„ტენდერამდე „ანაგის“ ფორმა N4 მიენიჭა, რაც ნიშნავდა, რომ ტენდერში მონაწილეობას სხვა კომპანია ვერ მიიღებდა და გამარჯვებას მხოლოდ ის შეძლებდა“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 15 მარტს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი და ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც ციხეების რეაბილიტაციის მიზნით გამართულ ტენდერში სამშენებლო კომპანია „ანაგი ჯგუფის“ მონაწილეობას შეეხებოდა.

„ტენდერის გამოცხადებამდე, გრიგოლ ლილუაშვილის უწყებამ მომავალ გამარჯვებულს („ანაგი ჯგუფს“) სპეციალური სტატუსი – ფორმა N4 მიანიჭა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ტენდერში მონაწილეობას ვერცერთი სხვა კომპანია ვერ მიიღებდა, უპირატესობა სწორედ „ანაგს“ დარჩებოდა და გამარჯვებასაც მხოლოდ ის შეძლებდა“, – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადამოწმებული: 1tv.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საფუძველს მოკლებულია ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიკერძოებულად ჩაატარა ტენდერი და ლაითურის პენიტენციური დაწესებულების რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული 37-მილიონლარიანი ტენდერი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანია „ანაგს“ მოაგებინა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, ვისაც საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება აქვს და ამ უფლებას კომპანიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანიჭებს.

„მათ შორის არის კომპანია „ანაგი“, რომელიც ამ უფლებით უკვე დაახლოებით ათი წელია სარგებლობს. თუმცა, ის არ არის ქართულ ბაზარზე ერთადერთი, ვისაც ასეთი დაშვება გააჩნია. ამიტომ, სიუჟეტში გამოთქმული ბრალდება, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპანია „ანაგს“ მიანიჭა ფორმა N4, რაც ნიშნავს იმას, რომ ტენდერი გასაიდუმლოებულია და ტენდერში სხვა კომპანია მონაწილეობას ვერ მიიღებდა“, – სრული სიცრუეა, ვინაიდან, „ანაგის“ გარდა, მსგავსი უფლებით სხვა კომპანიებიც სარგებლობდნენ“, – აცხადებს სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია („ტენდერის გამოცხადებამდე, გრიგოლ ლილუაშვილის უწყებამ მომავალ გამარჯვებულს სპეციალური სტატუსი – ფორმა N4 მიანიჭა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ტენდერში მონაწილეობას ვერცერთი სხვა კომპანია ვერ მიიღებდა, უპირატესობა სწორედ „ანაგს“ დარჩებოდა და გამარჯვებასაც მხოლოდ ის შეძლებდა“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით