

ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მსვლელობად წარმოაჩინა
მოწოდებული ინფორმაცია
2021 წლის 15 ნოემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ 11-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის.
„ოპოზიცია პიკეტისთვის ემზადება. მსვლელობა ავლაბრის მეტროდან ორ საათზე დაიწყება. გადაიკეტება ორივე სანაპირო. თბილისი დაახლოებით სამი საათი იქნება პარალიზებული“, – აცხადებს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, რომლის ტექსტსაც გასდევს ხალხმრავალი მსვლელობის უწყვეტი კადრები.
გადამოწმებული: 1tv.ge
კადრები, რომელიც ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ ოპოზიციის 15 ნოემბრის საპროტესტო აქციისთვის მზადების კონტექსტში გაუშვა, სინამდვილეში წარმოადგენს ორი დღით ადრე რუსთაველის გამზირზე გამართულ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების მსვლელობას (აქცია რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა და სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან დასრულდა). კადრებში კარგად ჩანს პლაკატები, რომლითაც მსვლელობის მონაწილეები გადაადგილდებიან: „არა კოვიდპასპორტს“, „არა კოვიდტერორს“, „არა კოვიდფაშიზმს“…
აღსანიშნავია, რომ ეს კადრები ჯერ კიდევ 14 ნომბერს საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად ტომარაძემ.
მოგვიანებით, მან პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ „სახალხო აქცია–მსვლელობა (კოვიდტერორის წინააღმდეგ) წარმოჩენილი იქნა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია“.
ზვიად ტომარაძემ საჯაროდ მიმართა „ტვ პირველის“ ხელმძღვანელებს და ჟურნალისტებს და, „უმსგავსო საქციელისთვის“, მათგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ტვ პირველის“ მიერ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქციის წარმოჩენა „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო მსვლელობად წარმოადგენს სიყალბეს.