევლის იდენტიფიცირების წინააღმდეგი ვარ, მშრომელ ადამიანებს შეიძლება გაუცვდეთ“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 25 მაისს, ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა („ალია“, „პრაიმტაიმი“, „კვირა“, „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და სხვა) გაავრცელეს „ევროპული სოციალისტების“ წევრის, დეპუტატ დავით ზილფიმიანის კომენტარი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

პარლამენტარის განცხადებით, ის ამომრჩევლის თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების წინააღმდეგია, რადგან „მშრომელ ადამიანებს შეიძლება თითის ანაბეჭდი გაუცვდეთ“.

„წინააღმდეგი ვარ თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების, ვინაიდან, მშრომელი ადამიანები ხშირად ისეთ ადგილებზე მუშაობენ, რომ მათ შეიძლება, გაუცვდეთ, ან წაუკითხვადი გაუხდეთ… მაგალითად, გლეხს, ან ვინც მარტენის ღუმელთან მუშაობს. ამიტომ, მე პირადად მომხრე ვარ სახის იდენტიფიცირების“, – აცხადებს დავით ზილფიმიანი.

გადამოწმებული: 1tv.ge

თითის ანაბეჭდით ადამიანების იდენტიფიკაცია (დაქტილოსკოპია) ბიომეტრული ტექნოლოგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მას შემდეგ რაც ანატომებმა თითის ანაბეჭდის უნიკალურობა დაამტკიცეს, ადამიანები მას სხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ:  დაწესებულებაში შესვლისათვის, საპასპორტო კონტროლისთვის, ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისთვის და ა.შ.

თითის წვერების ნახაზი ჯერ კიდევ ადამიანის ემბრიონის განვითარების მე-10 და მე-16 კვირის შუალედში უნიკალური და განუმეორებელი ფორმით ყალიბდება. ის განსაკუთრებული და გამორჩეულია თითოეული ინდივიდისთვის. ეს ხაზები უცვლელია მთელი ცხოვრების განმავლობაში და  გაქრობას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, ადამიანის სხეულის ლპობასთან ერთად იწყებს…

მართალია, თითის ბალიშების ანაბეჭდი დროთა განმავლობაში შეიძლება ოდნავ შეიცვალოს ( მაგალითად, ამის მიზეზი შეიძლება იყოს დამწვრობა ან სხვა სახის ტრავმა), ცნობილია შემთხვევები, როდესაც უხეშ მასალებთან მომუშავე კალატოზებს ან ქაღალდთან მუდმივი კონტაქტის მქონე მდივნებს თითის ანაბეჭდის სიმკვეთრე ეცვლებათ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი საერთო ნაკეცები და ძირითადი თავისებურებები ნარჩუნდება. მათგან სრულად გათავისუფლება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ქიმიური დამწვრობის შემდეგაც კი თითის ანაბეჭდი რამდენიმე კვირაში აღდგება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტარ დავით ზილფიმინის განცხადება, რომ ამომრჩეველთა გარკვეულ კატეგორიას შეიძლება თითის ანაბეჭდი გაუქრეს, არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით