„თბილისში კუბო არ იშოვება და კორონით გარდაცვლილებს ცისფერ პარკებში პირდაპირ საავადმყოფოდან ასაფლავებენ...“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 11 დეკემბერს, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა, არნო ხიდირბეგაშვილმა სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა პუბლიკაცია სათაურით, „თბილისში კუბო არ იშოვება“.

არნო ხიდირბეგაშვილი თავის პუბლიკაციას, რომელშიც ის ქვეყანაში დღეს არსებულ პოლიტიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობას მიმოიხლავს, ასე ამთავრებს: „თბილისში კუბო არ იშოვება და კორონით გარდაცვლილებს ცისფერ პარკებში პირდაპირ საავადმყოფოდან ასაფლავებენ…“.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკი“ დაუკავშირდა თბილისში არსებულ სარიტუალო/დამრძალავი  მომსახურების რამდენიმე დაწესებულებას, სადაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დედაქალაში არ არის იმდენად დიდი, რომ საქმიანობაში არსებითი სიძნელეები შეუქმნას. აღნიშნული დაწესებულებების წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და თბილისში კუბოების დეფიციტი არ არსებობს.

ამასთან, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების გვამიდან ვირუსის გადადების რისკების შესამცირებლად, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავეს COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები, რომლის თანახმად:

  • კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;
  • ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;
  • სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.
  • საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ  „თბილისში კუბო არ იშოვება და კორონით გარდაცვლილებს ცისფერ პარკებში პირდაპირ საავადმყოფოდან ასაფლავებენ…“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით