„თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული 2,5-საათიანი კონცერტი მოქალაქეებმა მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით ნახეს“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 5 იანვარს, ტელეკომპანია  „პირველი TV“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თემა სხვადასხვა ტელევიზიაში საახალწლო კონცერტის ტრანსლირება იყო.

„საახალწლო კონცერტი, რომელიც მხოლოდ ერთი ტელევიზიით გადაიცემოდა და რომელშიც თბილისის მერმა ასიათასობით ლარი ბიუჯეტიდან დახარჯა“, – ასე იწყება ეს სიუჟეტი, რომელშიც მალევე კონკრეტდება, რომ ის „ერთადერთი ტელევიზია“, რომლითაც თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული საახალწლო კონცერტი გადაიცემოდა, „საზოგადოებრივი მაუწყებელია“.

„თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული 2,5-საათიანი კონცერტი მოქალაქეებმა მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით ნახეს, მაშინ როდესაც ყველა ტელეკომპანიას საახალწლო გადაცემა მხოლოდ საკუთარი სახსრებით ჰქონდა მომზადებული“, – აცხადებს სიუჟეტის ავტორი.

აღნიშნულ სიუჟეტში ჩართულია რამდენიმე კომენტარიც.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ბესიკ დონაძე ამტკიცებს, ადგილი ჰქონდა შერჩევითობას, როგორც კონცერტის მონაწილეების შერჩევის კუთხით, ისე იმ თვალსაზრისით, თუ რომელ სატელევიზიო არხზე უნდა გასულიყო მერიის მიერ დაფინანსებული საახალწლო კონცერტი.

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ შეავსო თავისი საეთერო ბადე და მას ეს ბადე თბილისის მერიამ შეუვსო… არადა, შესაძლებელი იყო, საახალწლო გადაცემა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ თავისი რესურსებით გაეკეთებინა, ისე, როგორც ეს სხვა ტელევიზიებმა შეძლეს“, – ამბობს ბესიკ დონაძე.

ქეთი ენუქიძე, რომელსაც   „პირველი TV“ თავის ტელემაყურებელს „კოროფციის მკვლევარის“ სტატუსით წარუდგენს, საახალწლო კონცერტს „ფეიკ-კონცერტად“ აფასებს და დასძენს: „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კონცერტი – ღმერთო ჩემო, ეს რაღაც „გოლუბოი ოგონიოკი“ იყო“.

გადამოწმებული: 1tv.ge

ტელეკომპანია  „პირველი TV“-ის ზემოთ მოყვანილ სიუჟეტში, მისი ავტორისა და რესპონდენტების მიერ მოყვანილი ფაქტები მთლიანად დამახინჯებულია და უკუღმაა წარმოჩენილი, რადგან თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული საახალწლო კონცერტი „საქართველოს პირველ არხს“ საერთოდ არ გადაუცია და სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით, სწორედ საკუთარი კონტენტით მომზადებული გადაცემა გაუშვა საახალწლო ეთერში.

შესაბამისად, ტელეკომპანია  „პირველი TV“-ის ამ სიუჟეტის ყველა დეტალი არის სიცრუით გაზავებული აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით