„თბილისის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე, სადაც ბერბოკის თვითმფრინავი უნდა დაშვებულიყო, სხვა თვითმფრინავი იდგა“
მოწოდებული ინფორმაცია
გერმანული გამოცემა Spiegel („შპიგელი“) წერს, რომ სამთავრობო თვითმფრინავი, რომლითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი თბილისში ჩამოფრინდა, აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობით დაჯდა.
მომხდარის მიზეზად გერმანული გამოცემის მიერ დასახელდა ის, რომ ასაფრენ ბილიკზე სხვა თვითმფრინავი იდგა, რის გამოც სამთავრობო თვითმფრინავის მიღება ვერ ხერხდებოდა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, პილოტს სწრაფად მოუწია მანევრირება, რადგან ბილიკი დაბლოკილი იყო.
„შპიგელის“ ცნობით, მეორე მცდელობისას, დაშვება ინციდენტის გარეშე დასრულდა. გამოცემას ასევე მოჰყავს პილოტის სიტყვები, რომ თბილისის აეროპორტი, რომელიც გადატვირთული არ არის ხოლმე, რატომღაც, იმ დღეს აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში.
„საქართველოს დედაქალაქ თბილისთან მიახლოვებისას, ფედერალული რესპუბლიკის სამთავრობო თვითმფრინავს მოულოდნელად მოუწია წრის დარტყმა, რადგან სხვა თვითმფრინავი ბლოკავდა ასაფრენ ზოლს. მეორე მცდელობისას, დაშვება შემდგომი ინციდენტების გარეშე დასრულდა. ბორტზე საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი (მწვანეთა პარტია) იმყოფებოდა. თავდაპირველად გაურკვეველი იყო, არსებობდა თუ არა რაიმე საფრთხე მანევრის შესრულების დროს. მეორე წრის დარტყმა ხშირად განიხილება სტანდარტული სიფრთხილის ზომად.
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიედან გამომგზავრებული Airbus A340-300 თბილისში ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათზე (გერმანიის დროით 20:00) უნდა დაშვებულიყო, ბერბოკთან და მის დელეგაციასთან ერთად. მას შემდეგ, რაც იგრძნობოდა, თითქოს, შასის ნაწილები უკვე შეეხო ასაფრენ ბილიკს, საფრენი ეკიპაჟის კაპიტანმა სიჩქარეს მოუმატა და ჰაერში აფრინდა.
როგორც პილოტმა გამოაცხადა, საერთოდ, აქ, თბილისში ისეთი არაფერი ხდება ხოლმე, მაგრამ ამ ღამით, კოლეგამ, რომელიც ჩვენს წინ სვამდა თვითმფრინავს, დაშვება სწრაფად ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ მოგვიხდა დაშვების გაუქმება.
ამ მიზეზით, მან (პილოტმა) ცოტა მოთმინება მოითხოვა მგზავრებისგან და განაცხადა, რომ მეორედ ცდიდა დაშვებას.
დაახლოებით 23:20 საათზე Airbus დაეშვა უპრობლემოდ. შეფერხების მიუხედავად, მინისტრ ბერბოკს აეროპორტში ქართული მხარე საპატიო ყარაულით დახვდა“, – აღნიშნულია სტატიაში.
გადამოწმებული: 1tv.ge
„შპიგელის“ მიერ გავრცელებულ ზემოთ აღნიშნულ სტატიას „საქაერონავიგაცია“ გამოეხმაურა, რომელმაც კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თითქოს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა.
უწყების ცნობით, დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი და პირველადი ინფორმაციით, მეორე წრეზე წასვლა მთლიანად პილოტის გადაწყვეტილება იყო.
„გუშინ თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა.
„საქაერონავიგაცია“ კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით, მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული, ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება“, – აღნიშნულია „საქაერონავიგაციის“ განცხადებაში.
შესაბამისად, გერმანული გამოცემა „შპიგელის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „თბილისის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე, სადაც ბერბოკის თვითმფრინავი უნდა დაშვებულიყო, სხვა თვითმფრინავი იდგა“, არის სიყალბე.